ეკონომიკა

ხელოვნურად შექმნილი ბუნებრივი მონოპოლია

12 ოქტომბერი, 2010 • 3194
ხელოვნურად შექმნილი ბუნებრივი მონოპოლია

ეკონომიკურ თეორიაში ცნობილია, რომ, ზოგადად, მონოპოლისტებს, ძირითადი რესურსების ფლობისა და სამთავრობო ლობის გარეშე, მონოპოლური მდგომარეობის შენარჩუნება უჭირთ. კომპანია სითი პარკს კი ორივე პირობა ჭარბად აქვს. პირველი, კომპანია ბაზარზე ფლობს ძირითად რესურსს – ავტომობილების პარკირებისათვის საჭირო ტერიტორიას და მეორე, მას სრული მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოსაგან, რაც ბოლო გადაწყვეტილების მიღებისასაც გამოჩნდა. ”მოსახლეობას მარტივ და უფრო მოქნილ სისტემას ვთავაზობთ.

პირველი  ოქტომბრიდან პარკირებისთვის ამოქმედდება 25-ლარიანი ბარათები, რომელსაც მძღოლი საქარე მინაზე დაამაგრებს და ერთი წლის განმავლობაში ყველა ლეგალურ ადგილზე, რა დროითაც სურს, მანქანის გაჩერებას შეძლებს” – ეს განცხადება 2009 წელს გაკეთდა და მისი ავტორი ქალაქ თბილისის მერი ბატონი გიგი უგულავაა. მისივე თქმით, თუ აღნიშნულ პირობებზე პარკირების განმახორციელებელი კომპანია სითი პარკი თანახმა არ იქნება, მერია პარკირების ადმინისტრირების უფლებას უკან დაიბრუნებს.

 უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წლის სექტემბერში კომპანია სითი პარკმა თბილისის მცხოვრებთ პარკირების საფასურის საკმაოდ გაზრდილი ტარიფი შესთავაზა და სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა თბილისის მერის ზემოაღნიშნული განცხადება. თუმცა, სითი პარკის შესახებ აღნიშნული განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის შემდგომ, ქალაქის ხელისუფლებამ საკუთარი ნათქვამი წარმატებით გადათქვა და კომპანია სითი პარკს სიამოვნებით დართო ნება, ქალაქში პარკირების საფასური გაეორმაგებინა.

სითი-პარკის პიარ მენეჯერმა, ლევან ტაბიძემ ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნა, რომ პარკირების საფასურის გაზრდა/გაორმაგება პარკირების ადგილების ზრდამ გამოიწვია, კერძოდ, ქალაქში პარკირების ადგილი 4 000-დან 44 000-მდე გაიზარდა. თუმცა ჟურნალისტის მოთხოვნაზე ბატონმა ტაბიძემ კონკრეტული ფინანსური გათვლები ვერ წარმოადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ კომპანია სითი პარკს არანაირი ფინანსური გათვლები არ გააჩნია, ხოლო მის მიერ პარკირების საფასურის გაზრდა და ამ გადაწყვეტილებაზე ქალაქ თბილისის ხელისუფლების უპრობლემო თანხმობა კონკრეტული შეთანხმების ნაწილია, რომელიც, მაღალი ალბათობით, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შედგა. ბუნებრივია, 2010 წლის მაისამდე, ანუ იმ დრომდე, ვიდრე ქალაქ თბილისის მერს, ბატონ უგულავას არჩევნები ჰქონდა წინ, ქალაქის ხელისუფლება მსგავს “არაპოპულარულ” გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

ზემოთ მოყვანილი მაგალითები აღნიშნული საკითხის მსუბუქი პოლიტიკური კონტექსტია, სინამდვილეში კი, წმინდა ეკონომიკური პოლიტიკის მხრივ, მდგომარეობა კიდევ უფრო ტრაგიკულია. მაგალითად, არ არსებობს პასუხი მთავარ კითხვაზე: საერთოდ, რატომ იხდიან მძღოლები პარკირების საფასურს? ვინაიდან, ეკონომიკასა და ბიზნესში თანხის გადახდის მიზანია მომსახურების ან სარგებლის მიღება, ხოლო კომპანია სითი პარკისათვის, თანხის გადახდის შემთხვევაში, თბილისელი მძღოლები ორივე კომპონენტის მიღების გარეშე რჩებიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დასახელებული შემთხვევა მოქალაქეებისაგან თანხების კანონიერი გამოძალვის საშუალებას მიეკუთვნება, ვინაიდან ქვეყნის მოქალაქე მისსავე საკუთრებაზე (ავტოსადგომები, ვიდრე ისინი არ გადავლენ რომელიმე კომპანიის კერძო საკუთრებაში, არის სახელმწიფო ანუ საერთო საკუთრება, მიუხედავად გასხვისების ფორმებისა) საკუთარი ავტომობილით დგომისათვის, “მესამე” პირს სრულიად დაუმსახურებლად გარკვეულ სავალდებულო თანხას უხდის.

ეკონომიკური კონტექსტის თანახმად, ქალაქ თბილისის მერიამ ქალაქში ბუნებრივი მონოპოლია ხელოვნურად შექმნა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბუნებრივი მონოპოლია არის სიტუაცია, როდესაც ბაზარზე ერთ ფირმას შეუძლია აწარმოოს და მიაწოდოს საქონელი და მომსახურება უფრო ნაკლები დანახარჯებით, ვიდრე სხვა, ორ ან მეტ ფირმას. მაგალითად, თბილისში ბუნებრივი მონოპოლიაა თბილისის წყალი, თელასი, ვინაიდან მათ აქვთ ერთგვარი ექსკლუზივი მათი პროდუქციის მოწოდებაში და ამ სფეროში კონკურენტის გამოჩენა ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ეს ის სფეროებია, რომლებიც, მართლაც როგორც გამონაკლისები, ყველა ქვეყანაში დიდი ხანია მსგავსი ფორმით ჩამოყალიბდა, მაგრამ ავტოპარკინგი, ქართულ შემთხვევაში, არის ხელოვნურად შექმნილი ბუნებრივი მონოპოლია, ანუ ხელოვნურად შეიქმნა კომპანია, რომელიც აღნიშნული სფეროს “მფლობელია” და სხვა ნებისმიერ კომპანიას მხოლოდ მისი “გავლით” მოუწევს საქმიანობის განხორციელება. შეიძლება ითქვას, რომ სხვა ნებისმიერი კომპანია, რომელსაც, ასევე, შეიძლება გაუჩნდეს თბილისში ავტოპარკინგის ბიზნესის იდეა, სითი პარკთან უკვე წაგებულ მდგომარეობაშია.  იმდენად, რამდენადაც ბუნებრივი მონოპოლია მსოფლიო პრაქტიკაში თავისუფალი ბაზრის შემზღუდველად გვევლინება, მოითხოვს ერთგვარ რეგულირებას, რათა, როგორც მინიმუმ, მომხმარებელი მოტყუებულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. თუმცა რეალობაა, რომ იმ დროს, როცა ფირმა ბუნებრივი მონოპოლიაა და, უფრო მეტიც, აღნიშნული მდგომარება ხელოვნურად აქვს შექმნილი, ბაზარზე ახალი ფირმების გამოჩენის შედეგად, მას ნაკლებად ემუქრება მონოპოლური ძალაუფლების შემცირება.

ეკონომიკურ თეორიაში ცნობილია, რომ, ზოგადად, მონოპოლისტებს უჭირთ მონოპოლური მდგომარეობის შენარჩუნება ძირითადი რესურსების ფლობისა და სამთავრობო ლობის გარეშე. კომპანია სითი პარკს კი ორივე პირობა ჭარბად აქვს. პირველი, კომპანია ბაზარზე ფლობს ძირითად რესურსს – ავტომობილების პარკირებისათვის საჭირო ტერიტორიას და მეორე, მას სრული მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოსაგან, რაც ბოლო გადაწყვეტილების მიღებისასაც გამოჩნდა. სითი პარკისა და მერიის მოქმედებით, განსაკუთრებულად დაზარალებულია ქალაქის ცენტრალურ უბნებში მცხოვრები მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც საკუთარი ეზო ან ავტოფარეხი არ გააჩნია. მათ საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ნახევარი მეტრის მოშორებით მანქანის გაჩერებისთვის საფასურის გადახდა უწევთ, ეს იმ დროს, როცა სრულიად შესაძლებელი იყო, საცხოვრებელი სახლების გარშემო პარკირების უფლების განკარგვა ამხანაგობებისათვის მიენიჭებინათ და, ამ შემთხვევაში, ბაზარზე ახალი მონოპოლისტის გაჩენაც თავიდან იქნებოდა აცილებული. ამასთან, პარკირების წესები, რომლებსაც ქალაქის მერიასთან შეთანხმებით, კომპანია სითი პარკი გვთავაზობს, საკმაოდ უსამართლოა. მაგალითად, თანაბარი ტარიფით იბეგრება ის მძღოლიც, რომელიც ავტომანქანას ავტოსადგომზე დღის განმავლობაში 2 საათით აჩერებს და ის მძღოლიც, რომელიც ავტოსადგომით 7-8 საათი სარგებლობს. მაგალითად, ტაქსის მძღოლი და ოფისში მომუშავე პიროვნება, რომელსაც ავტომობილი მთელი დღით ჰყავს ავტოსადგომზე გაჩერებული, საოცრად არათანაბარ ვითარებაში არიან. თბილისის მერიის გადაწყვეტილება, კომპანია სითი პარკისათვის პარკირების უფლების გადაცემასთან დაკავშირებით, თავისუფალი ბაზრიდან უკან გადადგმული ნაბიჯია. კერძოდ, იმ დროს, როცა ავტომობილების პარკირების ბაზარი საქართველოში ასათვისებელი იყო, არსებობდა შანსი, აღნიშნულ სფეროში საქმიანობა რამდენიმე კომპანიას ერთდროულად წამოეწყო. ასეთ შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებლები ერთმანეთთან იქნებოდნენ კონკურენციაში, ხოლო ახლა, როცა შესაბამისი მომსახურების მწარმოებელი მხოლოდ ერთი ფირმაა, კონკურენცია მომხმარებლებს შორისაა. ეს კი სოციალისტური წყობის დამახასიათებელი ნიშანი უფროა, ვიდრე – თავისუფალი ბაზრის.

მომხმარებლებისათვის საუკეთესო პირობების შექმნა მხოლოდ ისეთი ეკონომიკური სისტემის პრიობებშია შესაძლებელი, სადაც კონკურენციას ადგილი აქვს მიმწოდებლებს შორის და სადაც არ არის სხვადასხვა ჯგუფებს შორის ინტენსიური ბრძოლა ინტერესთა სფეროების გადანაწილებისათვის. ცხადია, მიმწოდებლებს არ უყვართ კონკურენცია, ვინაიდან ამ დროს მათ ბედს მომხმარებელი წყვეტს. მხოლოდ სახელმწიფოს აქტიური ჩარევით არის შესაძლებელი ბაზარი, რომელსაც კონკურენციის პოტენციალი აქვს, მონოპოლიურ ბაზრად იქცეს.

თბილისის მერიამ კი სწორედ მსგავსი, თავისუფალი ბაზრის შემზღუდველი გადაწყვეტილება მიიღო და, შესაბამისად, ქვეყანაში საკმაოდ საშიში პრეცედენტი შექმნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი