ეკონომიკა

ახალი სალარო აპარატები ბაზარზე

27 ოქტომბერი, 2015 •
ახალი სალარო აპარატები ბაზარზე

საკონტროლო სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანილ იქნა „სამ მოდულის“ აქტივაციისათვის საჭირო მონაცემების მქონე “DATECS DP-25”მოდელის საკონტროლო სალარო აპარატი, რომლის რეალიზაციასა და მომსახურებას უზრუნველყოფს შპს „კასა ჯი“ – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

 

ე.წ. „სამ მოდული” (SAM MODUL) შემუშავებული იქნა შემოსავლების სამსახურში და მიზნად ისახავს საკონტროლო სალარო აპარატებისათვის ერთიანი სტანდარტისა და უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას. ამდენად, ნებისმიერი კომპანია, რომელიც წარადგენს ამ სტანდარტის შესაბამის სალარო აპარატებს, შეუძლიათ შემოვიდნენ ამ ბაზარზე.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით სალარო აპარატების შემოტანას კიდევ ორი კომპანია გეგმავს. რაც შეეხება ფასებს, ფაქტობრივად განსხვავება არ არის, თუმცა შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ფასებს, რამდენიმე ოპერატორის არსებობის პირობებში, ბაზარი დაარეგულირებს. 

 

„კასა ჯი“ საკონტროლო სალარო აპარატების რეალიზაციას უკვე ახორციელებს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში [ოფისი ფიროსმანის ქუჩაზე]. 

  

„კასა ჯის“ ვებგვერდის ინფორმაციის თანახმად, „DATECS DP-25 წარმოადგენს პროგრამირებად საკონტროლო სალარო აპარატს. მისი პარამეტრები ითვალისწინებს მომხმარებლის მომსახურების მოთხოვნებს და მაღაზიების, სუპერმარკეტების, აფთიაქების, რესტორნებისა და ნებისმიერი საცალო ოპერაციის ობიექტების ანგარიშწარმოებას. აპარატი უზრუნველყოფს სრულ აღრიცხვას.

სსა „DATECS DP-25“ მუშაობს SAM მოდულის აქტივაციით, რომელიც არის ISO/IEC 7810-ის სტანდარტის შესაბამისად შექმნილი. ის აღნიშნული სტანდარტის მიხედვით მუშაობს გარე მოწყობილობასთან და გამოიყენება დაცულობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

ტექნიკური მომსახურების ღირებულება: 6 თვე – 30 ლარი; 12 თვე – 60 ლარი;

აპარატის ღირებულება: 6 თვის მომსახურებით: 420ლ; 12 თვის მომსახურებით 450ლ“.


„ჯორჯიან სერვის ნეტვორკი“ ბულგარული კომპანია „დეიზი ტექნოლოჯის“  მიერ წარმოებულ სალარო აპარატების რეალიზაციასა და მომსახურებას ახორციელებს. ამ კომპანიაშიც აპარატის ღირებულება ერთი წლის მომსახურებით 450 ლარია.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „კასა ჯი“ ერთი წლის წინ, 2014 წლის ოქტომბერშია დარეგისტრირებული. კომპანიის მფლობელები კი თამაზ ტაბატაძე და დავით შენგელია არიან.

 

თამაზ ტაბატაძე რეესტრის მიხედვით 50% წილს ფლობს ასევე კომპანია „სერვის ლაინი“-ში, ხოლო 20%-ს – შპს „RS Line“-ში.

 

რაც შეეხება დავით შენგელიას, ის მეწილეა შემდეგ კომპანიებში: შპს „აბა და კომპანია“ [წილის 3%], „ვ. ს. კომპანია” [30%] და „ბორანი“ [100%].

 

„ჯორჯიან სერვის ნეტვორკის“ 100% წილის მფლობელი კი ბულგარელი ევგენი სტაიკოვ მანახოვია. 

 

მოქმედი კანონმდებლობით, საკონტროლო სალარო აპარატი შემოსავლების აღრიცხვისა და საგადასახადო კონტროლის ეფექტურად განხორციელების მიზნით გამოიყენება და სავალდებულოა ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, გარდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული  გამონაკლისებისა. 


სალარო აპარატი DATECS DP-25



მასალების გადაბეჭდვის წესი