ეკონომიკა

რუსეთი საქართველოში ღვინის რუსული სერტიფიკატის გამცემი ლაბორატორიის გახსნას განიხილავს

23 მარტი, 2023 • 12623
რუსეთი საქართველოში ღვინის რუსული სერტიფიკატის გამცემი ლაბორატორიის გახსნას განიხილავს

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის ინფორმაციით, რუსეთი და საქართველო განიხილავენ საქართველოში რუსული სტანდარტების შესაბამისად ღვინის სერტიფიცირების ლაბორატორიის შექმნას.

რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ამის შესახებ ვოლვაჩმა ეკონომიკურ ფორუმზე „რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“ გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება რუსეთში ქართული ღვინის მეორადი სერტიფიცირების გაუქმების საშუალება. სხვა სიტყვებით, მსგავსი ლაბორატორია ქართული ღვინის სერტიფიცირებას რუსული ბაზრისთვის ადგილზევე მოახდენს და აღარ იქნება საჭირო უშუალოდ რუსეთში სერტიფიკატის მიღება.

„უკვე მუშავდება ბიზნესსაბჭოს მომავალი წლის სამოქმედო გეგმა. უპირველეს ყოვლისა, იქმნება ექსპერტთა ჯგუფი ქართული ღვინის ქარხნების სერტიფიცირებისთვის და საქართველოში რუსული სტანდარტების მიხედვით ღვინის სერტიფიცირების სპეციალიზებული ლაბორატორიის შესაქმნელად, რაც პერსონალის ტრენინგის და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქართული ღვინოების მეორადი სერტიფიცირების გაუქმების საშუალებას მოგვცემს“, — განაცხადა ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მეორე ინიციატივა, ვოლვაჩის თქმით, არის საქართველოდან რუსეთში კონიაკის შეტანაზე შეზღუდვის მოხსნა.

„ამოცანა ადვილი არ არის, მას აქვს ბევრი სხვადასხვა ასპექტი. მაგრამ ის, რომ ბიზნესსაბჭო იმუშავებს, ქართული და რუსული მხარის ექსპერტები გაუმკლავდებიან ამ საკითხს, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად ზრდის შანსებს“, — თქვა მან.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ სპეციალიზებული ლაბორატორიის შექმნის გეგმასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით კი, ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არავის ჰქონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი