ეკონომიკა

უმუშევრობა არჩევნების სამსახურში

2 ივნისი, 2010 • • 2466
უმუშევრობა არჩევნების სამსახურში

უმუშევრობის დონე ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, იზრდება, პოლიტიკოსების წინასაარჩევნო სლოგანებში კი პრობლემის აღმოფხვრა წლების მანძილზე უცვლელ დაპირებად რჩება.

უმუშევრობის დონეს საქართველოში ზრდის ტენდენცია აქვს ბოლო სამი წლის მანძილზე. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს 16,9%–ით განისაზღვრა უმუშევრობის დონე, თუმცა დასაქმებული მოსახლეობის მხოლოდ 36%–ია დაქირავებული. რაც ნიშნავს, რომ დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა სოფლის მეურნეობას ეწევა მისსავე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.

ამ პირობებში კი დასაქმება  საარჩევნო პროგრამების ძირითად კომპონენტად რჩება.

 „ეს მხოლოდ ფუნდამენტია, გასაკეთებელი ახლა უფრო მეტია“,–ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ წარმოთქვა. სლოგანით – „საქართველო სიღარიბის გარეშე“– მიხეილ სააკაშვილი  მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი.

წინასაარჩევნო დაპირებებში, რომელიც  სააკაშვილის საპრეზიდენტო პროგრამაში დომინირებდა, ნომერი პირველი  დასაქმება და ინვესტიციები იყო.

2007 წელს უმუშევრობა მართლაც იყო ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ქვეყანაში. ამ წელს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 13,3% იყო. 2008 წლის  იანვარში ამოქმედდა მიხეილ სააკაშვილის სიღარიბის დაძლევის 50– დღიანი სამოქმედო გეგმა.

ვლადიმერ გურგენიძე, მაშინდელი საქართელოს პრემიერ– მინისტრი, 2008 წლის თებერვალში ამბობდა:

„აუცილებელია, დავასაქმოთ ჩვენი მოსახლეობა, განურჩევლად მათი ასაკისა. ლაპარაკია 200 ათასი, ან უფრო მეტი, ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზე. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში 1 750 000 სამუშაო ადგილია და, შესაბამისად, ამდენივე დასაქმებული ადამიანი. ჩვენი მიზანია, ამ მაჩვენებელმა 2 მილიონს მიაღწიოს.“

თუმცა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოში,  2008 წელს 3,2 პროცენტით გაიზარდა და 16,5%–ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი 2009 წელს კიდევ 0,4 პროცენტით გაიზარდა და საქართველოს მასშტაბით უმუშევრობამ 16,9% შეადგინა.

გრაფიკა www.geostat.ge
გრაფიკა www.geostat.ge

დასაქმებულთა დიდი ნაწილი, 2009 წლის მონაცემებით, თვითდასაქმებულია. მათი საერთო რაოდენობა 63,9%–ს შეადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ  თვითდასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული და მეტწილად თავის საკუთრებაში მქონე მიწების/მეურნეობის მართვას ეწევა. თვითდასაქმებულთა ხვედრითი წილი სოფლებში 82%–ზე მეტია.

შესაბამისად, ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება ქალაქებსა და სოფლებში. უმუშევრობის დონე სოფლებში 7%–ია, მაშინ, როცა ქალაქებში ეს მაჩვენებელი 28.8%–ია.

ამავე ანგარიშში  2008 წელს უმუშევრობის დონეზე უარყოფითად ზემოქმედების ძირითად მიზეზად აგვისტოს ომი დასახელდა. თუმცა, აქვე ნათქვამია, რომ 2009 წელს ეკონომიკურ კრიზისს მნიშვნელოვანი ზეგავლენა დასაქმებაზე არ მოუხდენია. ამის მიუხედავად, უმუშევრობის მაჩვენებელი მაინც გაიზარდა.

გია ჯანდიერი, ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ 2008 წელს ეკონომიკის განვითარების შანსი იყო, თუმცა აგვისტოს ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა შეაჩერა ინვესტიციების ქვეყანაში შემოდინების პროცესი. მისი თქმით, გასაკვირი არ არის, რომ უმუშევრობა საქართველოში იზრდება, იმიტომ, რომ  უმუშევრობის ზრდა მთელ მსოფლიოშია.

დასაქმება უმთავრეს პრიორიტეტად დარჩა თბილისის მერის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას.  ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა, სლოგანით – „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ და მთავარი აქცენტებით სამუშაო ადგილების შექმნაზე,  თბილისის მოსახლეობის 55%–მა 4 წლის ვადით აირჩია.

„მოლოდინის გაჩენა იმის თაობაზე, რომ თითქოს ახლა შესაძლებელია უმუშევრობის შემცირება, არასწორად მიმაჩნია“,–ამბობს ჯანდიერი. მისი თქმით, დასაქმება არ უნდა იყოს ქვეყანაში მანიპულირების საგანი.

ჯანდიერი უმუშევრობის დაძლევის გამოსავალს   ქვეყნაში ინვესტიციების შემოსვლაში ხედავს, ეს კი, მისი აზრით,   ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი . ჯანდიერის  თქმით, თუ ქვეყანაში ულტრალიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა იქნება გატარებული, არის შანსი,რომ უცხოელი ინვესტორები საქართველოში ფულის დაბანდებით დაინტერესდნენ.

„თუ იქნება დაბალი გადასახადები, ამ შემთხვევაში შეიძლება დაინტერესდნენ საქართველოთი, მაგრამ, თუ გვექნება ისეთივე მარეგულირებლები და  მაღალი გადასახადები, როგორებიც მათ აქვთ (სხვა ქვეყნებს) , მაშინ რატომ წამოვლენ აქეთ, ეს მეტწილად ჩვენზეა დამოკიდებული.“

უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰოლანდიაშია, დაახლოებით 3%. ოფიციალურ  სტატისტიკის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, საქართველოზე უარესი მაჩვენებელი  ლატვიას, ესპანეთს, ბოსნია–ჰერცოგოვინას და მაკედონიას აქვს.

საქართველოზე ოდნავ უკეთესი მაჩვენელი კი – ლიტვას, ესტონეთს და სერბეთს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი