სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა 17 მილიარდით განისაზღვრება.
მისივე განცხადებით, სხვებთან ერთად, პროგრამა მოიცავს:
- სატრანსპორტო პროექტებს, (მწვანე სარკინიგზო ხაზების შექმნას, სავაჭრო მარშრუტების განვითარებას);
- ციფრული კავშირგაბმულობის პროექტებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი შავი ზღვის ქვეშ;
- და ელექტროენერგიის გადამცემ ხაზს, რომელიც ასევე შავი ზღვის ფსკერზე გაივლის.
ვარჰეის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შავი ზღვის სტრატეგიული წყალქვეშა გადამცემი ხაზი საქართველოს და შესაბამისად სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროკავშირს, ამ შემთხვევაში რუმინეთს დააკავშირებს ერთმანეთს.
Economic and Investment Plan of #EasternPartnership ⏩️ €17b
It includes ? transport projects, eg. Railways ensuring Green lanes & reinforcing trade routes to the ???digital connectivity projects, eg. Fibre optic cable under the Black Sea
? electricity cable, eg. ????cable⤵️ pic.twitter.com/koegk8M9qF— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) December 11, 2022
გადამცემ ხაზს მხარეები „მწვანე ენერგიის ევროკავშირში ექსპორტისთვის გამოიყენებენ“ და მისი მოსაწყობად „დაახლოებით 2.3 მილიარდი ევრო დაიხარჯება“.
ამგვარი გადამცემი ხაზის შექმნის შესახებ ცნობილი პირველად ოქტომბერში გახდა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი გეგმავდა ევროპაში ენერგიის ექსპორტს და ამისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას განიხილავდა.
მოგვიანებით, იმავე მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთს ეწვია, სადაც ადგილობრივ ლიდერთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრისას ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით უნგრული მხარე რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებასა და ბაზრის დივერსიფიკაციას გეგმავდა.
„ჩვენ გვინდა, ახალი დიდი ელექტროენერგიის ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან მივიღოთ ენერგია საქართველოს, რუმინეთის გავლით.
ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ვიყენებთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის“, — განაცხადა ვიქტორ ორბანმა 27 ოქტომბერს.
უნგრეთი ბუნებრივი აირის უდიდეს ნაწილს, როგორც წესი, რუსეთისგან იღებს
გაეცანით მასალას აღნიშნული პროექტის შესახებ ნეტგაზეთის არქივიდან:
ენერგეტიკული თანამშრომლობა უნგრეთ-აზერბაიჯანთან — რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი გადამცემი ხაზი მართლაც აშენდება, ევროპაში ენერგიის ექსპორტი, რომელსაც აზერბაიჯანსა და საქართველოში გამოიმუშავებენ, პირველად გახდება შესაძლებელი.
ამ შემთხვევაში საქართველო ფიზიკურად დაუკავშირდება ევროპის ენერგეტიკულ ბაზარს, რომლის პარტნიორიც 2017 წლიდანაა.
საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, ქვეყანაში ჰესების მშენებლობა უნდა დაიწყოს. ასევე უნდა დაჩქარდეს ნენსკრაჰესის მშენებლობაც.