ეკონომიკა

როგორ იზრდება საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: კვლევა

8 ნოემბერი, 2022 • 2279
როგორ იზრდება საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: კვლევა

2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ რუსეთიდან დაახლოებით 2.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 2.6-ჯერ მეტია. აღნიშნულის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობის”(TI) კვლევაშია ნათქვამი.

ორგანიზაციამ შეისწავლა რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების მაჩვენებელზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა. შემოსავლის წყაროებს შორის ნახსენებია ფულადი გზავნილები, ტურიზმი და საქონლის ექსპორტი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” თანახმად, მაჩვენებელი პანდემიის კრიზისის დაწყებამდე, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალსაც კი 64%-ით აჭარბებს.

2022 წლის იანვარ-სექტემბერში ზემოხსენებული წყაროებით რუსეთიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 12.6% იყო, როცა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 6.3%-ს, ხოლო მაქსიმუმს – 10.4%-ს, 2019 წელს აღწევდა.

“ეს ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით იზრდება საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება. ეს ზრდა ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული”, — ვკითხულობთ კვლევაში.

მეორე მხრივ, როგორც ავტორები აღნიშნავენ, დამოკიდებულების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, ჯერ იმ დონისთვის არ მიუღწევია, რომ ამ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობების სრულად შეწყვეტის პირობებშიც კი საქართველო ღრმა კრიზისში აღმოჩნდეს და განვითარება ვერ შეძლოს.

კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

  • საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული. მათი ნახევარზე მეტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა;
  • მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 97% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა;
  • 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 11%-ით გაიზარდა და 473 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
  • ომის დაწყების შემდეგ, მარტი-სექტემბერში ექსპორტი 6.3%-ით არის გაზრდილი, რაც ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის 4.4-ჯერ ზრდამ განაპირობა;
  • 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთში ექსპორტირებული 109 მლნ აშშ დოლარის ღვინო საქართველოს ჯამური ღვინის ექსპორტის 63% იყო;

წყარო: მონაცემთა წყარო: საქართველოს მეწარმეთა რეესტრი. ამოღებულია TI-ს კვლევიდან

  • 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან იმპორტი 73%-ით გაიზარდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამური იმპორტში 13.1% იყო, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია;
  • ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი გაიზარდა – 350%-ით (329 მლნ აშშ დოლარით). რუსული საწვავის წილმა იმპორტში 44% შეადგინა;
  • ელექტროენერგიის რუსეთიდან იმპორტის 3.6-ჯერ ზრდის მიუხედავად, რუსულ ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 3% უჭირავს;
  • რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოტანა 32%-ით შემცირდა. რუსული გაზის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში 7%-მდეა;
  • 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოს ხორბლის და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში 96% იყო. საქართველოში მოხმარებული ხორბლის ფქვილის 78%-მდე რუსეთზე მოდის;
  • 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-სექტემბერში საქართველოში 780 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.

“2019 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მაინც 35%-ით ნაკლებია. თუმცა ცალკე აღებულ აგვისტო-სექტემბერში, წელს რუსეთიდან 6%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის აგვისტო-სექტემბერში”.

  • 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება.

“ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-ზე აქამდე არასდროს მიუღწევია”.

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ამოღებულია TI-ს კვლევიდან

  • 2022 წლის აპრილ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 5-ჯერ გაიზარდა და 1,135 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს;
  • 2022 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 12 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ანუ ქვეყნიდან 12 მლნ დოლარის ინვესტიცია გავიდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” თანახმად, რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად ემიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. ამას მიანიშნებს როგორც კომპანიების რეგისტრაცია, ისე საქართველო-რუსეთის საზღვრის ორმხრივად კვეთის (შემოსვლა-გასვლა) სტატისტიკა და რუსეთის მოქალაქეების მიერ ქართულ ბანკებში 10 ათასობით ანგარიშის გახსნა.

TI-ს შეფასებით, მნიშვნელოვნად გაზრდილი რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული.

“მიუხედავად იმისა, საქართველო იქნება თუ არა ამ მიზნით გამოყენებული, ამ ქვეყანასთან გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობები იმას ნიშნავს, რომ ზოგადად, რუსულ ბიზნესს და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს გამოყენებით შეუძლიათ თავი დააღწიონ რუსეთში სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას”, — ამბობს ორგანიზაცია.

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ამოღებულია TI-ს კვლევიდან

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ რადგან ომმა და სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ წლებშიც გაგრძელდება, საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა მაკროეკონომიკური კუთხითაც საფრთხის შემცველია:

“მოსალოდნელია, რომ მომავალში რუსეთიდან ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან და ვაჭრობიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც საქართველოს ეკონომიკას დააზარალებს”.

რეკომენდაციების ნაწილში “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. ამისათვის კი:

  • რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება;
  • სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს;
  • რომ არ მოხდეს საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ასავლელად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების დაარსება განსხვავებული პრაქტიკით განხორციელდეს. კომპანიის რეგისტრაციაზე თანხმობის მიღებამდე, შეძლებისდაგვარად უნდა გადამოწმდეს, განმცხადებელი პირი რაიმე სახით ხომ არ არის დაკავშირებული სანქცირებულ კომპანიებთან ან ადამიანებთან.

ამავე თემაზე:

საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა, ნახევარზე მეტი ომის შემდეგ დარეგისტრირდა — TI

მასალების გადაბეჭდვის წესი