ეკონომიკა

„კრედო ბანკმა“ ახალი ფილიალი გახსნა სპეციალურად უცხოელებისთვის

11 ოქტომბერი, 2022 • 3066
„კრედო ბანკმა“ ახალი ფილიალი გახსნა სპეციალურად უცხოელებისთვის

„კრედო ბანკმა“ თბილისში, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ახალი ფილიალი გახსნა, – სპეციალურად „ექსპატებისთვის“ („ექსპატრიატებისთვის“, ანუ უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის).

ბანკის ცხელი ხაზის ოპერატორების თანახმად, ფილიალში ძირითად სერვისებზე ემსახურებიან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და „კრედო რჩეულის“ (კრედოს პრივილეგირებული სერვისის) მომხმარებლებს.

უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც „კრედო რჩეული“ არ აქვს, ფილიალში სერვისებს (ანგარიშის გახსნა და ა.შ.) მიიღებს, საქართველოს მოქალაქე კი, თუკი „კრედო რჩეული“ არ აქვს, იღებს სერვისების ლიმიტირებულ პაკეტს (კერძოდ სალარო მომსახურებას/ბანკომატიდან თანხის გამოტანას).

რაც შეეხება სხვა სერვისებს: საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც „რჩეული“ არ აქვს, სხვა ფილიალებში გადაამისამართებენ, უცხო ქვეყნის ასეთ მოქალაქეებს კი – არა.

ახალი ფილიალი

ფილიალი 10 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა. ბანკი ამბობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს „მრავალფეროვან საბანკო-საკრედიტო პროდუქტებს და სერვისებს“ სთავაზობს „სპეციალური პირობებითა და შეღავათიანი ტარიფებით“.

მაგალითად, ბანკის თანახმად, მულტისავალუტო მიმდინარე ანგარიშის გახსნა მხოლოდ პასპორტისა და ქართული ტელეფონის ნომერის საფუძველზე 45 წუთშია შესაძლებელია.

  • ბანკის თანახმადვე, ასევე შესაძლებელია სადებეტო მასტერქარდ ბარათის აღება, თანხის განაღდება საკომისიოს გარეშე ლარის ვალუტაში კრედოს, TBC და ხალიკ ბანკის ბანკომატიდან;
  • ფულადი გზავნილის განაღდება როგორც კრედო ბანკის სალაროებიდან ასევე, ბანოკამტიდან ნებისმიერ ვალუტაში (ლარი, დოლარი, ევრო);
  • გზავნილის კონვერტაცია სასურველ ვალუტაში და ა.შ..

ფილიალში მომსახურე პერსონალი საუბრობს რუსულ და ინგლისურ ენებზე. ფილიალის მომხმარებლების დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა.

„რიგების გათვალისწინებით“

„ნეტგაზეთთან“ საუბარში ბანკის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს: „ქართველი მომხმარებელი რომ შევიდეს ამ სერვის-ცენტრში, არის რიგი მომსახურებები, – არა მარტო „რჩეული“, – რასაც მიიღებს“.

თუმცა ამ მომსახურებების ჩამონათვალი ძალიან ლიმიტირებულია, – მარკეტინგის თანახმად, ამ მომსახურებებში შედის: „სალარო ოპერაციები, ბანკომატისა და ფეიბოქსის მომსახურება“. ამასთან, ბანკში ამბობენ:

„კონსულტანტმა ნებისმიერ მომსახურებაზე შეიძლება განაცხადი მიიღოს ქართველი მომხარებლისგან, უბრალოდ სრულფასოვანი მომსახურება მოხდება ალტერნატიულ სერვის-ცენტრში, რომელიც უფრო კონცენტრირებულია და აქამდეც იყო ქართველ მომხმარებელზე“.

ბანკის მარკეტინგის სამსახურში „ნეტგაზეთს“ ეუბნებიან, რომ ახალი ფილიალი კონცენტრირებულია „უცხო ქვეყნების მოქალაქებზე, რომლებიც აქ ცხოვრობენ და მუშაობენ“, – ბოლო პერიოდში სხვადასხვა ბანკის ფილიალებთან  მომხმარებლების რიგების გათვალისწინებით.

ბანკის ცხელ ხაზზე, მომხმარებლის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ანგარიშის გახსნა აღნიშნულ ფილიალში საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვისაც „რჩეული“ პაკეტი არ აქვს, უარყოფითად პასუხობენ და სხვა ახლომდებარე ფილიალებში ამისამართებენ.

„რუსებისთვის“? – „არ არის ეროვნებაზე გათვლილი“

„ვხედავთ, რომ ნეგატიური ფიდბექი წამოვიდა, თითქოს „რუსებს ვემსახურებით“. ამ შემთხვევაში საერთოდ არ არის ეროვნებაზე გათვლილი. ყველა ქვეყნის მოქალაქეს ვემსახურებით ზუსტად იმ რეგულაციების და წესების დაცვით, როგორც სხვა ყველა ნებისმიერი ბანკი“, –  ამბობენ ბანკში.

ფილიალში „ნეტგაზეთის“ რეპორტიორს პირად საუბარში უთხრეს, რომ ახლადგახსნილი სერვის-ცენტრის კლიენტების აბსოლუტური უმრავლესობა, „ალბათ, 80%“, რუსეთის მოქალაქეა.

მარკეტინგის სამსახურის თანახმად, „კრედო ბანკი უკრაინელების და უკრაინის მხარდასაჭერად არაერთ აქტივობას ახორციელებს“:

„მაგალითად, თუკი საქართველოში გარკვეული სერვისები სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ფასიანია, უკრაინის მოქალაქეებისთვის აბსოლუტურად უფასოა. ასევე, უკრაინას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად ვეხმარებით, მაქსიმალური მხარდაჭერა აქვთ [ჩვენგან]“.

ჭავჭავაძის ფილიალის ვიტრინებზე უკრაინის დროშებია გაკრული, წარწერით „Слава Україні“.

წარწერა ბანკის შესასვლელის სიახლოვეს


„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ეროვნულ ბანკს კითხვით, ხედავს თუ არა ის პრობლემის ნიშნებს მსგავს პრაქტიკაში. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი