სასტუმრო ”ინტურისტი” 35 მილიონ ლარად

სასტუმრო ”ინტურისტი” ბათუმში, რომელიც 2004 წელს რუსეთში მომუშავე ქართველმა ბიზნესმენმა 3.2 მილიონ აშშ დოლარად იყიდა, სააღსრულებლო ბიურო 35 მილიონ ლარად ყიდის.”ინტურისტ-პალასის” მოიჯარეები თავიანთი უფლებების დაცვას ითხოვენ.

სასტუმრო ”ინტურისტი” ბათუმში, რომელიც 2004 წელს რუსეთში მომუშავე ქართველმა ბიზნესმენმა 3.2 მილიონ აშშ დოლარად იყიდა, სააღსრულებლო ბიურო 35 მილიონ ლარად ყიდის.”ინტურისტ-პალასის” მოიჯარეები თავიანთი უფლებების დაცვას ითხოვენ.

ბათუმის სააღსრულებო ბიურო სასტუმროს, კრედიტორის სასარგებლოდ, იძულებით აუქციონზე 35 161 200 ლარად ყიდდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მესამე მხარის ანუ მოიჯარის მოთხოვნით, აუქციონი გადაიდო. არაოფიციალური ინფორმაციით, ”ინტურისტ-პალასის” მფლობელს ქონება კერძო პირის, თურქი ბიზნესმენის ვალის გამო ჩამოერთვა.

კომპანია ”ლემეს ინვესთმენთ ჰოლდინგ ლიმიტიდს” სასტუმრო ათი წლის ვადით აქვს იჯარით აღებული. მოიჯარეები სასტუმროს 2007 წლიდან მართავენ.

”ინტურისტ-პალასის” მფლობელთან სამართლებრივი დავის მიუხედავად, მესამე მხარე აცხადებს, რომ ქონება არ გაიყიდება და ”ინტურისტი”  წელს, ზღვის სეზონზე, ჩვეულებრივ მოემსახურება დამსვენებელს.

სულხან ვარშალომიძე, მოიჯარე კომპანიის ადვოკატი: ”სასამართლოს მივმართეთ ყადაღის მოხსნის მოთხოვნით. ასე რომ, სასტუმროს მუშაობას საფრთხე არ ემუქრება. მესაკუთრე რომც შეიცვალოს, ვის მივცემთ იჯარის ქირას, მნიშვნელობა არ ექნება. სააღსრულებო წარმოების კანონის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება გადადის შემძენზე. ჩვენი იჯარის ხელშეკრულება გატარებულია რეესტრში. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მესაკუთრე, ხელშეკრულება ახალ მფლობელთან გრძელდება. იგი ძველი მესაკუთრის უფლებამონაცვლე ხდება”.

მიიღებს თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლო კომპანიის არგუმენტებს,  საბოლოო გადაწყვეტილებაში გამოჩნდება. თუმცა, მანამდე, სასამართლოდან წარდგენილი  სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აუქციონი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

გარდა იმისა, რომ მოიჯარეები თავიანთი, როგორც მოიჯარის, უფლებების დაცვაზე საუბრობენ, ამასთანავე, ამტკიცებენ, რომ სასტუმროში არსებული ნივთების ნაწილი მათ მიერაა შეძენილი და ამიტომაც, გასაყიდი ნუსხიდან ამ ნივთების ამოღებასაც ითხოვენ.

როგორც აჭარის სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელი, ბაჩუკი პაპიძე აცხადებს, აუქციონის შეჩერების პირობაც სწორედ ეს გახდა: ”ქონებაზე პრეტენზია მესამე პირმა განაცხადა. მან შეიტანა სასამართლოში სარჩელი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იქნა გამოყენებული და ამის საფუძველზე შეჩერდა აუქციონი. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის”.

გასაყიდი ობიექტი მდებარეობს ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, #11-ში, მიწის ფართობი  _ 5 460  კვ.მეტრი, ხოლო შენობა-ნაგებობის ფართობი _ 10 528 კვ. მეტრი.

სასტუმროში განთავსებულია რესტორნები, კაფეები და სასადილოები, მოწყობილია საკონფერენციო დარბაზები. 

ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 35 161 200 ლარია. ქონების გაყიდვის მიზეზი კრედიტორული დავალიანება გახდა. რა მოცულობის დავალიანება აქვს ”ინტურისტ-პალასს”, ამ ეტაპზე არ სახელდება.

სასტუმრო ”ინტურისტ-პალასი” 2004 წელს რუსეთში მომუშავე ქართველმა ბიზნესმენმა ლევან თურმანიძემ 3.2 მილიონ აშშ დოლარად იყიდა. 2007 წელს კი, მფლობელი კომპანიისგან სასტუმრო იჯარით ”ლემეს ინვესთმენთ ჰოლდინგ ლიმიტიდმა” აიღო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირმა ზოიძე, ”ბათუმელები”