ეკონომიკა

ნატურალური რძის პროდუქტი თუ პროდუქტი სოიოს მინარევებით

31 მარტი, 2010 • • 3852
ნატურალური რძის პროდუქტი თუ პროდუქტი სოიოს მინარევებით

რძის მწარმოებელი 6 კომპანიიდან, მხოლოდ სამის წარმოებული პროდუქტის ეტიკეტი შეესაბამება სინამდვილეს. დანარჩენი სამის ეტიკეტზე ინფორმაცია ინგრედიენტებზე, რომლისგანაც კომპანიები რძის პროდუქტებს ამზადებენ ან არ არის მითითებული, ან ეს ინფორმაცია არასწორია.

„შემოწმებული 6 რძის მწარმოებელი კომპანიიდან, ინფორმაცია კანონდარღვევით ჰქონდა მითითებული სამ კომპანიას“, – აცხადებს სურსათის უვნებლობის სამსახურის დირექტორი, მაია მეტრეველი.

ლაბორატორიული კვლევა სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით ჩაუტარდათ შემდეგ კომპანიებს: „ეკო ფუდი“, „სანტე“, „ვიმ–ბილ–დან ჯორჯია“(სოფლის ნობათი), „ქობულეთური“, „ნიკორა“ და „კალინა ბათუმი“ (ნატურალ პლუსი).

2010 წლის იანვრიდან, კანონში ცვლილებები შევიდა. ერთ–ერთი ცვლილება მეწარმეს ავალდებულებს პროდუქციის ეტიკეტზე ზუსტად მიუთითონ  თუ რისგან არის წარმოებული კონკრეტული პროდუქტი.

ამ ცვლილებამ და ასევე სურსათის უვნებლობის სამსახურის ეჭვმა „ეტიკეტირების წესის“ დარღვევასთან დაკავშირებით განაპირობა ლაბორატორიული კვლევა რძის პროდუქტებზე. მაია მეტრეველი ამბობს,  გამომდინარე იქიდან, რომ ზამთარში საქართველოში ფიზიკურად ვერ იქნებოდა იმ რაოდენობის ნედლი რძე, რისგან პროდუქტებია ნაწარმოები, გაჩნდა ეჭვი, რომ ეტიკეტზე მითითებული წარწერა რიგ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა სიმართლეს. გარდა ამისა, მეტრეველის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მათ აწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი კომპანია იღებს ექსპორტის სახით რძის ფხვნილს.

„ზოგიერთ პროდუქტს ეწერა ნატურალური, მაგრამ ეს ნატურალური არ ნიშნავს იმას, რასაც კანონი მოითხოვს“, – ამბობს მაია მეტრეველი, -„კანონში ციტირებულია რა ინფორმაცია უნდა ეწეროს: „დამზადებულია რძის ფხვნილისგან“ ან „დამზადებულია საღი რძისგან“.

რძის  პროდუქტების მწარმოებელ კომპანია „ქობულეთურს“ ორი სახის ეტიკეტი აქვს, ერთი, რომელზეც მითითებულია, რომ პროდუქტი საღი რძისგან არის წარმოებული და მეორე, რომელიც უთითებს, რომ პროდუქტი წარმოებულია რძის ფხვნილისგან. ორივე წარწერით „ქობულეთურის“ პროდუქციის ნახვა  დღეს  შესაძლებელია მაღაზიებში.  

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილი იყო ლაბორატორიული კვლევის შესახებ, რომელიც სურსათის უვნებლობის სამსახურმა ჩაატარა. თუმცა ამბობენ, რომ ისინი კეთილსინდისიერად იცავდნენ „ეტიკეტირების წესს“.

კომპანიის დამფუძნებელი მამუკა ხვედელიძე ამბობს, რომ რძე, რომლითაც „ქობულეთური“ მარაგდება არ არის საკმარისი მთელ პროდუქციაზე, რომელსაც უშვებენ, ამიტომ ნაწილს რძის ფხვნილისგან ამზადებენ.

„რაზეც გვყოფნის საღი რძე, ეტიკეტზე ვუთითებთ, რომ საღი რძისგან არის დამზადებული, იმ შემთხვევაში თუ ვიყენებთ რძის ფხვნილს, ეტიკეტზეც არის მითითებული“,– ამბობს  ხვედელიძე.

რაც შეეხება კომპანია „ნიკორას“,  კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის,  გიგა ბატკუაშვილის თქმით,  ისინი პროდუქტს რძის ფხვნილისგან აწარმოებენ. ამის შესახებ ინფორმაცია რძის პროდუქტების მომხმარებლებს ეტიკეტზეც აქვთ მითითებული. „ნიკორას“ მაღაზიის კონსულტანტი ადასტურებს, რომ რძის პროდუქტები წარმოებულია რძის ფხვნილისგან. ასეთივე წარწერა არის პროდუქციის ეტიკეტზე.

კომპანია ”ეკო–ფუდის” მარკეტინგის მენეჯერის, შალვა ალავიძის თქმით, ”ეტიკეტები იცვლება”, რაც ნიშნავს, რომ ამ ბრენდით გამოშვებულ რძის პროდუქტებზე შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია შეიცვლება.

„უკვე წარმოებულ პროდუქტებზე ძველი ეტიკეტებია დარჩენილი“, –ამბობს შალვა ალავიძე“, -”ახალ პროდუქციას კი ახალი ეტიკეტით გამოვუშვებთ“.

კომპანია „სანტე“ ”ნეტგაზეთთან” ასევე ადასტურებს, რომ ისინი ეტიკეტების შეცვლას აპირებენ, თუმცა დეტალურად ამ თემაზე საუბრისგან კომპანიის დირექტორის მოადგილე, ერეკლე გამყრელიძე, თავს იკავებს.

რაც შეეხება რძის ფხვნილს, რომლისგანაც კომპანიები რძის პროდუქტებს აწარმოებენ, არსებობს ეჭვი, რომ აღნიშნული რძე სოიოს მინარევებს შეიცავს. მაია მეტრეველის თქმით, რძის ფხვნილი,რომელიც ბელორუსიიდან შემოდის საქართველოში შეიცავს სოიოს მინარევებს.

„ბელორუსიიდან შემოსული რძის ფხვნილი შეიცავს სოიოს მინარევს სხვადასხვა პროცენტით“,–ამბობს მაია მეტრეველი:

– ”ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ კომპანიების მომარაგება სწორედ ბელორუსიიდან შემოტანილი რძის ფხვნილით ხდება“.

კომპანია „ეკო–ფუდი“ და „ქობულეთური“ ”ნეტგაზეთთან”  ღიად საუბრობენ რძის ფხვნილის ექსპორტზე. მამუკა ხვედელიძე,  „ქობულეთურის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ძირითადად ბელორუსიიდან და უკრაინიდან მარაგდებოდნენ.

„ჩვენ პირდაპირი ხელშეკრულებები არ გვაქვს, არიან შუამავლები, რომლებიც ამით არიან დაკავებულები, ძირითადად იყო უკრაინა და ბელორუსია, მაგრამ ოქტომბრის შემდეგ ფასები ძალიან გაიზარდა რძის ფხვნილზე და ამიტომ ახლა ევროპის ქვეყნებიდან შემოგვაქვს“, – ამბობს ხვედელიძე.  

”ეკო–ფუდის” მარკეტინგის მენეჯერის თქმით, რამდენიმე ქვეყნიდან ახორციელებს კომპანია რძის ფხვნილის ექსპორტს. მათ შორის არის ბელორუსია, ასევე პოლონეთი და ლიტვა.

„სანტეს“ დირექტორის მოადგილე, ერეკლე გამყრელიძე, ამ თემაზეც არ საუბრობს. მისი თქმით, კომპანია რამდენიმე ქვეყნიდან მარაგდება რძის ფხვნილით, თუმცა კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან, არ აზუსტებს.

კომპანია „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიგა ბატკუაშვილის თქმით, ნიკორა რძის ფხვნილს იღებს ინგლისიდან და ჩრდილოეთ ირლანდიიდან.

„ჩვენ ევროპული ხარისხის რძის ფხვნილით ვმარაგდებით, უცხიმო რძის ფხვნილს ინგლისიდან ვიღებთ, ცხიმიანს კი ჩრდილოეთ ირლანდიიდან“, – ამბობს ბატკუაშვილი.

რაც შეეხება კომპანია „ვიმ–ბილ–დან“ ჯორჯიას, რძის პროდუქტები, „სოფლის ნობათის“ სამარკო ნიშნით გამოდის, მისი წარმომადგენლის თქმით, კომპანია საერთოდ არ იყენებს რძის ფხვნილს და პროდუქტს მხოლოდ ნატურალური, საღი რძისგან ამზადებს. პროდუქციის ეტიკეტზე კი მითითებულია წარწერა „დამზადებულია ნატურალური რძისგან.“

სურსათის უვნებლობის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფრო, ვერიკო გულუა ადასტურებს, რომ ამ შემთხვევაში ეტიკეტზე მითითებული „დამზადებულია ნატურალური რძისგან“ ნიშნავს, რომ კომპანია მართლაც ნედლ რძეს იყენებს პროდუქციის დასამზადებლად.

მაია მეტრეველის თქმით, საზოგადოების ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რომელიც კომპანია არღვევდა „ეტიკეტირების წესს“ არ შედის სურსათის უვნებლობის სამსახურის კომპეტენციაში. მისი თქმით, ინფორმაციის საჯაროდ გავრცლება რძის პროდუქტების ბაზარზე ცვლილებებს გამოიწვევს.

„ჩვენი მიზანი არის, რომ პროდუქტს ეტიკეტზე ეწეროს ინფორმაცია, რის შემდეგაც მომხმარებელი გადაწყვეტს რომელ პროდუქტს მიანიჭოს უპირატესობა.სწორედ საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე ჩავატარეთ ეს კვლევა“, – ამბობს მეტრეველი.

თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, კახა კოჟორიძის თქმით მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონის მეორე მუხლის თანახმად, ავალდებულებს პროდუქციის მწარმოებელს, ზუსტად მიუთითოს პროდუქციის შემცველობის შესახებ პროდუქრის ეტიკეტზე. ხოლო სურსათის უვნებლობის სამსახური, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ადმინისტრაციული ორგანოა, ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ გასცეს.

ვერიკო გულუას თქმით მოსახლეობას „აბსოლუტური უფლება აქვს იცოდეს თუ ვინ დაარღვია „ეტიკეტირების წესი“. მისივე თქმით, განმეორებული კვლევის ჩატარების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ კომპანიები არ გაითვალისწინებენ სურსათის უვნებლობის სამსახურის რეკომენდაციას, ეს ინფორმაცია გახდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

საზოგადოების ინტერესი კვლევის შემდეგ დაკმაყოფილებული ერთი მხრივ იქნება. მას შემდეგ რაც კომპანიები ეტიკეტებს შეცვლიან და მიუთითებენ თუ რისგან არის წარმოებული პროდუქტი, საზოგადოება რეალურ არჩევანს გააკეთებს.

სურსათის უვნებლობის სამსხური კი რძის მწარმოებელ კომპანიებს მომავალშიც გააკონტროლებს. მაია მეტრეველის თქმით, ჯარიმა, რომელიც ამ ეტაპზე დაეკისრებათ „ეტიკეტირების წესის“ დამრღვევ კომპანიებს 3000  ლარი იქნება. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის თანხა გაორმაგდება. ხოლო თუ მსგავსი ფაქტი მესამედ იქნა დაფიქსირებული, მეტრეველის თქმით, სურსათის უვნებლობის სამსახური სპეციალურ საგამოძიებო ორგანიზაციებს მიაწვდიან ინფორმაციას, პროდუქტის ფალსიფიკაციის კუთხით.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი