ეკონომიკა

იმპორტიორებმა იაფფასიანი საწვავის შემოტანა დაიწყეს – ღარიბაშვილი

2 მაისი, 2022 • 7321
იმპორტიორებმა იაფფასიანი საწვავის შემოტანა დაიწყეს  – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასებს სწავლობს, დასკვნა კი 15 მაისს იქნება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ “ძალიან ბევრმა იმპორტიორმა” დაიწყო საქართველოში შედარებით იაფფასიანი საწვავის შემოტანა, თუმცა ქვეყანაში ფასებზე ეს ჯერ არ ასახულა.

“ამიტომ ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რომ შეისწავლოს დეტალურად საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ მთავრობას ექნება საშუალება, რომ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ცნობები, რომ ხომ არ არის რაიმე მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭირო არის, რომ დაიდოს მონიტორინგის ანგარიში და ამის შემდეგ გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე, საწვავის ფასებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ფინანსთა მინისტრმაც. ლაშა ხუციშვილის თქმით, კომპანიებმა ნავთობის შემოტანასთან დაკავშირებით არსებული კონტრაქტები გაცილებით დაბალ ფასებში გააფორმეს, ვიდრე რამდენიმე თვის წინ დადებული კონტრაქტებია. შესაბამისად, ეს უნდა ასახულიყო ადგილობრივ ბაზარზეც.

ხუციშვილის თქმით, სწორედ ამიტომ დაევალა კონკურენციის სააგენტოს აღნიშნული საკითხის შესწავლა, რომლის დასკვნის შემდეგაც მთავრობას ექნება შესაძლებობა “ისაუბროს, რისი გაკეთება შეუძლია”.

საქართველოში საწვავი რამდენიმე თვეა რეკორდულად გაძვირდა. მაგალითად, 23 მარტს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 4 ლარზე ძვირი ღირდა. მსგავსი ფასები ამ დრომდე ნარჩუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი