ეკონომიკა

საქართველოში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების ახალი პროქტი იწყება

8 აგვისტო, 2011 • 1167
საქართველოში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების ახალი პროქტი იწყება

 

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) www.ifc.org , ნავთობკომპანია BP –სთან, მის პარტნიორებთან და ავსტრიის ფინანსთა სამისტროსთან თანამშრომლობით საქართველოში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების ახალ პროექტს იწყებს.

პროექტი, რომელსაც ხელი დღეს მოეწერა, საქართველოში IFC-ის რეგიონული სტრატეგიის ნაწილია და  მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის, ექსპორტის, ჯანდაცვის გაუმჯობესებას და ინვესტიციების წახალისებას. აგრეთვე სურსათის ადგილობრივ მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

პროექტის მიხედვით, ჩატარდება პილოტური პროგრამები სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის დანერგვის მიზნით, ხელი შეეწყობა სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის გაუმჯობესებას და აგრეთვე კონტროლის საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას.

 „საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია კარგა ხანია თანამშრომლობს საქართველოსთან. ძალიან ბევრი პროექტი აქვს განხორციელებული და რეგიონშიც საკმაოდ აქტიურად არის  წარმოდგენილი… ამჟამად განსაკუთრებული აქცენტის გაკეთებას ვაპირებთ რეალურ სექტორზე. ეს იქნება ენერგეტიკის სექტორი, ენერგოეფექტურობის, ასევე ინფრასტრუქტურა და სოფლის მეურნეობა“– განაცხადა სნეჟანა სტოილჯკოვიჩმა, IFC-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა.

პროექტის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი  ძირითადად სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ითანამშრომლებს. „IFC–ის მონაწილება ამ საქმეში ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ორგანიზაცია არის ორიენტირებული სექტორების გაჯანსაღებაზე. ასევე  მათი მიზანია ეკონომიკური სარგებლის მიღება თითოეული სექტორების მონაწილეობით … ჩვენი მიზანია, სულ უფრო მეტი მსგავსი ორგანიზაცია მოვიზიდოთ ამ სექტორში“ –აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა.

ხსენებული პროექტი საქართველოში BP –ის მიერ განხორციელებული სოციალური ინვესტიციების შემადგენელი ნაწილია.

რაც შეეხება ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს  საგარეო ეკონომიკურ პროგრამას, იგი მიზნად ისახავს მდგრადი ინცესტიციების მხარდაჭერას  ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა  და ბიზნესის გარემოს გაუმჯობესების სფეროში. პროექტის მოქმედების ვადა სამი წელია.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი