ეკონომიკა

„შერატონი“ გახსნის წინ

8 აგვისტო, 2011 • 3329
„შერატონი“ გახსნის წინ

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“  ბოლო სამუშაოები სრულდება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ უკვე ორჯერ მოწყობილი გახსნის ცერემონიალის შემდეგ, აპრილში სასტუმრო ოფიციალურად კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე საბოლოოდ გაიხსნება. 23 აპრილიდან კი სტუმრების მიღებასაც გეგმავენ. 17-მილიონიანი ინვესტიციის ამოღებას და მოგების მიღებას სასტუმროს მენეჯერები დაახლოებით 15 წლის შემდეგ ვარაუდობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ზაფხულის სეზონზეც კი ხშირად წვიმს და ზამთარში ისედაც ნაკლებად არიან ტურისტები, სასტუმროს გენერალური მენეჯერი, ომერ შუბასი, მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი: „გაიხსენეთ ლას-ვეგასი, თავდაპირველად ის ნევადის ერთი უღიმღამო, უდაბნოს ქალაქი იყო, ახლა კი მას წლის განმავლობაში 38 მილიონი ადამიანი სტუმრობს. „შერატონი“ გახდება შავი ზღვის „თეთრი ვარსკვლავი“ და ბათუმი გადაიქცევა საერთაშორისო დანიშნულების ადგილად“.

კონკრეტულად რა დანიშნულებას შეიძენს ეს ქალაქი – ამის მინიშნება თითქოს „შერატონის“ ხელმძღვანელმა გააკეთა კიდეც, როცა მსოფლიოში სათამაშო ბიზნესის ერთ-ერთი მექა, ლას-ვეგასი გაიხსენა.

თუმცა ბათუმის, როგორც კაზინოების ქალაქის შესახებ ინფორმაცია პირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – თეიმურაზ დიასამიძემ გაახმოვანა. მან გასული წლის ზამთარში „ბათუმელებს“ აცნობა, რომ ნოემბერ-დეკემბერში მხოლოდ ისრაელიდან კაზინოში სათამაშოდ სამი ჩარტერული რეისი შესრულდა. დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ბათუმს ისრაელის გარდა, იმავე მიზეზით, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდანაც სტუმრობენ. ამ ქვეყნებში სათამაშო ბიზნესი აკრძალულია.

„შერატონის“ ადმინისტრაციაც სტუმრებს, ძირითადად, ამ ქვეყნებიდან ელოდება. თუმცა დამსვენებელთა სიაში სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებიც მოიაზრებიან. ამ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ, ძირითადად, სეზონის მიხედვით გადაანაწილებენ. სტატისტიკის მიხედვითაც ზაფხულში ბათუმის სტუმრები, ძირითადად, ქვეყნის შიდა ტურისტები და სომხეთის მოქალქეები არიან.

მართალია, ლას-ვეგასი ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად მოჰყავს ომარ შუბას, თუმცა მათი სერვისის მომხმარებელი, ძირითადად, მაინც კაზინოს კლიენტები რომ იქნებიან, არ ადასტურებს: „ჩვენი კაზინო პატარაა. ამაზე რომ გაგვეთვალა, მაშინ მასშტაბებს გავზრდიდით. კონფერენც-დარბაზი გვაქვს ძალიან დიდი. საკონფერენციო დარბაზის სტანდარტული სიმაღლე ყველგან ექვსი მეტრია, ჩვენთან კი – ცხრა!“ კაზინო იქნება ჩვენი შემოსავლის წყარო, თუმცა ეს არ იქნება დიდი წილი“.

რაც შეეხება სერვისს, სასტუმროს აქვს: 203 ნომერი, სამი რესტორანი, ოთხი ბარი, ღია და დახურული აუზები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპა სალონები, ასევე პოპულარული თურქული აბანო, ერთი კაზინო და ორი საკოფერენციო  დარბაზი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაერთიანდეს ან საკონცერტო დარბაზადაც გადაკეთდეს.

სასტუმროს სერვისით სარგებლობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკმაოდ ძვირი იქნება. როგორც გენერალური მენეჯერი ამბობს, სასტუმროს მეოცე სართულზე ორ პერსონაზე სადილი, საშუალოდ, ასი ლარი ეღირება, თუ სტუმრებს კარგი ღვინოს მირთმევაც სურთ, მაშინ ფასი გაიზრდება: „სამომავლოდ ყველა შეძლებს ჩვენი სერვისით სარგებლობას. დასაწყისში კი ის შესაძლებელია მხოლოდ სასტუმროში რეგისტრირებულ სტუმრებს შევთავაზოთ“.

სასტუმროს ნომრების ფასი 150 დოლარიდან იწყება და 2000 დოლარამდე ადის. ადმინისტრაციის განცხადებით, ზაფხულის სეზონზე ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

„შერატონი“  100-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

ვაკანსიების შესახებ სასტუმროს ადმინისტრაციამ თებერვლის დასაწყისში გამოაცხადა. „შერატონში“ დასაქმების 300 მსურველმა შეიტანა განცხადება. ამ ეტაპზე ვაკანსიების 70 პროცენტი უკვე შევსებულია: „გასაუბრება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დარჩენილია 30-50 ადგილი, მათ შორის: გაყიდვები, ტექნიკური პერსონალი, დაცვა, სამზარეულო, მომსახურე პერსონალი, ღამის კლუბი და სპა“.

სასტუმროს მენეჯმენტს ვაკანსიების კვალიფიციური კადრებით შევსებაში ქობულეთის პროფესიული გადამზადების ცენტრი დაეხმარა.

საშუალო ხელფასის შესახებ ინფორმაციას „შერატონის“ ადმინისტრაცია კონფიდენციალურად ტოვებს და აცხადებს, რომ აქ ხელფასები კონკურენტუნარიანია, თუმცა, როგორც „ბათუმელებისთვის“  გახდა ცნობილი, საშუალო ხელფასი აქ დაახლოებით 300 ლარია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი