ეკონომიკა

შვედურმა ბანკმა საქართველოში გზავნილები შეაჩერა – რას ნიშნავს ეს

16 მარტი, 2022 • 20194
შვედურმა ბანკმა საქართველოში გზავნილები შეაჩერა – რას ნიშნავს ეს

შვედურმა ბანკმა, „ჰენდელსბანკენმა“ (Handelsbanken) საქართველოში ფულადი გზავნილები შეაჩერა.

ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა შვედეთში მცხოვრებმა მოქალაქემ, ნიკოლოზ გვაზავამ, „ნეტგაზეთს“ კი „ჰენდელსბანკენმა“ დაუდასტურა.

ბანკის განმარტებით, მისი გადაწყვეტილების მიზეზი, – რომლის შედეგადაც მოქალაქეებს არ შეუძლიათ შვედეთიდან საქართველოში და საქართველოდან შვედეთში თანხის გადარიცხვა, – არის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციები.

„იმის ფონზე, რომ ჩვენ ვხედავთ სანქცირებულ ქვეყნებში სატრანზიტო გადახდების გაზრდილ რისკს, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რათა დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ [სანქციებს] ვემორჩილებით“, – მისწერეს „ნეტგაზეთს“ შვედური ბანკიდან.

„ჰენდელსბანკენი“ შვედეთის საბანკო ბაზრის მსხვილი მოთამაშეა. 2020 წლის მონაცემებით, ის იკავებს იპოთეკური სესხების ბაზრის 22.5%-ს  და მეორე ადგილზეა Swedbank-ის შემდეგ (25.4%).

გზავნილები შვედეთიდან

უცხოეთიდან გზავნილები მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკაში და მისი მოცულობა ყოველწლიურად იზრდება.

2020 წლის მონაცემებით, უცხოური გზავნილების მოცულობა ($1.9 მლრდ) საქართველოს მშპ-ის ($49.3 მლრდ) 12%-ს შეადგენდა.

მხოლოდ 2022 წლის თებერვალში, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $183.4 მლნ შეადგინა, რაც 13.7%-ით ($22 მლნ-ით) მეტია 2021 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული სტატისტიკის თანახმადვე, შვედეთიდან გზავნილების რაოდენობამ თებერვალში $630 000 შეადგინა, რაც ამ თვეში გზავნილების მთლიანი მოცულობის 0.41%-ს შეადგენს.

წყარო: ეროვნული ბანკი

„ცუდი პრეცენდეტია. იმედია, მსგავსი პროცესები არ დაიწყება“

ეკონომისტი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, დავით კეშელავა ამბობს, რომ „თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეს იქნება ცუდი პრეცედენტი“ და იმედს გამოთქვამს, რომ „ეს არ იქნება მსგავსი პროცესების დასაწყისი“:

„ამ ეტაპზე, ალბათ, მსგავსი გადაწყვეტილების საჭიროება არ არსებობს, თუმცა მსგავსი რისკი არსებობს თუნდაც ისეთი მარტივი მიზეზის გამო, როგორიცაა გეოგრაფიული მდებარეობა, ასევე, [პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის] იმ განცხადების გამო, რომ „ქვეყანა არ უერთდება სანქციებს“. ასეთი რისკები ყოველთვის იქნება მანამ, სანამ საქნციების ქვეშ იქნება რუსეთი“, – ეუბნება დავით კეშელავა „ნეტგაზეთს“.

მისი თქმით, „ჰენდელსბანკენის“ გადაწყვეტილება წარმოადგენს კერძო კომპანიის გადაწყვეტილებას და „უფრო საშიში იქნება, თუკი სახელმწიფო დონეზეც დარწმუნდებიან [მთავრობები], რომ ჩვენ ვიქნებით რაიმე პლატფორმა რუსეთისთვის სანქციების თავიდან ასარიდებლად“.

„თუ მსგავსი ეჭვები გაჩნდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი დარწმუნება, რომ ეს რისკები არ არსებობს. თუმცა მანამდე უნდა შევისწავლოთ, ეს რისკები მართლა არსებობს თუ არა და მაქსიმალურად დავაზღვიოთ. იმიტომ, რომ ძალიან ძვირად დაუჯდება ქვეყანას, თუ მართლა დაიწყეს საქართველოს გამოყენება სანქციებისგან თავიდან ასარიდებლად“, – ამბობს იგი „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

დავით კეშელავა

ეკონომისტ დავით კეშელავას თქმით, „აქ მხოლოდ გზავნილებზე არ არის საუბარი – ძირითადად საუბარია ბიზნესსაქმიანობების გადმოტანაზე საქართველოში“:

„ჩვენ ვამბობდით, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა ქვეყანაში რუსული კომპანიების რეგისტრაციები. ამიტომ მნიშვნელოვანია, სათანადო მონიტორინგი გაეწიოს ამ პროცესს, – რა კომპანიებია ეს და რა მიზნით რეგისტრირდება, -რათა ეს რისკები თავიდან ავირიდოთ“.

რას ამბობს ეროვნული ბანკი?

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრესცენტრს ამ საკითხზე, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია. ცენტრალური ბანკის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისა და ბელარუსისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, 27 თებერვალს, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა:

„ეროვნული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად და არ და ვერ შეუწყობს ხელს ამ სანქციების გვერდის ავლას“.

ეკონომისტი დავით კეშელავა ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა „მკაფიოდ დააფიქსირა, რომ იმ რეგულაციებს, სანქციებს, რაც ეხება ფინანსურ სექტორს, უერთდება ქვეყანა და ეროვნული ბანკიც ამის შესაბამისად იმოქმედებს“.

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი

რა უნდა გააკეთოს/განაცხადოს ეროვნულმა ბანკმა „ჰენდელსბანკენთან“ დაკავშირებით? დავით კეშელავა ამბობს:

„ეროვნული ბანკის ფუნქცია ამ შემთხვევაში საზოგადოებასთან კომუნიკაცია იქნება – იმის ახსნა, მათ შორის კერძო კომპანიებისთვის, მათი დარწმუნება, რომ მსგავსი რისკები არ არსებობს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი