ეკონომიკა

“ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის” – მინისტრი რძის ექსპორტზე

7 მარტი, 2022 • 9834
“ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის” – მინისტრი რძის ექსპორტზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს, რომ რუსულ ბაზარზე ქართული რძის პროდუქტების ექსპორტი არის შესაძლებლობა იმ კომპანიებისთვის, რომელთაც პროდუქციის გატანა რუსეთში სურთ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტი ბაზრის დივერსიფიკაციის ნაწილია, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ რუსეთსა და ევრაზიის ქვეყნებში, არამედ აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან თანამშრომლობას.

მინისტრის განცხადებით, 15-მა ქართულმა კომპანიამ სამინისტროს 2020 წელს მიმართა თხოვნით, რომ მათთვის შესაძლებელი გამხდარიყო პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანა, რაზეც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მუშაობა.

შამუგია განმარტავს, რომ ამ პერიოდიდან დღემდე, რუსეთსა და საქართველოს შორის აღნიშნულ საკითხზე საჭირო დოკუმენტების მიწოდებისა და ინფორმაციის გაცვლის გარდა კომუნიკაცია არ შემდგარა. რამდენიმე დღის წინ კი რუსული მხარისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ 15 ქართული კომპანიისთვის რუსულ ბაზარზე გასვლა შესაძლებელი გახდა:

“რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი რუსეთის მხრიდან, რომ 15 კომპანიისთვის დაშვებული იქნება ეს ბაზარი. ეს არის სრული პროცესი, რაზეც სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ ასე იყო. ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ უფრო მეტი წარმოება დაგეგმონ, ბოლომდე აამუშაონ თავიანთი სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები”, – განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილება ახლა, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, არის თუ არა რუსული ბაზარი საქართველოსთვის კვლავ “შესაძლებლობა”, შამუგიამ განაცხადა:

“ბატონი პრემიერის, ხელისუფლების ყველა შტოს მიერ გაცხადებულია, რომ ჩვენ სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, ჩვენს მეგობარ ხალხს. ეს ცალსახაა და ეს ერთი საკითხია. რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს, რომელიც რუსულ მხარესთან გვაქვს, ეს ურთიერთობები არსებობს ამ ეტაპზე და ჩვენ ვალდებული ვართ, კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების, მეწარმეების, ფერმერების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა ამ საკითხს”.

აღნიშნულ თემაზე ბრიფინგზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმაც. ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა მთავრობას გადაჭრით თქვას, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის პერიოდში საქართველოდან რუსეთში არანაირი ექსპორტი არ იგეგმება, დავითაშვილმა უპასუხა:

“ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო ბევრი გადაწყვეტილების ერთგული, მათი ნაწილი, მაგრამ ჩვენ არ ვართ ცალკე ინდივიდუალური სანქციების დამწესებელი. ამაზე მკაფიოდ ვისაუბრეთ მთელი კვირის განმავლობაში და განვმარტეთ თავისი მიზეზები და ა.შ”.


რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალურმა სამსახურმა (როსსელხოზნადზორი/Россельхознадзор) განაცხადა, რომ 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტის „ნებას დართავდა“.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანახმად, 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთან, „რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში“.

სააგენტოს თანახმად, ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით, არაერთ ქვეყანასთან ახორციელებენ მოლაპარაკებებს ცხოველური პროდუქტების ექსპორტის შესახებ.

რძეზე შეზღუდვების მოხსნა ღირს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად?! – სტეფანჩუკი ქართველ დეპუტატებს

მასალების გადაბეჭდვის წესი