ახალი ამბები

მევენახეებისთვის სახელმწიფო აგროდაზღვევის თანადაფინანსება 70%-მდე გაიზრდება — ოთარ შამუგია

3 აპრილი, 2023 • 1552
მევენახეებისთვის სახელმწიფო აგროდაზღვევის თანადაფინანსება 70%-მდე გაიზრდება — ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, მევენახე ფერმერებისთვის სახელმწიფო აგროდაზღვევის თანადაფინანსება 20%-ით გაიზრდება და 70%-ს შეადგენს. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 3 აპრილს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების მიზანი პროგრამაში ფერმერების ჩართვის ხელშეწყობის გაძლიერებაა:

“შარშან დაახლოებით 8000 ჰა-ის ფარგლებში იქნა დაზღვეული ვენახის ფართობი და ეს, ვფიქრობ, რომ არ არის მაღალი მაჩვენებელი, რადგან მხოლოდ კახეთში აღრიცხული გვაქვს 40-41.000 ჰა-ზე მეტი ვენახი; შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს, რომ მეტი სტიმული მიეცეთ ფერმერებს, ჩაერთონ პროგრამაში”, – აღნიშნა შამუგიამ.

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, თავი დაიცვან მოსავლის კლიმატური რისკებისგან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს 10 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის დაზღვევა შეუძლიათ, ხოლო მარცვლეულის კულტურის შემთხვევაში – 50 ჰექტარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი