საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის ინიციატივით წლის ბოლომდე სამშენებლო ბიზნესში, სულ მცირე, 500 მილიონის ინვესტირება მოხდება.
ღარიბაშვილის თქმით, პროექტის თანახმად, მთავრობა სამშენებლო კომპანიებს დაუკეთავს საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას, თუ დამატებით ფინანსურ რესურსს ბანკებიდან თავად მოიძიებენ. სახელმწიფო კი დანახარჯებს 3-5 წელში აუნაზღაურებს.
„ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით და, მეორე მხრივ, საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობა სამშენებლო სექტორს კიდევ ერთ ინიციატივას სთავაზობს, რომლის მიზანიც, დარგის მხარდაჭერის პარალელურად, საჯარო, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში დაგეგმილ სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის ზრდაა, რაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება როგორც ზოგადად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ასევე მენაშენეთა დარგის განვითარებაზე. ამ ინიციატივით ჩვენ მინიმუმ 500 მილიონი ლარის დამატებით ინვესტირებას ვგეგმავთ წელსვე, თუმცა, ეს არის ძალიან მინიმალური. ვფიქრობ, რომ მილიარდ ლარამდე თავისუფლად შევძლებთ და შეძლებენ ეს კომპანიები ათვისებას“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
მისი თქმით, წლების განამვლობაში არაერთ სამინისტროს დაუგროვდა შეუსრულებელი პროექტები. ამ პროექტის ფარგლებში კი 1 წელიწადში, ღარიბაშვილის თქმით, უწყებები 4-5 წლის საქმეს გააკეთებენ:
„მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ სამინისტროს, წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი პროექტი აქვს შესასრულებელი. დევნილებისთვის გვაქვს ასაშენებელი დაახლოებით ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი, ასევე, იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიციის ქალაქის მშენებლობა გვინდა დავიწყოთ, პოლიციის შენობების აშენება – რეაბილიტაცია, განათლების სამინისტროს 800-მდე სკოლის რეაბილიტაცია- მშენებლობა, ბაღების მშენებლობა, თავდაცვის სამინისტროს აქვს თავისი პროექტები, იუსტიციის სამინისტროს, ყველას აღარ ჩამოვთვლი.
ამიტომ, სამშენებლო კომპანიებს შევთავაზებთ შემდეგს, რომ მათ შეუძლიათ დამატებით მოიზიდონ ფინანსური რესურსი ადგილობრივ ბაზარზე ბანკებიდან, ჩვენი გარანტიით. მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა ამ მოცულობის სამუშაოებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენ 3-5 წლის განმავლობაში განვადებით გადავიხდით ამ თანხას“ ,- განაცხადა ირაკლი ღაიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტი დამატებით 2%-ით გააუმჯობესებს ეკონომიკური ზრდის მონაცემს.