ეკონომიკა

ეროვნული ბანკი დაბალი საკრედიტო აქტივობის წინააღმდეგ

18 თებერვალი, 2010 •
ეროვნული ბანკი დაბალი საკრედიტო აქტივობის წინააღმდეგ

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, 5%, უცვლელად დატოვოს.

ეროვნული ბანკის განცხადებით 2010 წლის იანვარში ქვეყანაში ინფლაცია 2,7% იყო. მისივე პროგნოზით წლიური ინფლაცია შესაძლოა 6%-მდე გაიზარდოს.

იანვარში გაიზარდა ფულადი გზავნილების შემოდინება საქართველოში. ეროვნული ბანკის თქმით მათთვის ცნობილი სავაჭრო სტატისტიკის წინასწარი მონაცემებით ქვეყანაში გაზრდილია ექსპორტის მოცულობა.

თუმცა, ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის მხრივ, კვლავ პრობლემად რჩება საბანკო სისტემა. საკრედიტო აქტივობა საბანკო სისტემაში ეროვნული ბანკის განცხადებით დაბალია. გარდა ამისა არ შეინიშნება ბანკების საკრედიტო პორტფელის სასურველი ზრდის ტემპი.

საბანკო სისტემაში ეროვნული ვალუტის გრძელვადიანი რესუსრსის დეფიციტი აფერხებს ეკონომიკის დაკრედიტების ზრდას.

სწორედ ამის საპასუხოდ ეროვნული ბანკი გეგმავს ახალი ინსტრუმენტების ამოშავებას, თუმცა არ აკონკრეტებს თუ რაზეა კონკრეტულად საუბარი. თუმცა სიახლის დანერგვის შემდეგ ეროვნული ბანკი იმედოვნებს, რომ კომერციულ ბანკებს უფრო მეტად შეეძლებათ ლარის მოკლევადიანი რესურსის გრძელვადიან რესურსად გარდაქმნა.

შეგახსნებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უფროსი ეკონომისტი  ანიტა ტაცის აცხადებს, რომ თუ საქართველოს საბანკო სექტორმა დღეს არსებული დაკრედიტების დონე შეინარჩუნა, ქვეყანას 2010 წელს ეკონომიკის 2 პროცენტიანი ზრდის მიღება გაუჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი