ეკონომიკა

ბრძოლა მონოპოლიასთან ქართულად

23 თებერვალი, 2010 • 2295
ბრძოლა მონოპოლიასთან ქართულად

თუ ანტიმონოპოლიური სამსახური იმ სახით აღდგება, რაც მომზადებულ კანონპროექტშია გაწერილი, ევროკავშირმა შესაძლოა არ ჩათვალოს რეკომენდაცია გათვალისწინებულად.

ახალი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, ითვალისწინებს ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენას და მის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნას.

ანტიმონოპოლიური სამსახური, რომლის მთავარი ფუნქცია ბაზარზე მონოპოლიებთან ბრძოლა იყო, 2005 წელს ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, კახა ბენდუქიძის ინიციატივით გაუქმდა.

მაშინ ”მონოპოლიური საქმიანობის და კონკურენციის შესახებ” კანონში შევიდა ცვლილება და ”თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის კანონით შეიცვალა”. ხოლო ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც დამოუკიდებელი სუბიექტი იყო, შეიცვალა თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის სააგენტოთი. აღნიშნული სტრუქტურა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაქვემდებარეში იყო.

დღეს კი სამსახური, სახეშეცვლილი სტატუსით განაახლებს მუშაობას. მთავარი ცვლილება, რაც ამ დრომდე არის ცნობილი, სამსახურის სტატუსია.

კანონპროექტის ძალაში შესვლიდან, ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქცია
ბაზრის ანალიზი იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ სამსახური დააკვირდება ბაზარს და იმ შემთხვევაში თუ მონოპოლიებს აღმოაჩენს, უფლებამოსილი იქნება სასამართლოს მიმართოს. თავად ანტიმონოპოლიურ სამსახურს, განსხვავებით 2005 წლამდე არსებულ სამსახურთან, არ ექნება სანქციების დაწესების და სადამსჯელო ღონისძიებების გაწევის უფლება.

თუ ანტიმონოპოლიური სამსახურიიმ სახით აღდგება, რაც მომზადებულ კანონპროექტშია გაწერილი, ევროკავშირი არ ჩათვლის რეკომენდაციას გათვალისწინებულად – მიაჩნია კახა გოგოლაშვილს, სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელსა და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, რომელიც ასევე გახლავთ ევროკავშირის ერთ-ერთი ექსპერტი.

გოგოლაშვილი  ამბობს, რომ ეს ცვლილება საკმარისი არ იქნება და “ევროკავშირი მეტს მოითხოვს”.   ეს კი ნიშნავს, რომ რეკომენდაციას გათვალისწინებულად არ ჩათვლის.

საქმე იმაშია, რომ  ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა ევროკავშირის ერთ-ერთი პირობაა  საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის  ასამუშავებლად.

თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გულსიხმობს ვაჭრობაში ბარიერების მოხსნას. ეს შეიძლება იყოს საქონლით ვაჭრობა, შეიძლება იყოს სამრეწველო საქონლით, სურსათით, ასევე მომსახურებით ვაჭრობის დარგში. განულდება სატარიფო ბარიერები, საბაჟო ტარიფები ორ მხარეს შორის. ეს ნიშნავს, რომ მათი საქონელი საქართველოში და საქართველოდან საქონელი ევროპაში საბაჟო გადასახადის გარეშე შევა.

” ამ რეჟიმის (თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი) დაარსებისთვის, მას (ევროკავშირს) გააჩნია აუცილებელი პირობები ისეთ დარგებში, რომელიც გავლენას ახდენს ვაჭრობაზე. უნდა მოხდეს საქართველოს კანომდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან”– ამბობს კახა გოგოლაშვილი.

ასეთი დარგები არის: კონკურენცია, სურსათის უვნებლობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, არასატარიფო ბარიერები ვაჭრობაში, ასევე ცვლილებები იქნება განსახორციელებელი  როგორიც არის სახელმწიფო შესყიდვების წესში, ისე ნაწილობრივ შრომის კანონმდებლობასა , საფინანსო – სამეწარმეო კანონმდებლობაში.

შესაბამისად,  საქართველოს მთავრობის კანონპროექტის მომზადების ერთ-ერთი მოტივი სწორედ ევროკავშირის რეკომენდაციაა, რასაც მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილიც ადასტურებს და ამბობს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას ეხება, დღის წესრიგში დადგა მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლის რეგულაციები.

გოგოლაშვილის თქმით ევროკავშირისგან არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები, რომელსაც პირობების ხასიათი აქვს. მისი თქმით, მოლაპარაკებები არ დაიწყება მანამდე, სანამ საქართველო არ აჩვენებს ევროპულ სტანდარტებთან კანონის დაახლოების  მზადყოფნას.

”საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას კონკურენციის დარგში აბსოლუტურად არ შეესაბამება”– მიაჩნია კახა გოგოლაშვილს.

რაც შეეხაბა კონკრეტულად ანტიმონოპოლიურ სამსახურს, გოგოლაშვილის თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციაა, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური საქართველოში იყოს სამსახური, რომელიც ყველა დარგში მოახდენს შესაბამის ზედამხედველობას და დაიცავს თავისუფალ კონკურენციას.

ამიტომაც  რეგულაციები, რომელთა ამუშავებასაც საქართველო ახალი კანონპროექტით აპირებს   შესაძლოა არ აღმოჩნდეს ევროკავშირისთვის საკმარისი.

მთავარი აქ ახალი სამსახურის სტატუსია, რაც კანონპროექტის მხოლოდ ბაზრის ანალიზით შემოიფარგლება.

” თუ მართლა ანალიტიკური ფუნქციები ექნება, არა მგონია ევროკავშირმა მიიღოს ეს, როგორც დაკმაყოფილებული პირობა და დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” – მიაჩნია გოგოლაშვილს.

მისი თქმით, ”ეს უნდა იყოს ავტორიტეტული უწყება, რომელსაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რეალურად მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები, მაგალითად დადგენილების გამოტანა, რომ რომელიმე საწარმო არღვევს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას. ქმედითი ანტიმონოპოლიური სამსახური არა მხოლოდ ანალიტიკური სამსახურია, არამედ ისეთი, რომელსაც აქვს უფლება გამოიტანოს გადაწყვეტილება” .

”მეტის მოთხოვნა” არათუ დააზარალებს საქართველოს ეკონომიკას, არამედ ”დაახრჩობს” კიდეც. ასე ფიქრობ ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე პრეზიდენტი გია ჯანდიერი, რომელიც ამბობს, რომ ახალი კანონპროექტი ბიზნესის წინააღმდეგ არის მიმართული.

მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სწრაფი ეკონომიკური ზრდა სჭირდება და კანონი, რომელიც ევროპის ქვეყნებში მუშაობს, არ იქნება გამოსადეგი ქართული ეკონომიკისთვის. მეტიც, ის ფიქრობს, რომ უკეთესია საქართველომ უარი თქვას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ურთიერთობაზე, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა ”დაიხრჩოს მარეგულირებელი ინსტიტუტების ხელში”.

ჯანდიერი ფიქრობს, რომ ახალი მარეგულირებლის შექმნა, რომელიც ბაზარს გააკონტროლებს ბიზნესის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ჯერ არ არის გაწერილი კონკრეტული კრიტერიუმები, რითიც იხელმძღვანელებს ანტიმონოპოლიური სამსახური,  თუმცა ჯანდიერი ეჭვობს, რომ ნებისმიერ დროს გაწერილი კრიტერიუმები, შესაძლოა იყოს მიზეზი ბიზნესზე წნეხის.

”დღეს თუ ჩაწერ, რომ თუ 35% გაქვს, ბაზრის მონოპოლიაა, ხვალ შეიძლება ჩაწერონ,რომ 15%-ა და დაერიონ ბიზნესს, ვინც შეხვდებათ და მერე თქვან, რომ ახლა ჩვენ გვჭირდება უფრო მძლავრი მექანიზმი შემოწმებისა და უფრო მეტად უნდა ჩავუჯდეთ ბიზნესებს თავის საქმიანობაში. ასეთი მიდგომა არის სახიფათო ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის” – ამბობს ჯანდიერი.

თუმცა ბიზენსს ”დარევა”,  ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ამ ეტაპზე არ ემუქრება.  მიზეზი კი ის არის, თუ ანტიმონოლიურ სამსახურს მხოლოდ ანალიტიკური ფუნქცია ექნება, მას საშუალება ექნება მხოლოდ სასამართლოს დახმარებით მიმართოს ბაზარზე არსებულ მონოპოლიებთან ბრძოლას.

თუმცა გოგოლაშვილისგან განსხვავებით, სწორედ სამსახურის ეს ფუნქცია მოსწონს ეკონომიკის ექსპერტ ნოდარ ხადურს, რომელიც ფიქრობს, რომ სამსახურის აღდგენა აუცილებელია:

”ეს არ უნდა იყოს ბიზნესის დამტერორებელი ორგანიზაცია, ანალიტიკური უნდა იყოს და მან თავისი ძირითადი საქმიანობა უნდა წარმართოს სასამართლოს მეშვეობით…მას არ უნდა ჰქონდეს ისეთი უფლებები, რომელიც შეიძლება შემდეგ ვიღაცამ პოლიტიკური ან სხვა მიზნებით გამოიყენოს”,– ამბობს ხადური.

მიზეზი, რომლის გამოც  ხადურს მიზანშეუწონლად მიაჩნია ანტიმონოპოლიური სამსახურის უფრო მეტი უფლებებით აღჭურვა, ვიდრე ეს ანალიზია,

 ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის პოზიტიურობის შსაფასებლად  ხადურს  “უახლესი პოლიტიკური ისტორიის მაგალითები” მოჰყავს:

”პრეზიდენტის გამოსვლები მარილთან დაკავშირებით იყო პირველი სერიოზული პრობლემა, როცა მარილის მონოპოლიებთან ბრძოლა პრეზიდენტმა დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ერთ-ერთ კომპანიაში კი  შევიდა საგადასახადო და დალუქა ეს კომპანია, რის შმდეგაც თბილისი სარეცხი ფხვნილის და საპნის გარეშე დარჩა.

ასევე შეგახსენბთ პრეზიდენტის გამონათქვამს, რომ პრობლემებია ფარმაცევტულ ბაზარზე,  რომ სხვა სფეროებშიც არის მონოპოლიები.  ამას მოჰყვა გიორგი ხუბუას განცხადება, რომ თბილისის აერტოპორტი თავის მდგომარეობას ბოროტად იყენებს. შაქარზეა ახლა სერიოზული პრობლემები, ასევე საწვავზე. ანუ აღმოჩნდა, რომ საჭირო ყოფილა ისეთი ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს, რომ ბაზარზე არ მოხდეს ასეთი ტიპის ძალაუფლების მქონე კომპანიების ჩამოყალიებება.”

თუმცა გია ჯანდიერი ფიქრობს, რომ მონოპოლიების არსებობის პრობლემა ”საქართველოს მთავრობის დამსახურებაა”. მისი აზრით  სახელმწიფო ერთი ხელით მონოპოლიებს ქმნის, მეორე ხელით კი მასთან ბრძოლას იწყებს.

მის მიერ დასახელებულ მაგალითებს შორის საქართველოს ტელეკომი და თელასია, რომლებმაც ჯანდიერის თქმით  ”მონოპოლიის პრივილეგიები იყიდეს”.

ჯანდიერის თქმით,  არსებული მარეგულირებლები (კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა) უფუნქციო სამსახურებია, ”რომლებსაც,  თუ მთავრობამ პანღურები არ ურტყა, მანამდე არ ახსენდებათ, რომ ისინი შექმნილები არიან მომხმარებლის უფლებების დასაცად და არა მეწარმეების ინტერესების დასაცავად და ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით, ეს ანტიმონოპოლიური სამსახური, თუ მას ბევრი ფუნქცია ექნება, მათ შორის აღმოფხვის ფუნქციები, ის პირიქით დამცველი გახდება ზოგიერთი მონოპოლიების და ხელს შეუშლის მათთან კონკურენციაში შესვლას და არა ისეთი კეთილშობილური მიზნებები ექნება,  როგორსაც  ასახელებენ.”

ჯანდიერი ამბობს, რომ ქვეყანაში ასეთი ინსტიტუტების პოლიტიზირებას ვერ ავცდებით, იმიტომ, რომ საქართველოს გამოცდილება, დემოკრატიული ინსტიტუტების  სწორად გამოყენებისა, მწირია .  

“თუ პოლიცია კორუმპირებულია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიცია უნდა გავაუქმოთ, არამედ ნიშნავს იმას, რომ საჭიროა კორუფციის კონტროლის მექანიზმი შემოვიღოთ” – ამბობს გოგოლაშვილი ანტიმონოპოლიური სამსახურის შესაძლო პოლიტიზირებაზე .

კანონპროექტს ანტიმონოპოლიური სამსახურის შესახებ, რომელიც პარლამენტში 15 თებერვალს შევიდა, საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი