ეკონომიკა

თემურ ჭყონია ადასტურებს, რომ წალენჯიხაში ბიზნესის დაწყებას აპირებს

4 ნოემბერი, 2021 • 6021
თემურ ჭყონია ადასტურებს, რომ წალენჯიხაში ბიზნესის დაწყებას აპირებს

ბიზნესმენი თემურ ჭყონია აპირებს, რომ შეხვდეს წალენჯიხის ახლად არჩეულ მერ გია ხარჩილავას და ამ მუნიციპალიტეტში გარკვეული ბიზნესის დაწყებას არ გამორიცხავს. ამ საკითხზე ჭყონიამ ნეტგაზეთთან ისაუბრა.

“მე დამაინტერესა მერმა, რომელიც წალენჯიხაში აპირებს იმ პროექტების გახორციელებას, რომელშიც შემიძლია მონაწილეობა. მომეწონა მისი ხედვები, მომეწონა, რომ გაიმარჯვა, მომეწონა, რომ მონდომებულია. ჩვენ  თუ ვსაუბრობთ, რომ კოალიციური მმართველობა უნდა იყოს პროგრესული საქართველოში, ამას ხელშეწყობა უნდა. ბიზნესაზარტია“, – ამბობს ჭყონია.

ბიზნესმენის თქმით, წალენჯიხაში აქამდე ნამყოფი არაა და ახლა აპირებს ჩასვლას. შესაბამისად, წინასწარ მოფიქრებული არ აქვს, რა ტიპის ბიზნესის განხორციელება შეიძლება ამ მუნიციპალიტეტში.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით მმართველ გუნდს გაანაწყენებს, ბიზნესმენი ამბობს: “არა მგონია, მმართველი გუნდის განაწყენება გამოიწვიოს ქვეყნის განვითარებამ”.

ჭყონიას თქმით, საუბარია ახალი ბიზნესის დაწყებაზე და არა უკვე არსებულის გადატანაზე წალენჯიხაში.

“ბიზნესის გადატანა არ ნიშნავს ქვეყნის განვითარებას. ბიზნესი თუ გადაიტანე, იგივე ერთი ბიზნესი რჩება. ბიზნესის გადატანა გაძლიერებას არ ნიშნავს. ბიზნესი უნდა განვითარდეს. ბიზნესის გაძლიერება ნიშნავს, როცა მეორეს აფუძნებ.

ჩემი ინტერესი წალენჯიხის მიმართ გაზრდილია იმის გამო, რომ მე ვუსმინე მერს… მაინტერესებს ასეთ მერთან საუბარი და შესაძლებელია შევისწავლო წალენჯიხის გარშემო [ბიზნესის შესაძლებლობები]. ბიზნესის გადატანა არ გამიგია… სისულელეა, ეგ არის გოიმობა. ჩვენ ხომ წალენჯიხას არ ვემსახურებით და ვემსახურებით საქართველოს. ამიტომ, კარგმა მერმა ქედაში რომ გაიმარჯვოს, მერე ქედაში გადავიტანოთ და ასე ვიაროთ ბიზნესით?!”, – ამბობს ჭყონია ნეტგაზეთთან.

წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. ამასთან, წალენჯიხის და კიდევ 6 საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგა.“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ საცხოვრებლად წალენჯიხაში გადადის. მან ბიზნესმენებს მოუწოდა, გადაიტანონ თავიანთი კომპანიების ანგარიშები და დატოვონ მოგება წალენჯიხაში.

“ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ უნდა ნამდვილი დემოკრატია და როგორ იმართება თვითმმართველობა”, — თქვა მამუკა ხაზარაძემ.

წალენჯიხაში კლინიკის გახსნის შესაძლებლობაზე ისაუბრა ზუგდიდის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ექიმმა ანზორ მელიამ.

“მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში” — მამუკა ხაზარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი