საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 2,265.4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია განვლილი წლების მანძილზე. საერთაშორისო რეზერვების ეს მონაცემი 22.3 მილიონი აშშ დოლარით აღემატება წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს – 155.0 მილიონი აშშ დოლარით.
საერთაშორისო რეზერვები მაღალლიკვიდური უცხოური აქტივებია, რომლებსაც ფლობს ეროვნული ბანკი და რომლებიც გამოიყენება საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დასაფინანსებლად ან სხვა მიზნით, საჭიროების მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ დასახული მიზნის მისაღწევად, საქართველოს ეროვნული ბანკი შუალედურ ორიენტირად ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთს იყენებს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დაფიქსირებით, ეროვნული ბანკი ცდილობს, ზეგავლენა მოახდინოს ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთზე, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება კომერციული ბანკების ჯერ მოკლევადიან, ხოლო შემდგომ გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებზე და საბოლოო ჯამში ქვეყანაში ერთობლივ მოთხოვნაზე. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკი შუალედურ ორიენტირად იყენებს სარეზერვო ფულის მასას, რაც ერთობლივი მოთხოვნის განმსაზღვრელ კიდევ ერთ ფაქტორს წარმოადგენს. საოპერაციო ორიენტირად, რომელზეც უშუალოდ ხდება ფულად-საკრედიტო ინსტრუმენტებით ზემოქმედება, აიღება სარეზერვო ფულში შემავალი ლიკვიდური სახსრები – ბანკების რეზერვები. ამდენად, მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას უმთავრეს შუალედურ ორიენტირებად სწორედ ზემოაღნიშნული მაჩვენებლები გამოიყენება.
არსებული საგარეო ვალის ფონზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ასევე, ქვეყნის სავალუტო რეზერვების აკუმულირებას, რაც ეროვნული ბანკის ინტერვენციებითა და საზღვარგარეთის დონორი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიღებული ფინანსური დახმარებით მიიღწევა (მოკლევადიან პერიოდში ერთჯერადად სავალუტო რეზერვებს ავსებს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან მიღებული უცხოური ვალუტა).