ეკონომიკა

2010 წლის ბათუმის საბიუჯეტო პოლიტიკა

22 იანვარი, 2010 • 1951
2010 წლის  ბათუმის საბიუჯეტო პოლიტიკა

აღმასრულებელმა ორგანომ ახალი 2010 წლის ბიუჯეტი საკრებულოს დადგენილ ვადებში მიაწოდა. საფინანსო საბიუჯეტო კომისიას ეჭვი არ ეპარება, რომ ბიუჯეტი ქალაქში სოციალური ფონის გათვალისწინებით მოსახლეობიდან წამოსულ პრიორიტეტებზე გაიწერა. თუმცა, მთავარი ფინანსური დოკუმენტის ხარჯვითი ნაწილის განხილვას მოსახლეობასთან ერთად მაინც გეგმავს. საფინასო-საბიუჯეტო კომისიას განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილის შენიშვნები აინტერესებს, ვინც მერიის მიერ ჩამოყალიბებულ სტრუქტურებში მოღვაწეობს და პირდაპირ ქალაქის  ბიუჯეტიდან ფინანსდება”.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მერიამ კუთვნილ პერიოდულ ორგანოში (ბათუმური ქრონიკები) 23 ნოემბერს გამოაქვეყნა, მეორე დღესვე დაურიგდათ პროექტი საკრებულოს წევრებსაც, თუმცა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში შენიშვნები  დასკვნის სახით ჯერ არც ერთ კომისიას არ წარუდგენია.

ურბანული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოციალური ხარჯების ეფექტიანობის ამაღლება, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მიზანზე ორიენტირებული საბიუჯეტო პროცესების დანერგვა, ბათუმის მერიამ 2010 წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებად დაასახელა.

ორ მილონ ლარზე მეტია გამოყოფილი სოციალური დაცვის პროგრამებისთვის, 47 213,5 ათასი ლარი ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, 13 479,5 ათასი  სანიაღვრე არხების რეაბილიტაციისთვის, 8 715,4 ათასი ლარია გათვალისწინებული განათლების პროგრამებისთვის, სამი მილიონი ლარით დაფინანსდება სკოლამდელი დაწესებულებები, ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტი მთლიანობაში 130 მილიონ 677 ათას 700 ლარით განისაზღვრა.

სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ხარჯვით პოლიტიკისა და ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მერია ისევ მუნიციპალური პროგრამების ხარჯზე გეგმავს, მათ შორის ერთ-ერთია `ამახნაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. ამ პროგრამისთვის 2010 წლის ბიუჯეტში 7 420,0 ათასი ლარია გათვალისწინებული.

პირობები უცვლელია, პროგრამით ვერ ისარგებლებს ამხანაგობა, რომელსაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადების 50 პროცენტზე მეტი არ აქვს დაფარული. სწორედ ამ შეზღუდვის გამო, 2009 წლის დაფინანსებით, ამხანაგობებმა ვერ ისარგებლეს და მისი დამტკიცებიდან ცხრა თვის შემდეგ თანხები, საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, სხვა კუთხით გადანაწილდა. იგივე პირობებით ფინანსდება ამხანაგობები 2010 წლის ბიუჯეტშიც.

ამხანაგობების ასოციაციის თავმჯდომარე შორენა ჩიქოვანი თვლის, რომ დავალიანება, რის გამოც 2009 წლის პროგრამით გათვალისწინებული თანხები ვერ აითვისეს, შესაძლოა 2010 წლისთვის ბარიერად აღარ იქცეს, რადგან არჩევნები მოდის: `როგორც წესი, წინასაარჩევნოდ საოცარი ამბები ხდება, ბოლო არჩევნებზე განაცხადებსაც არ დალოდებიან _ სადმე თუ სახურავი და ლიფტი იყო დაზიანებული, ყველაფერი შეაკეთეს. საერთოდ, კარგი იქნებოდა თუ ის ფული ამხანაგობებისთვის იყო, დაეფარათ დავალიანება ხალხისთვის და წყალკანალთან ხელშეკრულების საფუძველზე ნულიდან დაგვეწყო ურთიერთობა, მაგრამ ეს არ გააკეთეს~.
ფრაქცია `რესპუბლიკელების~ წარმომადგენლებმა ბიუჯეტის პროექტის შეფასებისგან თავი შეიკავეს: `ჯერ კიდევ შესწავლის პროცესში ვართ~. ლეიბორისტმა დავით რობაქიძემ კი საკრებულოს ინიციატივას ბიუჯეტის სხვადასხვა დაწესებულებაში საჯაროდ განხილვის შესახებ, წინასაარჩევნოდ ხალხის `დაბოლების~ მცდელობა უწოდა: “დააკვირდით ამ შეხვედრებს, ესენი რას გაითვალისწინებენ. ეს `ნაცმოძრაობის~ პიარ აქციებია. მე ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ”.

განხილვის პროცესშია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2010 წლის ბიუჯეტის პროექტიც. უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო საკითხთა კომისიის წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის განცხადებით, მათი ძირითადი შენიშვნა პროექტის სახელფასო ნაწილსა და პრემიებზე ორიენტირებამ გამოიწვია: `ბიუჯეტში მიზერული თანხები მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის~.
აჭარის 2010 წლის ბიუჯეტის პროექტი გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით 42 მილიონით არის შემცირებული. ეს ის თანხებია, რასაც ცენტრალური ბიუჯეტი აჭარის ბიუჯეტს, ტრანსფერის სახით, მუნიციპალიტეტების დაფინანსების მიზნით აწვდიდა. მომავალ წელს ამ თანხებს მუნიციპალიტეტები ტრანსფერის სახით ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი