ეკონომიკა

ქოქოლაძე ”ელიტ- ელექტონიქსის” დაბრუნებას ცდილობს

29 ივლისი, 2010 • 1516
ქოქოლაძე ”ელიტ- ელექტონიქსის” დაბრუნებას ცდილობს

„ელიტ-ელექტრონიქსის“ ყოფილი მმართველი და მფლობელი, ანზორ ქოქოლაძე  ტიბისი ბანკის გენერალურ დირექტორს ოფიციალურ წერილს უგზავნის, რომელშიც კომპანიის გაყიდული აქციების 55%-ის სამმაგ ფასად შესყიდვას სთავაზობს.

შეთავაზების მეორე ნაწილი ითვალისწინებს რეაბილიტაციის გეგმის შესრულებას, რასაც ქოქოლაძის თქმით, არსებული მენეჯმენტი ვერ ახერხებს.

„სიმართლე გითხრათ, არ ველოდები, რომ პასუხს მივიღებთ, იმიტომ, რომ ამ დრომდე არც ერთ წერილზე, არც ერთ განცხადებაზე პასუხი არ გაუციათ არც ჩვენთვის და არც აზრიანი პასუხი გაუციათ საზოგადოებისთვის“,-აცხადებს ქოქოლაძე.

 2010 წლის მაისში ტიბისი ბანკმა 116 ათას ლარად შეიძინა კომპანია „ელიტ-ელექრონიქსის“ აქციების 55%.  ანზორ ქოქოლაძე, აქციების გამოსყიდვის სანაცვლოდ, ვახტანგ ბუცხრიკიძეს, ბანკის გენერალურ დირექტორს სწორედ ამ თანხის სამმაგ ოდენობას სთავაზობს.

თუმცა თავად ქოქოლაძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ, მისი ვარაუდით, აქციების ფასი 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.

„მიუხედავად იმისა, რომ აქციონერი ვარ და წერილობით რამდენჯერმე მივმართე კომპანიას, ვერ მივიღეთ ვერანაირი ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.“

თუმცა მისი თქმით, დაახლოებით ეს თანხა ღირდა კომპანიის აქციები, „სანამ ტიბისი „ელიტ-ელექტრონიქსის“ მიტაცებას ცდილობდა“.  2008 წელს თავად ტიბისი ბანკმა „ელიტ-ელექტრონიქსი“ 80 მილიონ აშშ დოლარად შეაფასა.

პირველი სასამართლო პროცესი ”ელიტ-ელექტრონიქსის” გადახდისუუნარობაზე გაიმართა.  ეს პროცესი ბანკმა მოიგო კიდეც. შემდეგ კი კომპანიაში არსებული მენეჯმენტი დაითხოვა და ახალი  შეიყვანა, რომელიც დღემდე მას მართავს.

ქოქოლაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას მიკერძოებულს უწოდებს და აცხადებს, რომ კომპანიას არასოდეს დაურღვევია ხელშეკრულება და კეთილსინდისიერად იხდიდა კრედიტს.

რეალურად, ხელშეკრულების პირობები დაირღვა, თუმცა მას შემდეგ, რაც კომპანიაში ახალი მენეჯმენტი შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალმა მენეჯმენტმა საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები დაარღვია, ბანკმა მას 500 ათასის ოდენობით სესხი მისცა.

ქოქოლაძე  ფიქრობს, რომ ბანკის ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიზეზი ის არის, რომ ტიბისი ბანკი არ იყო დაინტერესებული კრედიტის დაბრუნებით. მისი თქმით, ტიბისი ბანკის ინტერესი კომპანიის ხელში ჩაგდება იყო.

ამ ეტაპზე სასამართლოში სარჩელი უკვე ქოქოლაძეს აქვს შეტანილი. იგი „ელიტ-ელექტრონიქსის’ ყოფილმა მმართველმა მაისის  ბოლოს შეიტანა, კომპანიის გასხვისების ბათილად ცნობის შესახებ.

“იმედი მაქვს, ტიბისი ბანკი დაიღლება და დააბრუნებს აქციებს. ჩვენ არ დავიღლებით, იმიტომ, რომ  მხოლოდ ფინანსური ინტერესი არ გვაქვს. ჩვენი ინტერესი ის არის, რომ 14 წლის მანძილზე ვქმნიდით ამ კომპანიას”,-აცხადებს ქოქოლაძე.

რაც შეეხება შეთავაზების მიღებას, ქოქოლაძე ამბობს, რომ იმედი აქვს, ტიბისი ბანკმა ეს წინადადება მიიღოს.

“წესით, თუ ჭკუა აქვთ, უნდა დათანხმდნენ. რაც უფრო მალე დააბრუნებენ კომპანიას, მით უფრო უკეთესია მათთვისაც, კრედიტორებისთვისაც, ჩვენთვისაც და კომპანიისთვისაც, „ელიტ-ელექტრონიქსი“ გადარჩება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი