ეკონომიკა

ფასების მოსალოდნელი ზრდა და ინფლაცია

3 თებერვალი, 2015 •
ფასების მოსალოდნელი ზრდა და ინფლაცია

David Narmania– ვერ ვიტყვით, რომ მსოფლიო საფინანსო კრიზისი სურსათის დეფიციტს გამოიწვევს, თუმცა, გაზაფხულზე, შესაძლებელია, ფასები შედარებით გაიზარდოს. ეს რამდენიმე ფაქტორით იქნება გამოწვეული. პირველი: წინა წლის მარაგი ნელ-ნელა მთავრდება და ეს, ზოგადად, ყოველთვის იწვევს ფასების მატებას, მეორე _ მსოფლიო კრიზისიდან გამომდინარე პანიკა. გაუთვიცნობიერებელი მომხმარებელი ყოველთვის ცდილობს, რაღაც მარაგი დააგროვოს. მოთხოვნა პროდუქტებზე იზრდება და, შესაბამისად, მწარმოებელიც ცდილობს ფასები გაზარდოს.

 

თუმცა, არის რამდენიმე ტენდენცია, რომელიც ამ პროცესებს ამუხრუჭებს. ეს საწვავსა და ხორბალზე ფასების შემცირებაა. დიდი პანიკის საფუძველი, მსოფლიო ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით, სასურსათო უზრუნველყოფის თვალსაზრისით, არ არსებობს, არც მსოფლიოში და არც ჩვენთან. 

 

ეს არის იპოთეკური კრიზისი, რომელმაც შემდგომ სხვა სფეროებზე იმოქმედა: ძირითადად, საფინანსო სექტორზე, ბანკებზე, სამშენებლო, საავტომობილო სექტორზე, ტურიზმზე, ანუ არა პირველადი მოთხოვნების პროდუქტებზე, არამედ, ძირითადად, ფუფუნების საგნებზე.

 

ასეთ დროს ადამიანები ცდილობენ დაზოგონ თანხა და ძვირადღირებული საგნები არ შეიძინონ, რადგან ფიქრობენ, რომ ფული სურსათისთვის დასჭირდებათ.

 

– ეს დანაზოგი და პანიკა გარკვეულ დეფიციტს ხომ არ შექმნის?

 

– ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება ფასები გაზარდოს პროდუქტზე, შესაძლებელია, იყოს პანიკაც. თუმცა, ეს არ უნდა იყოს მკვეთრი ზრდა. გაზაფხული და პანიკა _ ამ ორი ფაქტორის გარდა, სხვა მიზეზი არ არსებობს.

 

– თუ ეს მიზეზები ფასებს გაზრდის უცხოეთში, მაშინ ჩვენთან რა სიტუაცია იქნება? გასათვალისწინებელია, რომ საქართველო, ძირითადად, იმპორტზეადამოკიდებული.

 

– საქართველო, დიდწილად, იმპორტიორი ქვეყანაა. მათ შორის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისაც, მაგრამ, ზოგადად, მსოფლიო ბაზარზე ისეთი მატება არ იქნება, რომ ამან ჩვენთან ფასები საგრძნობლად გაზარდოს.

 

– თქვენი ვარაუდით, რამდენი პროცენტით გაიზრდება ფასები?

 

_ ალბათ, 10-15-პროცენტით. ეს შესაძლებელია პანიკის საფუძველი არ იყოს, მაგრამ საკმაოდ უარყოფითად იმოქმედებს იმ ადამიანების ჯიბეზე, რომლებიც მინიმალურ ანაზღაურებას იღებენ ან, საერთოდ, სოციალურად დაუცველნი არიან. ამ ადამიანებს დღესაც უჭირთ და ფასების მატების შემთხვევაში კიდევ უფრო გაუძნელდებათ ცხოვრება.

 

– ხორბალზე ფასის კლება პურზე ფასს სტაბილურს გახდის?

 

– წესით პურზე ფასი უკვე შემცირებული უნდა იყოს. კარგა ხანია ხორბლის ფასი საერთაშორისო ბირჟაზე დაეცა, მაგრამ ჩვენთან მაინც წინა ფასებია შენარჩუნებული. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, რამდენიმე თეთრით შემცირდეს პურის ფასი.

 

– ანუ პურზე ფასი დაიკლებს?

 

_ დიახ, მოსალოდნელია, თუმცა ესეც არ იქნება დიდი შემცირება, მაქსიმუმ 5 თეთრი კილოგრამზე.

 

– თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები საქართველოს ხელისუფლებამმეზობელ თუ პარტნიორ ქვეყნებთან იმიტომაც გააფორმა, რომ შემოტანილიპროდუქტები იაფი იყოს და მოსახლეობამ კრიზისი გადაიტანოს?

 

_ ზოგადად ასეთი ხელშეკრულება ორ რამეს უწყობს ხელს _ ერთი, ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის წახალისებას, მეორე იმას, რომ იმპორტირებული პროდუქტი ქვეყანაში უფრო იაფად მოხვდეს. რადგან ჩვენ იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ და ექსპორტი უფრო შეზღუდული გვაქვს, ასე პროდუქციის დაუბრკოლებლად შემოსვლას შეეწყობა ხელი. ამით, ბუნებრივია, ადგილობრივი წარმოება ზარალდება. ადგილობრივი პროდუქციის წარმოება საკმაოდ შეზღუდული გვაქვს, თუ არ ჩავთვლით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. მაგალითად, კარტოფილი, პომიდორი, კიტრი და ა.შ. რაც ექსპორტირებულთან შედარებით გაცილებით უფრო ხარისხიანია.

 

-თუმცა, ის პროდუქტებიც კი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, მაინც მეზობელიქვეყნებიდან შემოაქვთ…

 

_ დიახ. ასეთი ხელშეკრულებები, ძირითადად, ისეთ ქვეყნებს აწყობთ, რომლებსაც კარგად განვითარებული წარმოება აქვთ.

 

-ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ამ სახის ხელშეკრულებები დეფიციტის თავიდანასაცილებლად და კრიზისიდან გამოსასვლელად დაიდო?

 

-არ ვეთანხმები. სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან ეს ხელშეკრულებები უკვე რამდენიმე წელია არსებობს. ასე იყო რუსეთთანაც, სანამ ემბარგო არ დააწესა რუსეთმა. იგი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში მოქმედებდა. ასე რომ, არა მგონია მიზეზი ეს იყოს.

 

-ამ მოსაზრების მომხრეები ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, საქართველო სწორედ ასეთი სახის ურთიერთობებმა გადაარჩინა.

 

– შესაძლებელია. თუმცა, ერთია, როცა მოსახლეობა შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქტებით სარგებლობს და ეს მას აწყობს, მაგრამ მეორეა, რამდენად წაადგება ეს ქვეყანას?! ქვეყანა სოლიდურ შემოსავლებს კარგავს იმის გამო, რომ საბაჟო გადასახადებისგან ათავისუფლებს იმპორტიორს. ეროვნული წარმოების დაცვის მექანიზმები აღარ არსებობს.

 

– მაშინ, რა მიზნები აქვს 20 ქვეყანასთან დადებულ თავისუფალი ვაჭრობისხელშეკრულებას?

 

– განმარტება, სადაც დასაბუთებული იქნებოდა ეს მიზნები, არ არსებობს. რას ფიქრობს ხელისუფლება ამაზე, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ. ისინი ამის დეკლარირებას არ აკეთებენ, უბრალოდ, აცხადებენ, რომ ამით ექსპორტს შეეწყობა ხელი. თუმცა, მედლის მეორე მხარეს არ ამხელენ.

 

–  ისევ დეფიციტის თემას დავუბრუნდეთ. თუ ფასები გაიზარდა ყველგან და მათშორის ჩვენთანაც, ეს ინფლაციას გამოიწვევს?

 

–  ინფლაცია მოსალოდნელია. გაზაფხულზე შედარებით მაღალი იქნება ინფლაცია. ასე იყო დეკემბერში, იგივე განმეორდება გაზაფხულზეც.

 

– დაახლოებით, როგორი მასშტაბის ინფლაცია იქნება?

 

_ 2009 წელს, ქვეყანა, სულ მცირე, 12-პროცენტიანი ინფლაციით დაასრულებს, ესეც იმ შემთხვევაში თუ საწვავსა და ხორბალზე ფასები შენარჩუნდება. სხვა შემთხვევაში კი, როგორც გასულ წელს, არაა გამორიცხული ინფლაცია 15-18 პროცენტამდეც გაიზარდოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი