ოპოზიციას მიაჩნია, რომ ე.წ. უფასო სასადილოების პროგრამა სასურსათო
ბარათების სისტემით უნდა შეიცვალოს, `ეს უფრო მეტ ფინანსურ რეზერვს
შექმნის". ოპოზიციას შენიშვნები აქვს სანიაღვრე არხებისა და წყლის
სისტემის რეაბილიტაციის პროგრამებზე. მათი აზრით, პროგრამაში არ არის
გაწერილი თუ რა მოცულობის სამუშაოებზეა საუბარი: რამდენი სანიაღვრე
ობიექტია გასაკეთებელი, რამდენი იქნება გაწეული ხარჯი და როგორ მოაგვარებს
პრობლემას, დიდი რაოდენობის ნალექის მოსვლის შემთხვევაში. `ასევე არ ჩანს
ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობის პროგრამაში რა მოცულობის
სამუშაოებზეა საუბარი".
მთლიანობაში, ბიუჯეტის პროექტი
არაეფექტურადაა შეფასებული. `მკაფიოდ არ აჩვენებს ხარჯების ეფექტიანობას.
დასახული მიზნები არ არის თვალნათელი, სოციალური პროდუქტი და სოციალური
შედეგი ერთმანეთშია არეული", _ აღნიშნულია ოპოზიციის შენიშვნებში.
მომავალი
წლის ბიუჯეტში (მთავრობის არაერთი განცხადების მიუხედავად, რომ პრიორიტეტი
სოციალური სფეროა) საგრძნობლად მცირდება სოციალური სფეროს დაფინანსება.
წელს ჯანდაცვის პროგრამებზე 973 ათასი ლარი დაიხარჯა, მომავალი წლისთვის
კი _ 273 ათასი ლარია გამოყოფილი. სხვა სოციალურ პროგრამებზე 2008 წელს
2,329 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, მომავალი წლისთვის კი 1,759
მილიონი ლარია.
ბიუჯეტში ორი მილიონი ლარი მწვანე ნარგავების, ორ
მილიონზე მეტი ლარი კი არქიტექტურული კომპოზიციების განსათავსებლადაა
გათვალისწინებული. როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე,
ვახტანგ ღლონტი ამბობს, ეს იდეა ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურს
ეკუთვნის, თუმცა არსებობს თუ არა კონკრეტული პროექტი, სადაც დეტალურად
იქნება გაწერილი, თუ სად უნდა განთავსდეს აღნიშნული კომპოზიცები, ვინ
იქნებიან ავტორები და ა.შ. _ უცნობია. "ეს ორი მუხლი ქალაქის ბიუჯეტის
თითქმის ხუთი პროცენტია. არაფერია ნათქვამი რატომაა ეს პრიორიტეტი", _
წერია ფრაქცია "რესპუბლიკელების" შენიშვნებში.
კომპოზიციების
დადგმა არც ვახტანგ ღლონტისთვისაა პრიორიტეტული. "ამ ტიპის კომპოზიციები
ევროპის ქალაქებში კეთდება, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე, რომ ამ თანხის
ნაწილი გენერალ მაზნიაშვილისა და გრიგოლ ლორთქიფანიძის კომპოზიციების
დასადგამად გადმოსროლილიყო~, _ ამბობს იგი. მისი თქმით, ეს ადამიანები
ბათუმის გადასარჩენად ხმლით იბრძოდნენ. მან შენიშვნები შეიტანა პირველი
ქალაქის თავის, ლუკა ასათიანისა და ეგნატე ნინოშვილის ბიუსტებთან
დაკავშირებითაც. ამ ორი ბიუსტის დადგმა წელს იგეგმებოდა.
ოპოზიცია
ფიქრობს, რომ ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდეს სილამაზის კონკურსი. მათი
აზრით, ეს პროექტი კომერციული უნდა გახდეს. ამ ასპექტში ვახტანგ ღლონტი
ოპოზიციას არ ეთანხმება. იგი ამბობს, რომ "სილამაზის კონკურსი"
ქალაქისთვის, "მორალური კუთხით, შეიძლება ქალაქის ნიშა გახდეს". ღლონტს
სურვილი აქვს ბიუჯეტიდან დაფინანსდეს პროექტი _ "ჩემი სახელი და გვარია
ბათუმი", რომელიც 1000 ლარის ოდენობით საპატიო ჯილდოსაც მოიცავს. დაუჭერს
თუ არა მხარს 2009 წლის ბიუჯეტს ვახტანგ ღლონტი, ჯერჯერობით, უცნობია.
"იმას მეკითხებით კაი ბიჭი ვარ თუ არა? სიურპრიზად დავტოვოთ, ნუ
დავასწრებთ მოვლენებს", _ ამბობს იგი.
"ადამიანის უფლებათა დაცვის
ცენტრის" ხელმძღვანელს, მირანდა ჩარკვიანს კი ხუთი შენიშვნა "ამხანაგობის"
პროგრამის ირგვლივ აქვს. მისი აზრით, "ამხანაგობა" თვიმმართველობის
პირველი რგოლია და თუ ასეთი რგოლები არ განვითარდა, წარმატების მიღწევა
შეუძლებელია: "ამასწინათ მოვისმინე განათლების მინისტრის ანგარიში,
რომელმაც საბჭოთა "ზავხოზი" გამახსენა. საუბარი მხოლოდ იმაზე იყო თუ
რამდენი სკოლა გარემონტდა და სად შეიღება კედელი. სამაგიეროდ არაფერი
უთქვამს საგანმანათლებლო მხარეზე. თვითმმართველობის შემთხვევაშიც ასეა.
აქცენტი კეთდება მხოლოდ ციფრებზე, რაღაც პროცენტებზე, მაგრამ არც ერთი
პროგრამა კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული არ არის".