ეკონომიკა

ქუმსიშვილი: ჩვენი მიზანია საქართველო რეგიონული საარბიტრაჟო ცენტრი გახდეს

8 ოქტომბერი, 2015 •
ქუმსიშვილი: ჩვენი მიზანია საქართველო რეგიონული საარბიტრაჟო ცენტრი გახდეს

მემორანდუმს ხელი თბილისში, საერთაშორისო კონფერენციის “რეგიონული არბიტრაჟის განვითარება: რეალობა, გამოწვევები და პერსპექტივები” ფარგლებში მოეწერა.  ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრია და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნიდერლანდების სამეფის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  კვლევების თანახმად, იზრდება რეგიონული საარბიტრაჟო ცენტრების პოპულარობა.

 

“ჩვენს მიზანს წარმოადგენს საქართველოს გარდაქმნა რეგიონალურ საარბიტრაჟო ცენტრად,”– განაცხადა მან.

 

მან ასევე განცხადა, რომ საქართველოში რეგიონული საარბიტრაჟო ცენტრის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ინიციატივას მხარს აქტიურად უჭერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

საარბიტრაჟო დღეები თბილისში 2015. ფოტო – ეკონომიკის სამინისტრო
საარბიტრაჟო დღეები თბილისში 2015. ფოტო – ეკონომიკის სამინისტრო

“სახელმწიფოში სანდო, მიუკერძოებელი და ეფექტური საარბიტრაჟო დაწესებულების, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის არსებობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს საინვესტიციო გარემოს განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს ყველა პოტენციალი, მათ შორის გეოგრაფიული მდებარეობა, ენების ცოდნა, კარგი იურისტები, ანუ ყველა პირობა იმისთვის, რომ თბილისი გახდეს საარბიტრაჟო ცენტრი რეგიონში“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი 2013 წელს სავაჭრო–სამრეწველო პალატის ინიციატივით დაარსდა. პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმის შესახებ, თუ რას მოუტანს საქართველოს ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოსთან მემორანდუმის გაფორმება

 

“მემორანდუმზე ხელმოწერა იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩვენმა საარბიტრაჟო ცენტრმა საჭიროების შემთხვევაში ისარგებლოს ჰააგის სასამართლოს ინფრასტრუქტურით, სხვა ინსტრუმენტებით, ტექნიკური დახმარებით, საგანმანათლებლო კუთხითაც, ხოლო, თავის მხრივ, ჰააგის სასამართლოს პარტნიორი რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში ხდება საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი,”– განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

 

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი ბექა ინჯია განმარტავს, რომ სტრუქტურულად, საარბიტრაჟო ცენტრი დაფუძნებულია პალატის მიერ, მაგრამ თავის საქმიანობაში სრულიად დამოუკდიებელია, ჰყავს თავისი გამგეობა და საბჭო, სადაც უცხოელი ექსპერტები შედიან. მისივე განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის წესებიც საერთაშორისო კომისიამ შეიმუშავა. 

 

ბექა ინჯია აღნიშნავს, რომ ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს ძალიან დიდი პრაქტიკა აქვს, გაფორმებული მემორანდუმით კი იგეგმება ბევრ სფეროში თანამშრომლობა. მათ შორის არის საგანმანათლებლო კუთხით –  ერთობლივი სემინარებისა და კონფერენციების მოწყობა. ბექა ინჯიას განმარტემით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნიკური თანამშრომლობა:

 

“მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოს აქვს პოლიტიკა, რომ რაც შეიძლება ბევრი რეგიონალური საარბიტრაჟო ინსტიტუტები ჰყავდეს ასოცირებული, რათა მოახდინოს მათთან არსებული დავების გაიაფება, ანუ ხარჯების შემცირება. მათ შეუძლიათ, ჩვენს რეგიონში არსებული რაღაც დავა, რომელიც მათ მიერ არის ადმინისტრირებული, საქართველოში მოიტანონ და ლოჯისტიკა და ა.შ. იქნება უფრო იაფი. როგორც ჩვენ გავუკეთებთ ამის მომსახურებას იმ დავებს, რომელიც არის მათთან, ასევე პირიქით, თუ იქნება ჩვენ მიერ ისეთი დავები, რომელიც იქნება დაკავშირებული ჰოლანდიაში და იმ ტერიტორიაზე, ჩვენ თავისუფლად გამოვიყენებთ მათ რესურსებს,”– ამბობს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი ნეტგაზეთთან საუბრისას.

 

მისივე განცხადებით, საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრს 2 საქმე აქვს მიღებული, მაგრამ კონფიდენციალურია, თუ რას ეხება ეს საქმეები. ბექა ინჯია იმედოვნებს, რომ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მიმართვიანობა გაიზრდება.

 

კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოამდგენელი, მოსამართლე ნინო ბაქაქური. როგორც მან განაცხადა, საქართველოს სასამართლო სისტემა დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში დავების საარბიტრაჟო წესის გადაწყვეტის ეფექტური სისტემა შეიქმნას.  მანვე აღნიშნა, რომ სწორედ საქართველოს უზენაესი სასამართლო არის ის დაწესებულება, რომელიც საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს საქართველოს ტერიტორიაზე აღასრულებს. 

 

 

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, შომბი შარპმა, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ასოცირებს ხელშეკრულება მოითხოვს, ქვეყანაში არბიტრაჟი და დავების ალტერნატიული გადაწყვეტა დამკვიდრდეს, განსაკუთრებით, კომერციულ სექტორში. მანვე აღნიშნა, რომ UNDP ამ კუთხით საქართველოს შესაბამის უწყებებთან პარტნიორობას გააგრძელებს. ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოსა და სომხეთში, იოს დაუმამ კი განაცხადა, რომ დაინტერესებულნი არიან საქართველოში საარბიტრაჟო სისტემის განვითარებით.

 

თბილისში კონფერენცია “რეგიონული არბიტრაჟის განვითარება: რეალობა, გამოწვევები და პერსპექტივები” 8 ოქტომბერს გაიხსნა და 3 დღე გაგრძელდება. კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს მთავრობის წევრები, მოსამართლეები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე არბიტრაჟის დარგის წამყვანი სპეციალისტები მიიღებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი