ეკონომიკა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორები: პრობლემებს ქმნის ნედლ ნავთობზე ბუნებრივ დანაკარგებზე კანონის არქონა

29 სექტემბერი, 2015 • • 1814
ნავთობპროდუქტების იმპორტიორები: პრობლემებს ქმნის ნედლ ნავთობზე ბუნებრივ დანაკარგებზე კანონის არქონა

“ბუნებრივი დანაკარგების აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება, რათა კომპანიებმა არ გაიღონ გაუთვალისწინებელი ხარჯები ბუნებრივი დანაკარგების გამო ნავთობტერმინალის მიმართ საჯარიმო სანქციების წაყენებასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

 

მათივე თქმით, ბუნებრივი დანაკარგების ნორმების დადგენა ეხება ძირითადში ნედლ ნავთობს:

 

“სანავთობო ტერმინალები გადასატვირთად იღებენ ნედლ ნავთობს აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და სხვ. სადაც გამოიყენება ტრანსპორტირებისას არსებული ბუნებრივი დანაკარგების ერთიანი რეგიონალური ნორმები. საქართველოში ჯერ არ არსებობს საკანონმდებლო აქტი ნედლ ნავთობზე ბუნებრივი დანაკარგების შესახებ, რაც ართულებს პროცესს. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც პროდუქტის ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლებიდან  გამომდინარე, მაღალია ბუნებრივი დანაკარგები. ცნობისათვის, საზღვაო ნავთობტერმინალების საშუალებით ხდება რამდენიმე ათეული მილიონი ტონა ნავთობის მიღება-გატარება”,- აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

 

როგორც აღნიშნულ ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ 2014 წლის 17 სექტემბერს  მიმართეს საქართველოს პარლამენტს თხოვნით „ნედლი ნავთობის ბუნებრივი დანაკარგების ნორმების“ დებულების  მიღებასთან დაკავშირებით.

 

“აღნიშნული საკითხი შესასწავლად გადაეგზავნა სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, რის შედეგადაც სააგენტოში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ ჩვენი კავშირის, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და საკუთრივ სააგენტოს წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა „ნედლი ნავთობის ბუნებრივი დანაკარგების ნორმების შესახებ“ დებულების პროექტი, რომელსაც ეთანხმებიან საქართველოში მოქმედი ნავთობტერმინალები. სააგენტოს ჩვენი კავშირის მიერ შემუშავებული დოკუმენტის პროექტის მიმართ თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე შენიშვნები არ გააჩნია.

 

2015 წლის 10 ივლისს  საქართველოს პარლამენტმა მიიღო  კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, სადაც ჩვენ მიერ დასმული საკითხი, სამწუხაროდ, არ არის გათვალისწინებული”, – აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

 

მათივე ცნობით, კომპანიებს ნედლ ნავთობზე ბუნებრივი დანაკარგების შესახებ კანონის არქონის გამო რიგი პრობლემები ექმნებათ, რაც ასევე ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე:

 

“თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული სფეროს განვითარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო სტრატეგიული-სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ამავდროულად, ამ სფეროში დასაქმებული კომპანიები გახლავთ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი, დამსაქმებელი, ინვესტორი კომპანიები…

მივმართავთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, რათა ზემოაღნიშნული საკითხი დროულად იქნეს გადაწყვეტილი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ მეტად მნიშვნელოვანი დარგის განვითარებას”, – აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

მასალების გადაბეჭდვის წესი