ეკონომიკა

პარლამენტმა 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

17 ივლისი, 2015 • • 1242
პარლამენტმა 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

“რეგიონში და ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე, შეიცვალა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ნაცვლად 5%-ისა განისაზღვრა 2%-ის ოდენობით. მნიშვნელოვანია, რომ საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში კვლავ 3%-ის ფარგლებში რჩება” – განაცხადა კაკაურიძემ.  

 

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული ცვლილებით, საგადასახადო შემოსავლების გეგმა მცირდება 200 მლნ ლარით, თუმცა იზრდება სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრები, კერძოდ:

 

ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი

  • დონორებთან გაწეული მოლაპარაკებების შედეგად საბიუჯეტო დახმარების სახით მიღებული გრანტები იზრდება 41,0 მლნ ლარით, ხოლო კრედიტები იზრდება 185,0 მლნ ლარით, სულ დამატებით მივიღებთ 226,0 მლნ ლარს;
  • მობილური ოპერატორების მიერ მეოთხე თაობის ლიცენზიის შეძენისათვის გადახდილი სახსრებით დამატებით მობილიზებული იქნება 150,0 მლნ ლარი;
  • სხვა შემოსავლები იზრდება 20,0 მლნ ლარით;
  • სახაზინო ვალდებულებების (შიდა ვალი) აღება მცირდება 100,0 მლნ ლარით;
  • საინვესტიციო კრედიტების ნაწილი მცირდება 71 მლნ ლარით;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბიუჯეტის შემოსულობები არსებულ გეგმასთან შედარებით იზრდება დაახლოებით 25,0 მლნ ლარით.

 

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი

რაც შეეხება გადასახდელების ნაწილს, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებები გულისხმობს მხარჯავი დაწესებულების ასიგნებების შემცირებას 160 მლნ ლარამდე, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში სამინისტროების ასიგნებები მცირდება დაახლოებით 90 მლნ ლარით, ხოლო დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში  70 მლნ ლარამდე და აღნიშნული სახსრები მიიმართება ბიუჯეტით გათვალისწინებულ საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახდელებში. შედეგად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არ იცვლება და კვლავაც შეადგენს 9 575.0 ათას ლარს.

საბიუჯეტო სახსრების ნაწილში მათ შორის მცირდება:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები – 10,0 მლნ ლარი;
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – 5,0 მლნ ლარი;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებები – 12,0 მლნ ლარით (ეს არის მათი ბიუჯეტის მხოლოდ 1.5%, განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი არცერთი პროექტი არ შეჩერდება, შემცირება ხდება მხოლოდ მოსალოდნელი ეკონომიების ხარჯზე);
  • საქართველოს პარლამენტი – 6,0 მლნ ლარით;
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – 9,0 მლნ ლარით;
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 8, მლნ ლარით;
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს – 3.5 მლნ ლარით;
  • გარემოს დაცვის სამინისტრო – 2,0 მლნ ლარით;

არ მომხდარა სოციალური ხარჯების კორექტირება.

 

დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში მცირდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინსიტროს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებები.

 

მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში გამოთავისუფლებული რესურსი მიიმართება ბიუჯეტით გათვალისწინებულ ფონდებში (105 მლნ ლარი), რათა მოხდეს გამოთავისუფლებული რესურსით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.

 

ასევე იზრდება საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებები (53,0 მლნ ლარი).

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ შემოსულობები იქნება 25,0 მლნ ლარით მეტი, აღნიშნული თანხა დამატებით დაგროვდება ბიუჯეტის ანგარიშზე (300,0 მლნ ლარის ნაცვლად დაგროვდება 325,0 მლნ ლარი).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი