კანონი გენმოდიფიცირებული პროდუქტის სავალდებულო მარკირების შესახებ ძალაში 2015 წლის 1 ივლისიდან შევიდა, თუმცა სავაჭრო ქსელში პროდუქციის “გმ” ნიშნით ეტიკეტირება არ მომხდარა.
იყიდება თუ არა საქართველოს ბაზარზე გენმოდიფიციერებული პროდუქცია და როგორ ასრულებს სურსათის ეროვნული სააგენტო კანონს?
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი, კახა სოხაძე ამბობს, რომ ბაზარზე ძირითადად მოწმდება იმპორტირებული სურსათი, რომელიც მსოფლიო გამოცდილებით მიჩნეულია გმო-ს შემცველ რისკპროდუქტად:
“ეს არის სოიო და მისი პროდუქტები, სიმინდი და მისი პროდუქტები, კარტოფილის სახამებელი, ბრინჯი და ა.შ. საქართველოში გმო-ინდუსტრია განვითარებული არ არის და ძირითადად ეს ეხება იმპორტირებულ სურსათს”.
სურსათის დეპარტამენტის უფროსის კახა სოხაძის ინფორმაციით, კანონი – “სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ” 2015 წლის 1 ივლისიდან შევიდა ძალაში, თუმცა სურსათის ხარისხს 2009 წლიდან “სურსათის ეტიკეტირების წესი” არეგულირებდა. 2013 წლიდან კი სისტემატურად ხდება პროდუქციის შემოწმება.

“იმ შემთხვევაში, თუ სურსათი ან ცხოველის საკვები შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, უნდა იყოს აღნიშვნა პროდუქციაზე დატანილი. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო მეორე წელია კვლევებს ახორციელებს და ლაბორატორიულად იკვლევს სხვადასხვა სახის სურსათის ნიმუშებს. ეს პროგრამა დღესაც მიმდინარეობს და ჩვენი თანამშრომლები იღებენ ნიმუშებს, გზავნიან შესაბამის ლაბორატორიაში. ეს არის კონტროლის მექანიზმი. თუ გამოირკვევა, რომ სურსათი შეიცავს გმო-ს და მასზე არ არის დატანილი, ამის შემდგომ ბიზნესოპერატორი დაჯარიმდება”.
მეწარმისთვის განკუთვნილი ჯარიმა ბაზარზე გენმოდიფიცირებული პროდუქტის გამოტანის შემთხვევაში 5 ათასი ლარია. თუ ფაქტი მეორედ განმეორდა- 10 000 ლარი.
სამომსხმარებლო ბაზარს სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს. საბაჟოს შემოსავლების სამსახური. კონტროლგარეშეა მხოლოდ გარე ვაჭრობა, რომელიც კანონით აკრძალულია და ეს პრობლემა თბილისის მერიამ უნდა მოაგვაროს.

შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვრებზე სასურსათოდ გამოსაყენებელი გენმოდიფიცირებული პროდუქციის კონტროლი ხორციელდება:
“2015 წლის პირველი იანვრიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საქართველოს საბაჟო საზღვრებზე უკვე ახორციელებს გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების იმპორტის კონტროლს. გენმოდიფიცირებულ ცოცხალ ორგანიზმად ითვლება ის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც აქვს გამრავლების ან გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი. საუბარია ძირითადად სათესლე და სანერგე მასალებზე, მაგრამ აქვე იგულისხმება ის ხილი და ბოსტნეული, რომელსაც აქვს ასევე გამრავლების უნარი. როგორც ცნობილია, პირველ ივლისს ამოქმედდა კანონი გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტირების წესების შესახებ. ამ კანონის მიხედვით შემუშავებულია ფინანსთა მინისტრის ბრძანების პროექტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა საქართველოს საბაჟოს საზღვრებზე ამ ტიპის სურსათის სასაზღვრო კონტროლის წესი. ამ წესის მიხედვით, საბაჟო კონტროლს დაექვემდებარება ყველა პროდუქტი, რომელიც გადმოკვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს და მასზე უნდა იყოს მითითებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის შესახებ სპეციალური ნიშანდება. თუ ასეთი ნიშანდება არ არის, ეს უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტების მიხედვით, რომ არ შეიცავს ეს პროდუქტი გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროდუქტი მოხვდება რისკის პროდუქტში და გადაეგზავნება ლაბორატორიაში კვლევაზე”.

ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, ჯერჯერობით გენმოდიფიცირებული პროდუქცია აღმოჩენილი არ ყოფილა საქართველოს საბაჟო საზღვარზე :
“პირველი იანვრიდან მთავრობის დადგენილების საფუძველზე ვაკონტროლებთ გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების იმპორტს საქართველოში. ახლა უკვე მზად არის ფინანსთა მინისტრის ბრძანებულების პროექტი, რომელზეც ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გენმოდიფიცირებული სასურსათოდ გამოსაყენებელი პროდუქტის კონტროლს”.
რაც არ უნდა მკაცრად გააკონტროლოს მთავრობამ საზვარი და სავაჭრო ქსელი, მოსახლეობა გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან დაცული ვერ იქნება, ამბობს ლია თოდუა, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორია:
“ერთ-ერთი პრობლემა ეს არის 0.9 %-იანი ზღვარი, რაც არის დადგენილი გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირებისთვის. ფორმულირებულია კანონში, რომ თუ სურსათში რომელიმე გენმოდიფიცირებული კომპონენტის რაოდენობა 0,9%-ზე ნაკლებია მას არ სჭირდება ეტიკეტირება. როგორ უნდა დავითვალოთ ეს 0,9%-იანი კომპონენტი, ეს გაუგებარია. მაგალითად, თუ სოსისში აღმოჩნდა სოიო, რომელიც იყო გენმოდიფიცირებული, მან გამოყენა სოიოს თესლი თუ ფქვილი, როგორ უნდა დავთვალოთ ეს პროცენტი? დღეს ჩვენთან საერთოდ არ აწერია, რომ ხორცში არის სოიო. ასეთ შემთხვევაში სურსათის უვნებლობის სამსახურა წარმოების მთელი პროცესი უნდა შეისწავლოს. “
დამოუკიდებელი ლაბორატორია “QUALITY”-ის ხელმძღვანელი ირაკლი ჭკადუა ამბობს, რომ აქვთ დანადგარები, რომლის მეშვეობითაც ხდება დადგენა, პროდუქტი გენმოდიფიცირებულია თუ არა:
“ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლვებით, ასევე, შეგვიძლია გენმოდიფიცირეული ორგანიზმების კვლევა. ყოფილა შემთხვევა, როცა აღმოჩნდა გენმოდიფიცირებული პროდუქცია. მას შემდეგ, რაც ეს კანონი ამოქმედდა. ბიზნესოპერატორებმა აქტიურად მოგვმართეს. შესაბამისი კვლევით ინგრედიენტების დონეზე ჩავიდნენ და შეეცადნენ მომწოდებლები შეეცვალათ, რომ მათ მიერ იმპორტირებული პროდუქტი მაქსიმალურად სუფთა ყოფილიყო. 1 ივლისამდე მოგვმართავდნენ სხვადასხვა კომპანიები იმისთვის, რომ გაერკვიათ, ჰქონდათ თუ არა ხარვეზი.”