“ენერგო პრო” “ნოვა ტექნოლოჯის” 100%-ს ფლობს. “ნეტგაზეთს” ინფორმაცია “ნოვა ტექნოლოჯის” გასაყიდად გამოტანის შესახებ კომპანიაში დაუდასტურეს.
ინფორმაცია სავარაუდო მყიდველების და კომპანიის გასაყიდი ფასის შესახებ ამ დრომდე კონფიდენციალური რჩება.
როგორც “ნეტგაზეთისთვის” გახდა ცნობილი, “ენერგო პრო” “ნოვა ტექნოლოჯის” საშუამავლო კომპანიის დახმარებით ყიდის. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სწრაფი გადახდების აპარატების მფლობელის ყიდვა რამდენიმე კომპანიას სურს. “ნოვა ტექნოლოჯის” ყიდვის სურვილი ადგილობრივი ბაზრის მოთამაშეებმაც გამოთქვეს. არის უცხოური კომპანიის ინტერესიც.
“ნოვა ტექნოლოჯი” ადგილობრივ სწრაფი გადახდების აპარატების ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. “ენერგო პრომ” კომპანია 2014 წელს იყიდა. “ნოვა ტექნოლოჯი” ადგილობრივ ბაზარზე 1648 სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ფლობს.
ადგილობრივ ბაზარზე სწრაფი გადარიცხვის აპარატები ოთხ კომპანიას- „ნოვა ტექნოლოჯის“, „OSPM“–ს. , Express pay–ს და „თიბისი pay“ –ს აქვს. კომპანიების ინფორმაციით, ყოველდღიურად საქართველოში 10 000-ზე მეტი ტერმინალის მეშვეობით 60 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს.
“ენერგო პრო ჯორჯიაში” კომპანიის შესაძლო გაყიდვის შესახებ 2015 წლის აპრილში განუცხადეს.
როგორც “ნეტგაზეთისთვის” გახდა ცნობილი, კომპანიას სათაო ოფისი საქართველოში შვილობილ “ენერგო პრო ჯორჯიას” თურქული საშუამავლო კომპანიის დახმერებით ყიდის.
“ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიით ამარაგებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის რეგიონებში 971 000 აბონენტს. ამასთანავე, კომპანია საქართველოში 15-მდე ჰესის მფლობელია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 470 მეგავატამდეა.
კომპანია, რომელიც 2006 წლის 31 ივლისს 100 ათასლარიანი საწესდებო კაპიტალით დარეგისტრირდა, დღეს საქართველოს ენერგოდისტრიბუციის ბაზრის 61%-ის და ელექტროენერგიის გენერაციის ბაზრის 17%-ის მფლობელია.
“ენერგო პრო ჯორჯია” ჩეხური Energo Pro a.s.-ის შვილობილი კომპანიაა. ჩეხური კომპანიისთვის საქართველო რიგით მეორე ქვეყანაა ბულგარეთის შემდეგ, სადაც მან საზღვარგარეთ ექსპანსიის პოლიტიკის ფარგლებში დაიწყო საქმიანობა, “ჩეხეთის ექსპორტ ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით.
“ენერგო პროს” საქმიანობის შესახებ “ნეტგაზეთის” მასალა ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ