ეკონომიკა

2015 წლის ბიუჯეტის კორექტირების ორი მიზეზი

7 ივლისი, 2015 •
2015 წლის ბიუჯეტის კორექტირების ორი მიზეზი

ცვლილებების პროექტის თანახმად, სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის დონორებისგან მოსალოდნელი სახსრების ხარჯზე შემოსავლები, საერთო ჯამში, 27 მლნ ლარით გაიზრდება. ბიუჯეტის ხარჯები უცვლელი დარჩება, თუმცა ხარჯების ნაწილის მიზნობრიობა შეიცვლება.

 

2015 წლის ბიუჯეტში ხდება მშპ-ს ზრდის პროგნოზის შემცირება, რაც ასევე წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციას. 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაცია ის ორი ძირითადი საკითხია, რასაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების მთავარ მიზეზებად ასახელებს.

 

საგადასახადო შემოსავლების გეგმა 200 მლნ ლარით მცირდება არსებული 7.6 მლრდ ლარიდან, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მის მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით, იზრდება სხვა წყაროებიდან მისაღები თანხები, რაც შემოსავლების მთლიან მოცულობას 27 მლნ ლარით გაზრდის.

 

ფინანასთა სამინისტრო აცხადებს, რომ დონორებთან მოლაპარაკებების საფუძველზე  ქვეყანა დამატებით 224 მლნ ლარს მიიღებს, საიდანაც საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები გრანტების ოდენობა 40 მლნ ლარი იქნება, ხოლო კრედიტები 184 მლნ ლარით გაიზრდება.

 

150 მლნ ლარის ოდენობით დამატებითი შემოსავლის მიღებაა მოსალოდნელი მობილური ოპერატორების მიერ მეოთხე თაობის ლიცენზიის შეძენისათვის გადახდილი სახსრების სახით;

 

„სხვა შემოსავლები“ გაიზრდება 20 მლნ ლარით; შიდა ვალის დაგეგმილი აღება შემცირდება 100 მლნ ლარით; და „საბიუჯეტო დეფიციტის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნების მიზნით, კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი რესურსი“ შემცირდება 67 მლნ ლარით -აცხადებს გიორგი კაკაურიძე. 

 

 ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში დაგეგმილი საბიუჯეტო ცვლილებები ითვალისწინებს მხარჯავი დაწესებულებების დაფინანსების 140 მლნ ლარამდე შემცირებას, საიდანაც სამინისტროებს საბიუჯეტო სახსრების ნაწილში 70 მლნ ლარი ჩამოეჭრებათ, ხოლო დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში ასევე 70 მლნ ლარამდე შეუმცირდებათ დაფინანსება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სამინისტროებს.

 

საბიუჯეტო სახსრების ნაწილში თანხობრივად ყველაზე მეტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დააკლდება 12 მლნ ლარის ოდენობით. ამჟამად ამ სამინისტროს დაფინანსება 853.9 მლნ ლარს შეადგენს.


შემდეგ მოდის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც 638.7 მლნ ლარის დაფინანსებიდან 10 მლნ ლარი ჩამოეჭრება;

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 8 მლნ ლარი დააკლდება არსებული 292.9 მლნ ლარიდან;

 

ფინანსთა სამინისტროს -7 მლნ ლარი არსებული 100 მლნ ლარიდან;

 

პარლამენტს- 6 მლნ ლარი არსებული 52 მლნ ლარიდან; თავდაცვის სამინისტროს- 5 მლნ ლარი არსებული 640 მლნ ლარიდან;

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს- 3.5 მლნ ლარი 155 მლნ ლარიდან; გარემოს დაცვის სამინისტროს -2 მლნ ლარი 39 მლნ ლარიდან. სხვა დანარჩენ მხარჯავ დაწესებულებებს კი, ჯამში, დაახლოებით 17 მლნ ლარი დააკლდებათ.

 

გამოთავისუფლებული რესურსიდან 85 მლნ ლარის მიმართვას მთავრობა საბიუჯეტო ფონდებში გეგმავს, რათა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას და „სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების“ დაფინანსებას მოახმაროს.

 

საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის კი ფინანსთა სამინისტრო დამატებით 53 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავს.

 

2015 წლის ბიუჯეტის პირველი კორექტირების პროექტი საპარლამენტო კომიტეტებმა უკვე განიხილეს. პროექტი გადასამუშავებლად მთავრობას გადეგზავნა. 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი