ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მთავრობას 2015 წლის ბიუჯეტში მიმდინარე ხარჯების შემცირებას ურჩევს

7 ივლისი, 2015 •
ეროვნული ბანკი მთავრობას 2015 წლის ბიუჯეტში მიმდინარე ხარჯების შემცირებას ურჩევს

ეროვნული ბანკის დასკვნის თანახმად, სებ-ი მთავრობას ხარჯების შემცირებას ურჩევს:

 

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 2015 წლის ბიუჯეტის წინა პროექტთან შედარებით მცირდება 139 მლნ ლარით 7,951 მლნ ლარამდე. საგადახადო შემოსავლები 200 მლნ ლარით მცირდება, ხოლო არასაგადასახდო შემოსავლები იზრდება 61 მლნ ლარით. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები წინა პროექტთან შედარებით 40 მლნ ლარით მცირდება.

 

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი წინა პროექტთან შედარებით 99 მლნ ლარით იზრდება და 1,075 მლნ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება 932 მლნ ლარამდე, რაც 2015 წლის მშპ–ს საპროგნოზო ოდენობის 3%-ია.

 

დეფიციტის ზრდის დაფინანსების წყარო პრივატიზაციაა, რომლის დაგეგმილი მაჩვენებელი 150 მლნ ლარით იზრდება წინა პროექტთან შედარებით, რაც წარმოადგენს მობილური ოპერატორების მეოთხე თაობის ლიცენზიების გაყიდვით მისაღებ შემოსულობებს.

 

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის განხილვის დროს გამოითქვა შენიშვნა, რაც ასევე დაფიქსირებულია კომიტეტის დასკვნაში, რომ ეროვნული ბანკი არ უწევს საკმარის კონსულტაციას და არ მიუთითებს რისკებზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს.

 

ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ ის კომპეტენცია, რომელიც არსებობს როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში, არ საჭიროებს ეროვნული ბანკის დასკვნაში თეორიული საკითხების განხილვას. თუმცა გამომდინარე საკითხის მნიშვნელობიდან და კომიტეტის სპეციალური თხოვნიდან, უფრო დეტალურად გაწვდით ეროვნული ბანკის შეფასებებსა და პოზიციას:

“მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო, რამაც აშშ დოლარის გამყარება გამოიწვია ყველა ძირითადი ვალუტის მიმართ და რეგიონში არსებული ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, ქვეყნის ეკონომიკა იმყოფება მნიშვნელოვანი საგარეო შოკის პირობებში.

არსებულ შოკს აძლიერებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, მათ შორის ეროვნულ ბანკის პოლიტიკის მიმართ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და საბანკო სექტორის ზედამხედველობის შესაძლო შესუსტება.

საგარეო შოკების მხრივ მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია გაურკვევლობა მათ შორის აშშ დოლარის კიდევ უფრო გამყარებისა და რეგიონის ეკონომიკების გაუარესების კუთხით, როგორც ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროზონაში
მიმდინარე პროცესების გამო.

მნიშვნელოვანია არსებულ შოკებზე ქმედითი რეაგირება და მომავალი შესაძლო გაუარესებისაგან დასაცავად ბუფერებს შექმნა. კერძოდ, არსებული შოკების პირობებში პოლიტიკის სწორი რეაგირება იქნებოდა ეკონომიკურ ზრდაზე კონცენტრირება და გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში სოციალური და სხვა პრობლემების მიზნობრივი გადაწყვეტა.

 

ვითვალისწინებთ, რომ აღნიშნული პოლიტიკა დაკავშირებულია ადმინისტრაციულ და სხვა პრობლემებთან, ამიტომ
უნდა იყოს განხილული ალტერნატიული პოლიტიკა, კერძოდ, გაცვლითი კურსის ხელშეწყობა ისე, რომ მოსახლეობის შემოსავლებს მინიმალური ზარალი მიადგეს, როგორც მიმდინარე, ასევე მომავალ წლებში.

 

ზემოაღნიშნული პოლიტიკა გულისხმობს ბიუჯეტის ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებასა ან/და არსებული საგადასახადო მექანიზმების გამოყენებას, როგორც აღნიშნული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მთავრობასთან
კონსულტაციის ფარგლებში. ამასთან, ხარჯების შემცირება უნდა მოხდეს უპირატესად მიმდინარე ხარჯების კლებით.

 

კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება მხოლოდ 48 მლნ ლარით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი კი იზრდება 99 მლნ ლარით.

პროექტით, ასევე, არ არის დაგეგმილი ცვლილებები საგადასახადო კუთხითაც, რაც ხელს შეუწყობდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას და შედეგად გაცვლით კურსზე წნეხის შერბილებას. წარმოდგენილი ბიუჯეტის ცვლილებებში საყურადღებოა ხარჯების განაწილება მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებს შორის.

 

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მიმდინარე ხარჯები იზრდება 15 მლნ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები მცირდება 55 მლნ ლარით. ნაერთ ბიუჯეტშიც კაპიტალური ხარჯების კლება მნიშვნელოვნად აღემატება მიმდინარე ხარჯების შემცირებას.

 

მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა წუხილი ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით, რამაც რთული პირობები შეუქმნა დოლარის სესხების მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

 

შესაბამისად, თუ პარლამენტის მიზანია ლარის გაუფასურების გამო სასესხო ტვირთის შემცირება, ან შემდგომი ალტერნატივა –
ლარის გაცვლითი კურსის დამატებითი გაუფასურების ზეწოლის განეიტრალება, საჭიროა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რაც არ არის გათვალისწინებული წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით.”

 

ეროვნული ბანკის დასკვნას ხელს აწერს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი. 

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საკანონმდებლო ორგანოში 2015 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე დღეს, 16:00  სთ-ზე იმსჯელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი