ეკონომიკა

საპარტნიორო ფონდის მონაწილეობით რუსთავის გზატკეცილზე სენდვიჩ-პანელების საწარმო გაიხსნა

2 ივლისი, 2015 •
საპარტნიორო ფონდის მონაწილეობით რუსთავის გზატკეცილზე სენდვიჩ-პანელების საწარმო გაიხსნა

საწარმო „პანექსი” მშენებლობისთვის საჭირო ე.წ. სენდვიჩ პანელების პროდუქციის ნაწარმს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზეც გაიტანს.

 

საწარმოს გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მან ახლად აშენებული საწარმო დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გააიაფებს ინდუსტრიული მშენებლობების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სამშენებელო სექტორის განვითარებას:

„ასეთი სამშენებლო მასალის წარმოება მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, ეს დიდ დახმარებას გაუწევს ჩვენს სამშენებლო სექტორს. ჩვენს მშენებლებს არ მოუწევთ უცხოეთიდან პროდუქციის შემოტანა. „პანექსის” პროდუქცია ასევე გავა ექსპორტზე ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და რუსეთში ,”-აღნიშნა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის თანამშრომლობას დადებითი შედეგები მოაქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის.

 

„ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი არის წარმოების განვითარება. იმედი მაქვს, რომ იმპორტს ადგილობრივი წარმოება ჩაანაცვლებს, რომელიც ექსპორტზე ორიენტირებული იქნება,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

“სამშენებლო სექტორისთვის ეს დიდი დახმარებაა, რადგან ის გააიაფებს ინდუსტრიული მშენებლობის ხარჯებს. უფრო კონკრეტულად, საქართველოში წარმოებული პროდუქცია ჩაანაცვლებს იმპორტს და, შესაბამისად, სამშენებლო კომპანიებს შეუმცირდებათ დანახარჯები დაახლოებით 30 პროცენტით. ეს კი უკვე შემდგომში, ამ კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის ფასებზე დადებითად აისახება. პროდუქცია რკინა-ბეტონის კონსტრუქციაზე იაფია, ხოლო მისი დამონტაჟება ნაკლებ დროს მოითხოვს და სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით მოცულობაში ნაკლებია”, – განაცხადა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა ირაკლი კოვზანაძემ.

 

„სენდვიჩ პანელების” პროექტზე მუშაობა საპარტნიორო ფონდმა ადგილობრივ კომპანია ICES-თან ერთად გასული წლის მარტში დაიწყო. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა $ 6 მლნ აშშ დოლარია. ფონდის მონაწილეობა პროექტში 49%-ია. პროდუქციის 60% საქართველოში გაიყიდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექსპორტზე გავა. საწარმოო ხაზის დაგეგმილი სიმძლავრე წელიწადში 2.8 მლნ მ² პანელია.

 

კომპანია ICES (Industrial Construction Engineering Solutions)  ძირითადი მიმართულებაა სამაცივრე, საწარმოო, სასაწყობე და სხვა ტიპის ინდუსტრიული შენობების დაპროექტება-დიზაინი, ტექნოლოგიების შერჩევა, მშენებლობა და სრულყოფილი აღჭურვა.

 

დღეისათვის კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ინდუსტრიული მშენებლობის ყველა კომპონენტს – პროექტირებიდან დაწყებული, მასალა-დანადგარების მიწოდებისა და ინდუსტრიული იატაკების მონტაჟის  ჩათვლით.

 

„საპარტნიორო ფონდი” არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაარსდა 2011 წელს. ფონდს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი “BB-“, რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია.


“საპარტნიორო ფონდის” საქმიანობა ხორციელდება ორი ძირითადი მიმართულებით:


ფონდის აქტივების პორტფელი შედგება შემდეგი სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებისგან:საქართველოს რკინიგზა – 100% წილი; საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია – 100% წილი; საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა – 100% წილი; ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი – 100% წილი; თელასი – 24.5% წილი.


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი