ეკონომიკა

“რუსთავის ფოლადი” რეორგანიზაციის გამო თანამშრომლებს სამსახურიდან უშვებს

29 ივნისი, 2015 •
“რუსთავის ფოლადი” რეორგანიზაციის გამო თანამშრომლებს სამსახურიდან უშვებს

“რუსთავის ფოლადის” გენერალური დირექტორი ნუგზარ კაჩუხაშვილი აცხადებს, რომ მენეჯმენტი იძულებულია მიმართოს მის ხელთ არსებულ ბოლო შესაძლებლობას და ხარჯების შემცირების მიზნით, თანამშრომლები დაითხოვოს: 

 

“რუსთავის ფოლადი” რამდენიმე ასეული მუშაკის დათხოვნას იწყებს. ეს მძიმე გადაწყვეტილება გამოწვეულია როგორც გლობალური ფაქტორებით, კერძოდ, საერთაშორისო ბაზრებზე ლითონის ნაკეთობათა მკვეთრი შემცირებით, ასევე, კომპანიის წინააღმდეგ წარმოებული გაუმართლებელი სასამართლო პროცესებით და გამოწვეული შეზღუდვებით. ფოლადის ნაწარმზე ფასები 2014 წლის ბოლოსთვის საშუალოდ 40%-ით შემცირდა. ამან გამოიწვია “რუსთავის ფოლადის” საფინანსო მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაუარესება. 2015 წლის დასაწყისიდან კომპანიის მენეჯმენტმა გაატარა ეფექტიანობის ამაღლების რიგი ღონისძიებები, რაც ქარხანას საშუალებას აძლევდა, ფუნქციონირება გაეგრძელებინა კადრების მნიშვნელოვანი შემცირების გარეშე”.

 

საწარმოს დირექტორის განცხადებით, თანამშრომელთა სამსახურუდან დათხოვნის მიზეზი გახდა “რუსთავის ფოლადის” წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავა:


“სამწუხაროდ, ამ დავების ფარგლებში, გაუმართლებლად შეიზღუდა საწარმოს აქტივების, განსაკუთრებით კი, წიდის მარაგის გამოყენება. ჩვენ პერიოდულად ვაწვდიდით საზოგადოებას ინფორმაციას ამ დავების შესახებ. მაგალითად, ვინმე ეთერ მთვრალაშვილის სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის გამო, რომელიც 4 553 ლარს და 48 თეთრზე დავობდა, აკრძალვა დაედო კომპანიის მრავალათეულმილიონიან ქონებას. ეს შეზღუდვები ბევრად ზრდის ნედლეულის ხარჯებს საწარმოსთვის, რაც ისედაც მძიმე ფინანსურ სიტუაციაში მყოფ კომპანიას გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. მენეჯმენტი იძულებულია, მასობრივად დაითხოვოს თანამშრომლები.”


“რუსთავის ფოლადის” ადვოკატის გოჩა გოგიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე კომპანიის წინააღმდეგ 2 სასამართლო პროცესი მიმდინარეობს:

 

“სასამართლო პროცესები დროში იწელება, რაც ქარხნის ზარალს კიდევ უფრო ზრდის. “რუსთავის ფოლადის” წინააღმდეგ წარმოებული აბსურდული დავები კვლავ განხილვის პროცესშია სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოები სამართლიან, ადეკვატურ და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რაც თავიდან აგვაცილებს კომპანიის მდგომარეობის შემდგომ გაუარესებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შემცირებას”.

 

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას 2005 წლიდან ფლობდა კომპანია “ქართული ფოლადი” და ჯოზეფ ქეი. „ქართული ფოლადის“ მტკიცებით, 2011 წლის 6 ივლისს მათ საწარმო უკანონოდ დაატოვებინეს. ხოლო ქარხანა და თავად საწარმოს აქტივები ხელოვნური გაკოტრებისა და უკანონო გარიგებებით გადაეცა შპს “რუსთავის ფოლადს”, რომლის მეპატრონე ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძეა.

 

სასამართლო დავა მხარეებს შორის 2013 წლის აპრილიდან მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი