ეკონომიკასამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ უმკლავდება ყარაბაღი ეკონომიკურ გამოწვევებს – ინტერვიუ პრემიერ-მინისტრთან

27 ივნისი, 2015 • • 1686
როგორ უმკლავდება ყარაბაღი ეკონომიკურ გამოწვევებს – ინტერვიუ პრემიერ-მინისტრთან

ბატონო პრემიერო, ცოტა ხნის წინ ახალარჩეულმა პარლამენტმა დაამტკიცა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მთავრობის სამოქმედო გეგმა 2015-17 წლებში. რა პრიორიტეტული მიმართულებებია აღნიშნულ წლებში და რა მოლოდინი გაქვთ თქვენ ამ პროგრამისგან?

 

ყარაბაღის ეკონომიკის განვითარებისთვის პრიორიტეტულად უწინდებურად რჩება სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, კერძოდ, ელექტროენერგიის გამომუშავება, სამთო მოპოვებითი მრეწველობა, გადამამუშევებელი მრეწველობა, ტურიზმი. ეს განპირობებულია როგორც უსაფრთხოების საკითხებით, ისე – ამ სექტორების პოტენციური შესაძლებლობებით. დარწმუნებული ვართ, რომ ყველა პროგრამა და ინიციატივა მითითებულ სექტორებში მოიტანს წარმატებას და ჩვენ სერიოზულ პროგრესს მივაღწევთ უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლების კუთხით.

 

გთხოვთ, უფრო კონკრეტულად წარმოგვიდგინოთ, ამ მიმართულებებიდან რომელი აჩვენებს უფრო სერიოზული და რეალური განვითარების ტენდენციას?

 

რაც ჩამოვთვალე, ყველა მიმართულებას აქვს რეალური და სერიოზული განვითარების ტენდენცია. უპირველეს ყოვლისა, ამ მიმართულებების განვითარების წინაპირობა არის კარგი ბიზნესგარემოს შექმნა, კანონმორჩილება და ხალხის შრომისმოყვარეობა.

 

უწინდებურად მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მისდევს მესაქონლეობას და მიწათმოქმედებას. 2007 წელს ხელისუფლებამ მიზნად დაისახა ტექნიკური მოდერნიზაციის ხელშეწყობა ამ სფეროში. ამ მიზნით განხორციელდა და ახლაც ხორციელდება მთელი რიგი პროგრამები და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მაღალ შედეგებზე, რომლებიც სერიოზულ წინაპირობას ქმნიან სფეროს განვითარებისთვის.

 

გადამამუშავებელ მრეწველობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი რესურსები. ამასთან, ის არა მხოლოდ შიდა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, არამედ შეიძლება ექსპორტზე გატანა, განსაკუთრებით კვების პროდუქტების წარმოებაში.

 

სამთო მოპოვებითი მრეწველობის განვითარება უკავშირდება ქვეყნის სიღრმეში ლითონის და სხვა სასარგებლო წიაღისეულისა და მინერალების არსებობას, ასევე, მიწისქვეშა კვლევებს და ამ სფეროში საინვესტიციო მიმზიდველობის დონის ამაღლებას.

 

ტურიზმის სფეროში ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ტაძრები, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე კულტურული ძეგლები და თანამედროვე სერვისების შესაძლებლობა, რომლებიც საშუალებას გვაძლევს წარვსდგეთ მსოფლიოს წინაშე. აქ ჩვენ უფრო მეტად ორიენტირებულნი ვართ სომხურ დიასპორაზე.

 

მინდა გამოვყო საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ აქვს სწრაფი განვითარების რეალური პერსპექტივა. ამას განაპირობებს განათლების პოტენციალის გაცილებით მაღალი დონე, ასევე, ის ნაკარნახევია საგარეო გამოწვევებით და ქვეყნის ტერიტორიული და სატრანსპორტო შეზღუდვებით.

არაიკ არუთუნიანი, ფოტო: novostink.ru
არაიკ არუთუნიანი, ფოტო: novostink.ru

ბოლო ათწლეულების მანძილზე სამთო მოპოვებითი მრეწველობა მიიჩნევა სფეროდ, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისთვის. რა ვითარებაა დღეს ამ სფეროში და რა პროგრამები ხორციელდება ამ დარგის განვითარებისთვის?

 

სამთო მოპოვებით მრეწველობას დღესაც სერიოზული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორც დამატებითი ღირებულების შექმნის, ისე სამუშაო ადგილების უზრუნველყოფის კუთხით. 2014 წლის მონაცემებით, მრეწველობის 28% მოდის სამთო მოპოვებით მრეწველობაზე. ამ სფეროში სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია სპილენძისა და მოლიბდენის მადნები კაშენში, ოქროს მადანი კოვსაკანში და ქვანახშირი – მაგავუზში, რომლებიც ჯერ კიდევ საწყის სტადიაზე არიან.

 

აქამდე ეკონომიკური ზრდა შეადგენდა 9-11%-ს, მაგრამ როგორც პროგრამის წარდგენისას თქვით, ბოლო წელს ეს იქნება 8-11%. რატომ მოხდა შემცირება?

 

1%-ით ზღვარის დაბლა დაწევა არ ნიშნავს, რომ ჩვენ განვითარების ტემპის შემცირებას ვაპირებთ ან ასეთია ჩვენი მოლოდინი. ბოლო სამი წლის მანძილზე ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი იყო 9.4%. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს წლებში ჩვენ ასევე შევძლებთ ამ დონის შენარჩუნებას. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან სწრაფად ცვალებად ეპოქაში და ჩვენს პროგნოზებში არ შეგვეძლო არ გაგვეთვალისწინებინა საგარეო გამოწვევები, რაც განპირობებულია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ფაქტორებით და სწორედ ეს გახდა მიზნობრივი მაჩვენებლის გადახედვის ძირითადი მიზეზი.

 

უახლოეს წლებში იგეგმება ასევე ინვესტიციების 10-15%-იანი ზრდა და ექსპორტის მოცულობის ზრდა. კონკრეტულად რომელ სფეროში ელოდებით ინვესტიციების ზრდას და საიდან? რის ხარჯზე უნდა გაიზარდოს ექსპორტის მოცულობა, რა საქონელი გავა ექსპორტზე?

 

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ეკონომიკის საინვესტიციო მიმზიდველობის დონის გაზრდა. უახლოეს წლებში ჩვენ ველოდებით ინვესტიციებს ყველა სფეროში, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში, სამთო მოპოვებით მრეწველობაში, მსუბუქ მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მეთევზეობაში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებაში, ურბანულ განვითარებაში.

 

ცხადია, რომ საინვესტიციო პროგრამის ნაწილი იქნება მიმართული ექსპორტისკენ, რის ხარჯზეც გაიზრდება იმპორტის მოცულობა. ეს ეხება სამთო მოპოვებით მრეწველობას და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებას. სერიოზული ყურადღება დაეთმობა ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაც აუცილებელია იმ თვალსაზრისით, რომ მოთხოვნა იზრდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე.

 

თქვენი აზრით, რა გავლენას ახდენს სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობა ყარაბაღის ეკონომიკის განვითარებაზე და რაში გამოიხატება ეს? რა მოლოდინი გაქვთ ამ კონტექსტში ექსპორტთან დაკავშირებით?

 

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ გარე სამყაროსთან ძირითადად სომხეთის რესპუბლიკის საშუალებით ურთიერთობს, უნდა ველოდოთ, რომ ჩვენც იმას მივიღებთ, რასაც – სომხეთი. ექსპორტის ასპექტში ჩვენ ველოდებით შესაძლებლობების გაფართოებას.

 

ეჭვგარეშეა, არის გაურკვევლობებიც და განვითარების ახალი შესაძლებლობები. არავის შეუძლია ასე მოკლე პერიოდში ერთმნიშვნელოვნად ყველა შედეგის პროგნოზირება, რამდენადაც ეს საინტეგრაციო გზა მრავალდონიანი და კომპლექსური პროცესია. ზოგადი დაკვირვებით, ყარაბაღის წარმოების პროდუქტებისთვის შეიქმნება სერიოზული შესაძლებლობები, რადგან ამ დროისთვის ამ საქონლის ექსპორტი ხორციელდება რუსეთის ბაზარზე. ცხადია, ეს იმ საქონლის ფასებზეც მოახდენს გავლენას, რაც საბაჟო კავშირის ქვეყნებიდან შემოდის. აღსანიშნავია, რომ პირველადი მოხმარების საგნების ძირითადი ნაწილი შემოდის საბაჟო კავშირის ბაზრებიდან და ეს ნიშნავს, რომ მათზე ფასების დაწევა პოზიტიურად იმოქმედებეს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე.

 

ძირითად ნეგატიურ შედეგად შეიძლება განვიხილოთ ის, რომ გაძვირდება ის პროდუქტები, რომელთა იმპორტი ხორციელდება საბაჟო კავშირის არაწევრი ქვეყნებიდან. ცალსახაა, რომ მათი შეწონილი ფასი ბევრად იაფი იქნება საბაჟო კავშირის ბაზარზე საქონელბრუნვასთან შედარებით.

 

რა ბარიერებს და წინააღმდეგობას ხედავთ, რაც ხელს უშლის ეკონომიკურ განვითარებას და როგორ შეიძლება მათი გადალახვა?

 

წინააღმდეგობები ყოველთვის იყო და იქნება. ყველაზე რთულად დაძლევადი წინააღმდეგობაა ჩვენი სახელმწიფოს აუღიარებლობა. ეს არის ფაქტორი, რომელიც ართულებს ეკონომიკური განვითარების პროცესს, ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე. არის სირთულეები, რაც უკავშირდება ბუნებრივ მოვლენებს, სატრანსპორტო გზებზე შეზღუდვებს, ვალუტის კურსის რყევას და სხვა ფაქტორებს. ზოგიერთი მათგანის გადასალახავად ჩვენ უკვე კარგად დამუშავებული საშუალებები გვაქვს, სხვებისთვის კი ვიპოვით გამოსავალს, სისტემური კვლევების და სიტუაციური ანალიზის ჩატარების გზით.

 

და ბოლო შეკითხვა – როგორ წარმოგიდგენიათ ყარაბაღი 10 წლის შემდეგ და როგორია ეკონომიკური განვითარების თქვენეული ხედვა?

ვისურვებდი, რომ 10 წლის შემდეგ ყარაბაღი მენახა, როგორც დე იურე დამოუკიდებელი და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო. რაც შეეხება ეკონომიკურ ხედვას, ეს არის სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის ინტენსიური განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა და შესაბამისი სპეციალისტები მენეჯმენტში, სამეწარმეო და ბიზნესინფრასტრუქტურის განვითარება, ენერგეტიკული და სავაჭრო დამოუკიდებლობის მაღალი დონე, იმპორტზე მზარდი ექსპორტის ტემპი, მოსახლეობის ფულადი შესამოვლების მაღალი დონე, ლამაზი და კეთილმოწყობილი ქალაქები და სოფლები.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი