ეკონომიკა

პერტაია: საქართველოს ბიზნესკლიმატი გაუმჯობესდა

26 ივნისი, 2015 •
პერტაია: საქართველოს ბიზნესკლიმატი გაუმჯობესდა

ზურაბ ლალაზაშვილის განცხადებით, “საერთაშორისო ბიზნესკომპასი” იკვლევს ქვეყნების სანდოობას სხვადასხვა მექანიზმით და მოიცავს სამ მიმართულებას – ეკონომიკურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და სოციო-კულტურულს. 

 
“კონკრეტული ქვეყნით დაინტერესება დაკავშირებულია მისი განვითარების დონესთან. კვლევისას ვხელმძღვანელობთ ეკონომიკური, პოლიტიკურ-სამართლებრივი და სოციალური ფაქტორებით. ერთი მხრივ, ამა თუ იმ ქვეყნისადმი ინტერესი განისაზღვრება პოტენციური ინვესტიციის განხორციელების თვალსაზრისით, რაც ნათლად მეტყველებს ეკონომიკურ პოტენციალზე. მეორე მხრივ, მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორებზე დაყრდნობით შეუძლებელია ფართო ჭრილში შევისწავლოთ ქვეყანაში არსებული სიტუაცია. ეს კი გამოწვეულია პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური და კულტურული ასპექტების დიდი გავლენით ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებაზე”.
 
კვლევის მიხედვით, საქართველოს საინვესტიციო ინდექსი 2014 წელთან შედარებით 5 პუნქტით გაუმჯობესდა და საქართველომ რეიტინგში 43-ე ადგილზე გადაინაცვლა. 
 
ლალაზაშვილის განცხადებით, რეიტინგში წინსვლა არის 2013 წელთან შედარებითაც. ამ წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო 54-ე ადგილზე იყო. 
 
ამ კვლევის თანახმად, სომხეთი 66-ე ადგილზეა და წინა წელთან შედარებით 7 პოზიციით დაიხია უკან, მაშინ, როდესაც რეგიონის სხვა ქვეყნებს მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდათ, აზერბაიჯანი 13 პოზიციით დაწინაურდა და 65-ე ადგილზეა, უკრაინა 20 პუნქტით დაწინაურდა და 89-ე ადგილს იკავებს, ხოლო რუსეთმა 4 პოზიციით წაიწია წინ და მე-100 ადგილზეა წარმოდგენილი, 2014 წელთან შედარებით, 10 პოზიციით დაწინაურდა თურქეთი და ამჟამად 57-ე ადგილზე იმყოფება.
 

გიორგი პერტაიას განცხადებით, აღნიშნული კვლევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ აჩვენებს რეალურ ზრდას, საქართველოს ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას:

 
“მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ, პირველ რიგში, ეს არ არის არც მთავრობის, არც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული კვლევა, არამედ ეს არის ბიზნესის მიერ ჩატარებული საერთაშორისო კვლევა. ეს არის ისეთი ბიზნესის მიერ გაკეთებული კვლევა, რომელსაც ყოველდღიურად აქვს შეხება ძალიან ბევრ ბიზნესმენთან, პროექტებთან და ყველაზე მეტი პრობლემა ასეთი სახის ორგანიზაციებში მიდის. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ კვლევა მოიცავს ძალიან ბევრ პარამეტრს, ბევრ საკითხს, რომელიც პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულია საინვესტიციო გარემოსთან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი