ეკონომიკა

პარლამენტის კომიტეტები სებ-ისთვის საბანკო ზედამხედველობის გაუქმების საკითხზე მსჯელობენ

25 ივნისი, 2015 •
პარლამენტის კომიტეტები სებ-ისთვის საბანკო ზედამხედველობის გაუქმების საკითხზე მსჯელობენ

“აქ იმყოფება რამდენიმე ადამიანი, რომელმაც აღნიშნულ ცვლილებას მხარი ყოველგვარი ვნებათაღელვის გარეშე დაუჭირა. ისეთი სიახლე, რომელიც თქვენ არ მიგიღიათ, ამ კანონპროექტში ნამდვილად არ არის. შემდეგ ეს შეიცვალა, რადგან როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად გიორგი ქადაგიძე გადავიდა, მთელი ეს ფუნქცია ერთ ადამიანს გადააყოლეთ“, — მიმართა თამაზ მეჭიაურმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რომლებიც აღნიშნულ ცვლილებებს აპროტესტებენ.


ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი, უქმდება. 


სადღეისოდ, სწორედ ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის ფუნქციაა საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, რაც ახალ სსიპ-ს – საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს დაეკისრება. 

“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, 2015 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს ეროვნულ ბანკთან იქმნება სსიპ – საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება: საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. 

 

“ამ კანონს დიდი ალბათობით კონსტიტუციასთან ექნება პრობლემა, რომელშიც წერია, რომ ეროვნული ბანკი არის ბანკთა ბანკი და აქ ზედამხედველობის ფუნქცია არის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია – ამიტომ არის ბანკთა ბანკი, რომ კომერციულ ბანკებზე შეუძლია შესაბამისი ზედამხედველობის განხორციელება, რისი უფლებაც ამ კანონპროექტით ერთმევა”, – განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა დავით ონოფრიშვილმა.

 

უმცირესობის წევრ ხათუნა გოგორიშვილის შეფასებითაც, “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის: 

 
 “ალბათ თქვენ, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ და პარლამენტის ბიუროს წევრმა, აუცილებლად იფიქრეთ, რაიმე ხომ არ იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო. ჩემი აზრით, თქვენ აუცილებლად ნახავდით კონსტიტუციის 95-ე და 96-ე მუხლებს, რომელიც ეროვნულ ბანკს შეეხება. კონსტიტუციის 95-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი წარმართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. ხოლო მესამე პუნქტით, ეროვნული ბანკი არის ბანკთა ბანკი. იქნებ გვითხრათ, შემოთავაზებული მოდელით, რომელიც თქვენ დეპოლიტიზებულად მოგივიდათ თავში, რა იქნება ხელშემწყობი, რომ ეროვნულმა ბანკმა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ფუნქცია განახორციელოს? საიდან მოახერხებს ის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას? ასევე, თუ კონსტიტუციაში საუბარია, რომ ეროვნული ბანკი არის ბანკთა ბანკი და მას ის ფუნქციები ჩამოერთმევა, რაზეც არის საუბარი, როგორც მოახერხებს კონსტიტუციით მინიჭებული ფუნქციის შესრულებას? რაც შეეხება კონსტიტუციის 96-ე მუხლს, მასში წერია, რომ ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და ყოველწლიურად წარუდგენს მას საქმიანობის ანგარიშს. თქვენ ამას დაუმატეთ ახალი ნორმა, რომ ეროვნულმა ბანკმა კი არა, ეროვნულ ბანკთან ერთად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმაც უნდა წარმოადგინოს ანგარიში. როგორ ფიქრობთ, არ არის ეს ანტიკონსტიტუციური?!”, – მიმართა თამაზ მეჭიაურს ხათუნა გოგორიშვილმა. 
 
 
 
პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკის, საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი