პარლამენტარმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი ფინანასთა სამინისტროს არ შეუტანია:
“კომანტარს ვერ გავაკეთებ, ვიდრე პროექტს არ ვნახავ. მთავრობა ამბობს, რომ ბიუჯეტი 140 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო ექსპერტები ამბობენ, რომ ხარჯები გადანაწილდა.”
ყველაზე მკაცრად ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას კორექტირებული ბიუჯეტის შესახებ ეკონომიკური ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე აკრიტიკებს:
“ფინანსთა მინისტრს აეწვა კუდი იმიტომ, რომ ის მხილებული იყო პრემიერ-მინისტრის და მთავრობის მოტყუებაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მთავრობის ხელმძღვანელი აკეთებს ერთ განცადებას და შემდეგ ფინანსთა სამინისტრო შეფარვით აკეთებს სხვას. გუშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბიუჯეტი მცირდება 140 მლნ ლარით და მათ გაატარეს ქამრების მოჭერის პოლიტიკა. ბიუჯეტი არ მცირდება არც ერთი თეთრით. ბიუჯეტი არის ზუსტად იგივე, ხდება ხარჯების გადატანა ერთი მუხლიდან მეორეში. იპოვეს ყველაზე დაბალი ღობე, განათლების სამინისტრო. ჩამოაჭრეს 12 მილიონი განათლების სამინისტროს და გადაიტანეს სხვა ხარჯებში. მოხდა ხარჯებში მუხლების კორექცია და სხვა არაფერი.”
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროგრამების მენეჯერი ირინა გურული ამბობს, რომ ჯერ კონკრეტული პროექტი არ უნახავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეკონომიკის 2%-იანი ზრდის პირობებში ბიუჯეტის 140 მლნ ლარით შემცირება ცოტაა:
“პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 140 მლნ ლარით მოხდა ბიუჯეტის შემცირება. თუმცა, რამდენად საკმარისი იქნება ეს შემცირება იმისთვის, რომ წლის ბოლოს მივიღოთ მდგრადი ბიუჯეტი, აქ ჩნდება კითხვბი. ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართულებით, რომელიც განკარგავს ბიუჯეტის 34%-ს, კლება არ შეეხო. ეს 140 მილიონი ძალიან მცირე თანხაა იმისთვის, რომ რეალური შედეგი მივიღოთ. თუ ვივარაუდებთ, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდიდან ჩამოვდივართ 2%-იანზე, ეს მცირე თანხაა. მინიმუმ ერთი მაგდენი უნდა იყოს შემცირებული. გასათვალისწინებელია, რომ კურსის ცვლილებამ “დადებითად იმოქმედა” შემოსულობების ნაწილზე. დონორების მხრიდან მისაღები თანხების შემოსულობები გაცილებით გაიზარდა იმის გათვალისწინებით, რომ ლარი გაუფასურდა. შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის არგუმენტი ეს არის. ამ შემთხვევაში ეს არის დადებით ტენდენცია ბიუჯეტისთვს, რომ ლარის გაუფასურებით ხდება შემოსავლების ზრდა.”
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ კორექტირებული ბიჯეტის დათვლა დოლარის მიმდინარე კურსით მოხდა.
სამინისტროს განმარტებით, ზემოაღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, ბიუჯეტში დაგეგმილია შემდეგი სახის ცვლილებები:
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტით საგადასახადო შემოსავლების გეგმა მცირდება 200 მლნ ლარით, თუმცა იზრდება სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრები:
- დონორებთან გაწეული მოლაპარაკებების შედეგად საბიუჯეტო დახმარების სახით მიღებული გრანტები იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო კრედიტები იზრდება 184,0 მლნ ლარით, სულ დამატებით მივიღებთ 224,0 მლნ ლარს;
- მობილური ოპერატორების მიერ მეოთხე თაობის ლიცენზიის შეძენისათვის გადახდილი სახსრებით დამატებით მობილიზებული იქნება 150,0 მლნ ლარი;
- სხვა შემოსავლები იზრდება 20,0 მლნ ლარით;
- სახაზინო ვალდებულებების (შიდა ვალი) აღება მცირდება 100,0 მლნ ლარით;
- ასევე, საბიუჯეტო დეფიციტის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნების მიზნით, კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი რესურსი მცირდება 67,0 მლნ ლარით;
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბიუჯეტის შემოსულობები არსებულ გეგმასთან შედარებით გაიზრდება დაახლოებით 27,0 მლნ ლარით, განმარტავს სამინისტრო.
რაც შეეხება გადასახდელების ნაწილს, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვილებები გულისხმობს მხარჯავი დაწესებულების ასიგნებების შემცირებას 140 მლნ ლარამდე, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში სამინისტროების ასიგნებები მცირდება დაახლოებით 70 მლნ ლარით, ხოლო დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში ასევე 70 მლნ ლარამდე.
სამინისტროს ცნობით, საბიუჯეტო სახსრების ნაწილში მცირდება:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები – 10,0 მლნ ლარი;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – 5,0 მლნ ლარი;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს ასიგნებები – 12,0 მლნ ლარით (ეს არის მათი ბიუჯეტის მხოლოდ 1.5%, განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი არცერთი პროექტი არ შეჩერდება, შემცირება ხდება მხოლოდ მოსალოდნელი ეკონომიების ხარჯზე);
- საქართველოს პარლამენტი – 6,0 მლნ ლარით;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – 7,0 მლნ ლარით;
- სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 8,0 მლნ ლარით;
- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს – 3.5 მლნ ლარით;
- გარემოს დაცვის სამინისტრო – 2,0 მლნ ლარით;
- სხვა დანარჩენი მხარჯავი დაწესებულებები ჯამში დაახლოებით 17,0 მლნ ლარით;
დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში მცირდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინსიტროს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებები.
მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში გამოთავისუფლებული რესურსი მიიმართება ბიუჯეტით გათვალისწინებულ ფონდებში (85, 0 მლნ ლარი), რათა მოხდეს გამოთავისუფლებული რესურსით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, იუწყება ფინანასთა სამინისტრო.
ასევე იზრდება საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებები (53,0 მლნ ლარი).
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ შემოსულობები იქნება 27,0 მლნ ლარით მეტი, აღნიშნული თანხა დამატებით დაგროვდება ბიუჯეტის ანგარიშზე და 300,0 მლნ ლარის ნაცვლად დავაგროვებთ 327,0 მლნ ლარს, ამბობს სამინისტრო.