ეკონომიკა

ვიცეპრემიერის განმარტებები სავიზო რეგულაციების გამარტივების შესახებ

11 ივნისი, 2015 •
ვიცეპრემიერის განმარტებები სავიზო რეგულაციების გამარტივების შესახებ

კერძოდ, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ იქნა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც  საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და სრული 1 წლის განმავლობაში ყოფნა შეუძლიათ.

 

“განმარტებისთვის ვიტყვი, რომ აქ საქმე ეხება იმ ქვეყნებს, რომლებთანაც ჩვენ გვქონდა უვიზო მიმოსვლა, ოღონდ 180 დღის განმავლობაში 90 დღის  ლიმიტით დარჩენის უფლება. ასეთი ლიმიტები ყველა იმ ქვეყნებთან, სადაც უვიზო მიმოსვლა გვაქვს, გაუქმდება,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ  ასევე დაამტკიცა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა 90 დღის ვადით ნებისმიერ 180 დღის პერიოდში. 

 

„აღნიშნული ქვეყნების ნუსხაში შევიდა მაღალი სანდოობით, მიგრაციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალი ხარისხით გამორჩეული ქვეყნები. კერძოდ, ევროკავშირისა და შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნები ე.წ. GCC-ის ქვეყნები, ასევე ავსტრალია, აშშ, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ისრაელი, კანადა და კორეა.  ამ ქვეყნების მიგრაციული პოლიტიკის და იქ არსებული სტანდარტების შესასწავლად სპეციალურად იყო გაგზავნილი დელეგაცია იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, კერძოდ, არაბეთის გაერთიანებულ საემირეობში. იქ შესწავლილ იქნა კონკრეტულად ამ ქვეყანაში არსებული მიგრაციის კანონმდებლობა და ბინადრობის ნებართვის  გაცემის სტანდარტები. 

 

ზემოაღნიშნული რეგულაციის თანახმად, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში შემოსვლის დღისთვის მოქმედი ვიზა ან ბინადრობის ნებართვა ამ დადგენილებით დამტკიცებულ ერთ–ერთ ქვეყანაში მაინც აქვთ, საშუალება მიეცემათ, გამარტივებული გზით – უვიზოდ შემოვიდნენ საქართველოში. მაგალითად, ჩინეთის ან ირანის მოქალაქეს, რომელსაც აქვს შენგენის ვიზა, საქართველოში შემოსასვლელად დამატებითი ვიზის აღება აღარ მოუწევს”, – განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

წარმოდგენილი რეფორმის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ასევე e-viza portal-ის გააქტიურება. აღნიშნული უცხოელებს საშუალებას აძლევს, მარტივი აპლიკაციის შევსების გზით, სახლიდან გაუსვლელად აიღონ  ელექტრონული ვიზა. ვიზის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესაბამისი ინსტრუქცია დაახლოებით 10 ენაზე ითარგმნება და საერთაშორისო ენების არმცოდნე მოქალაქეები იოლად ისარგებლებენ ამ სერვისით.

 

“ვიზის აღების პროცესის ერთ–ერთ მნიშვნელოვანი კომპონენტია ვიზის მისაღებად აუცილებელი  დოკუმენტების ჩამონათვალის გამარტივებაც, რომელიც ასევე უახლოეს დღეებში იქნება დამტკიცებული საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იგეგმება უცხოელთა სამოგზაურო დაზღვევის წესის გამარტივებაც. უცხოელ მოქალაქეებს საქართველოში არსებული სადაზღვევო კომპანიებისგან დაზღვევის მიღება საზღვარზევე შეეძლებათ. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ცვლილებები მკვეთრად გაზრდის საქართველოში ვიზიტორად შემოსვლის მსურველთა რიცხვს, რაც ერთმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტული ნაკადის ზრდას და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას. 

 

კანონში წინა ცვლილების შემდგომ, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული გამოსასწორებელი მომენტები, არსებობდა გარკვეული ხარვეზები როგორც ადმინისტრირების, ასევე თავად ლიბერალიზაციის დონის კუთხით. ამიტომ ჩვენ ლიბერალიზაციის თამასა ავწიეთ, შესაბამისად, გაცილებით მეტ მოქალაქეს, ვისი საქართველოში შემოსვლაც უსაფრთხოა, შეეძლება შემოსვლა გაცილებით გამარტივებული პროცედურებით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

რაც შეეხება იმას, რომ უვიზო ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა რამდენიმე ქვეყანა, ამაზე კვირიკაშვილმა განმარტა: “ჩვენ წავედით შედარებით მარტივი გზით, რომ იმ ქვეყნებთან, ვისთანაც უკვე გვქონდა უვიზო მიმოსვლა, შევცვალეთ მხოლოდ ლიმიტები, ანუ 90-დღიანი ლიმიტი მოვხსენით 180 დღის განმავლობაში. ანუ, უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნებთან 365-დღიანი ლიმიტი დავადგინეთ. მეორე: მთელ რიგი  ქვეყნების ვიზების და ბინადრობის ნებართვის მქონე, ანუ მე-3 ქვეყნების მქონე მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ შენგენის, ევროკავშირის ან მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული 50 ქვეყნიდან ერთ-ერთი ქვეყნის ვიზა ან ბინადრობა მაინც, საქართველოში ვიზის გარეშე შემოვლენ. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს – მათი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს, განსაკუთრებით აღვნიშნავ ბიზნესმენებს და ინვესტორებს,  როგორც წესი, მათ ამ მთელი რიგი ქვეყნების ვიზები ან ბინადრობის უფლება აქვთ. ამას დამატებული ელექტრონული ვიზის პორტალის  მნიშვნელოვანი გამარტივება უკვე ძალიან ხელშესახებ ლიბერალიზაციას მოიტანს ამ მიმართულებით“.

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი