ეკონომიკა

მეჭიაური: ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გასვლის საკითხის განხილვა გადაიდო

10 ივნისი, 2015 •
მეჭიაური: ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გასვლის საკითხის განხილვა გადაიდო

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა განუცხადა: 

 

“დღეს შედგა კონკულტაციები. ბიზნესომბუდსმენმაც ითხოვა, რომ ამ კანონპროექტის განხილვა გადაგვედო. იგივე შემოთავაზება იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. გავითვალისწინეთ და კანონპროექტის განხილვა ერთი კვირით გადაიდო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონპროექტის პრინციპზე უარს ვამბობთ. ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახური უნდა გავიდეს.”

 

“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონსა და სხვა კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტები გაერთიანებულ სხდომაზე 11 ივნისს არ განიხილავენ.

დეპუტატების, თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის ავტორობითა და ინიციატივით პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. 

 
“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, 2015 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს ეროვნულ ბანკთან იქმნება სსიპ – საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი