ეკონომიკა

იზრდება თუ მცირდება ტურისტების რაოდენობა? – ახალი სტრატეგია სტატისტიკაზე არ აქცენტირებს

10 ივნისი, 2015 • • 1981
იზრდება თუ მცირდება ტურისტების რაოდენობა? – ახალი სტრატეგია სტატისტიკაზე არ აქცენტირებს

მართალია, 2015 წლის მაისში ტურისტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა და 164 640 ტურისტი შეადგინა, მაგრამ მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, მათი რაოდენობა 3%-ითაა შემცირებული.

 

მთავრობა მიიჩნევს, რომ მაისში ტურისტების ზრდა მათი წარმატებული პოლიტიკის შედეგია.

 

“შევარჩიეთ 9 მიზნობრივი ბაზარი, სადაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს კამპანია. ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი, უნგრეთი, ლატვია, ისრაელი. მარტო ზაფხულის მარკეტინგული აქტივობებისთვის დაახლოებით 8 მილიონი ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, საქართველოს შესახებ 30-წამიანი საიმიჯო რგოლი ტრიალებს მსოფლიოში ყველაზე რეიტინგულ არხებზე. ესენია: CNN და EURONEWS.  EURONEWS-ის შემთხვევაში, არის 21-კვირიანი პერიოდი და ასევე, გადაცემები საქართველოს შესახებ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის გაზრდას მთელ მსოფლიოში, რაც პირდაპირ ნიშნავს უფრო მეტ ტურისტს და უფრო მეტ შემოსავალს საქართველოში,” – ასე გამოეხმაურა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე მაისში ტურისტების რაოდენობის ზრდის ფაქტს.

კადრი საქართველოს რეკლამიდან - This is Life - Georgia
კადრი საქართველოს რეკლამიდან – This is Life – Georgia

 

თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ტურ-ოპერატორები და სასტუმროების მფლობელები და აცხადებენ, რომ მაისის მაჩვენებელი ორმა ფაქტორმა განაპირობა: 1. EBRD-ის კონფერენეციის თბილისში გამართვამ და 2. ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით მეზობელ ქვეყნებში არდადეგების გამოცხადებამ.

 

“მაისი არ არის კარგი თვე იმისთვის, რომ სტატისტიკა დავდოთ და შედარებები გავაკეთოთ იმიტომ, რომ იყო EBRD-ის წლიური შეხვედრა. ყოველთვის, როცა დიდი შეხვედრა ტარდება, არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოა თუ სხვა ქვეყანა, ტურიზმის სტატისტიკისთვის ვერ აიღებ,” – განაცხადა “ნეტგაზეთთან” საუბარში “აჭარა გრუპის” ხელმძღვანელმა ვალერი ჩეხერიამ. 


“აჭარა გრუპი” საქართველოს ბაზარზე ხუთ სასტუმროს მართავს. ვალერი ჩეხერია ამბობს, რომ 2015 წელს ბაზრიდან “შერატონი” გავიდა, თუმცა, ამის მიუხედავად, სასტუმროები დატვირთვის მიხედვით 2014 წლის მაჩვენებელზე მაინც ვერ გავიდნენ: 


“2015 წელს სასტუმროების დატვირთვა უფრო დაბალია. მაისში EBRD-ის კონფერენციის გამო ნომრები ვერ გავყიდეთ, რადგან აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ყველა ნომერი დაჯავშნილი იყო. რა მონაცემზე გავალთ ივნისში, ჯერ არ ვიცით.”


2015 წლის მაისში საქართველოში ტურისტების ნაკადის ზრდას დსთ-ს ქვეყნებში 1-დან 10 მაისის ჩათვლით დაგეგმილ არდადეგებს უკავშირებს კომპანია “ჯეო ტურის” ხელმძღვანელი ნინო წიკლაური:


“მაისი, საერთოდ, აქტიური თვეა. გვყავდა ტურისტები რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან, თუმცა ჩვენი კომპანია 2014 წლის მაჩვენებელზე ვერ გავიდა. მიმაჩნია, რომ მაისი იმისთვის, რომ ტურიზმის მზარდ ტენტენციებზე ვისაუბროთ, არ გამოდგება. საგულისხმოა, რომ ქვეყანაში ჩატარდა EBRD-ის კონფერენციაც.” 


ტურისტული სააგენტოს მფლობელი ამბობს, რომ მთავრობამ ტურიზმის ბაზრების დივერსიფიკაცია უნდა მოახდინოს და სტრატეგია დახვეწოს: 


“საფრანგეთში ტურ-ოპერატორებს შევხვდი და საქართველოს მარშრუტები და ტურისტული პროდუქტები შევთავაზე. კომპანიებმა საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ჯგუფების გამოშვებაზე უარი თქვეს. მითხრეს, რომ ეს საკითხი სამთავრობო დონეზე წყდება და საჭიროა, ჰქონდეთ უსაფრთხოების გარანტია.”


“ქვეყანაში ტურისტების ნაკადი შემცირდა,” – ამბობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე, რომელიც ახლა ტურისტულ სააგენტოს ფლობს:


“მთავარი აქცენტი მარკეტინგულ აქტივობებზე გააკეთეს რუსეთსა და უკრაინაში. ეს იყო შეცდომა, რადგან ორივე ქვეყანაში დღეს ფინანსური კრიზისი და კონფლიქტური სიტუაციაა. ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია. საჭიროა ახალ ბაზრებზე გასვლა და მარკეტინგული ღონისძიებების გატარება.”


ტურ-ოპერატორებისა და სასტუმროების პოზიციას არ ეთანხმება ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: “ტურიზმის ზრდის დინამიკა დადებითია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მაისში ზრდა 5%-ია. თუმცა როგორი იქნება მონაცემები წლის ბოლოს, პროგნოზირება რთულია.”

 

ტურიზმის სექტორის ზრდაზე ისაუბრა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, რომ  საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით 13 500 000 შეადგინა, “რაც იმას ნიშნავს, რომ 2,5 წელიწადში საქართველომ მიიღო იმაზე კარგი შედეგი, ვიდრე იყო განვლილი 7 წლის განმავლობაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


“ან თვითონ პრემიერს აწვდიან არასწორ ინფორმაციას, ან ცდილობენ, რომ შეფუთონ და დააჯამონ თვეები და წლები, რომ ჟღერდეს ეს ციფრები. ეს არასწორი პოლიტიკაა, ნებისმიერ შემთხვევაში. 2015 წლის 5 თვეში შემცირებულია ტურისტების რაოდენობა 3%-ით. ტურისტული სააგენტოებშიც ის მდგომარეობა არ არის, რაც წინა წლებში იყო,” – ამბობს მაია სიდამონიძე. 

 

სიდამონიძე განმარტავს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის განმარტების მიხედვით, მოგზაური კლასიფიცირდება ტურისტად, თუ იგი ნებაყოფლობით ტოვებს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს, დასვენების, გაჯანსაღების, საქმიანი ან სხვა მიზნით და მისი მოგზაურობა მოიცავს ღამისთევას. ამასთან, იგი უნდა რჩებოდეს არაუმეტეს ერთი წლის ვადით და არ უნდა იყოს დასაქმებული მოცემულ ქვეყანაში.


“როგორც ჩანს, პრემიერს ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა აერია და დიდი ციფრი დაასახელა,” – ამბობს სიდამონიძე. 

 

შსს-ს სტატისტიკით 2015 წლის 5 თვეში ( იანვარ-მაისი)  2014  წელთან შედარებით ტურისტების შემოსვლის მაჩვენებელი ქვეყანაში 3%-ით შემცირდა. 2015 წლის 5 თვეში ქვეყანაში 656 068 ტურისტი შემოვიდა, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 679 495 იყო.


ამ სტატისტიკის ფონზე, 2015-2025 წლების ტურიზმის სტრატეგიაში, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინიტრაციამ მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებული ექსპერტის დახმარებით მოამზადა, აქცენტი ტურისტების რაოდენობის ზრდაზე აღარ კეთდება:

 

“სტრატეგია შემუშავდა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. ეს არის 10-წლიანი ხედვა ტურიზმის განვითარების შესახებ. ახალი სტრატეგია ითვალისწინებს არა რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ ზრდას. უნდა გავზარდოთ პროდუქტების რაოდენობა. საინტერესო გამოცდილების მიღება შევთავაზოთ ტურისტებს. მეტი მხარჯველი ტურისტი უნდა ჩამოვიყვანოთ: ტურისტი, რომელიც მეტ ფულს დახარჯავს საქართველოში და, შესაბამისად, ტურიზმი მეტ წვლილს შეიტანს მშპ-ს ზრდაში,” – ამბობს მსოფლიო ბანკის რეგიონული წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში აჰმედ ეივეიდა (მდგრადი განვითარების სექტორის კოორდინატორი).


სტრატეგიული დოკუმენტის მიხედვით, ორჯერ უნდა გაიზარდოს ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა დასავლეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის შედარებით მდიდარი ბაზრებიდან, ხოლო თითოეული ვიზიტორის მიერ დახარჯული თანხა 320 აშშ დოლარიდან 365 აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს.


ახალი სტრატეგიით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2025 წლამდე საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდას 3,3 მილიონიდან 8,4 მილიონამდე პროგნოზირებს. თუ ქვეყანაში ამ რაოდენობის ტურისტი შემოვა, ადმინისტრაციის გათვლებით ტურიზმის სექტორში დასაქმების რაოდებობა 180 ათასიდან 270 ათასმდე, ხოლო ინვესტიციების მოცულობა 183 მილონი ლარიდან 874 მილიონამდე გაიზრდება. 


ტურიზმის ეროვნული სტრატეგიის მეორე ნაწილი დღეს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ტურიზმის ადმინისტრაციამ წარმოადგინა. აღნიშნული დოკუმენტი კიდევ უნდა დამუშავდეს, რის შემდეგაც მომზადდება სტრატეგიის საბოლოო ვერსია, რომელიც 2025 წლამდე პერიოდს მოიცავს და ასევე, შემუშავდება ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი