ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა:
“2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მიმდინარეობს გამოძიება მრავალ საკითხთან დაკავშირებით. დაკითხულია ყველა, ვისი დაკითხვაც შეიძლება. ამ ქვეყანაში არსებობს პროკურატურა და სასამართლო. ამიტომ, თუ არსებობს რაიმე ფაქტი იმისა, რომ ადგილი აქვს რაიმე ტიპის კანონდარღვევას, ყველა ადამიანმა უნდა აგოს პასუხი, ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული ქვეყნის პრინციპი. სხვა შემთხვევაში, ეს არის იაფფასიანი დისკრედიტაციის მცდელობა. სამი წელია ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არის მარტივი. არსებობს პროკურატურა და სასამართლო. თუ ვინმეს რამე კითხვები აქვს ამ საკითხან დაკავშირებით, მზად ვარ ვუპასუხო. უკვე სამი წელია მიმდინარეობბს ტალახის სროლა ჩვენი მისამართით” – განაცხადა ქადაგიძემ.
მედიის კითხვაზე, არის თუ არა ივანიშვილის მთავარი სურვილი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვს? გიორგი ქადაგიძემ ასე უპასუხა:
“ეროვნული ბანკი არის ერთ-ერთი ყველაზე გამართული ინსტიტუცია საქართველოში და განვითარებული. ეს არ არის ჩვენი შეფასება. ეს არის შეფასება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და ყველა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს ვხედავთ ამ მიმართულებით. ეს არის დამსახურება იმ გუნდის, რომელიც პროფესიონალურად ახორციელებს თვის საქმიანიბას წლების განმავლობაში. ამ გუნდის დამსახურებაა ის შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს ფინანსურ სექტორში. ამ გუნდის დამსახურებაა სწორად ის, რომ ჩვენ დავივიწყეთ, რა ნიშნავს გაკოტრებული და გაქცეული ბანკი, რას ნიშნავს დაკარგული მეანაბრე და ეს პერიოდი არ დაბრუნდება საქართველოში არასდროს. ამ კითხვაზე მიჭირს პასუხის გაცემა. ეროვნული ბანკი არის გამართული ინსტიტუცია. ამ ქვეყანაში არსებობს კონსტიტუცია, კონსტიტუციური ვადები. კონსტიუციით გათვალისწინებული ვადები იქნება დაცული. ძალიან სამწუხაროა, როცა მაღალი თანამდებობის პირები იმეორებენ იმ სტატუსს, რაც აქვს ყვითელ პრესას.”
შეგახსენებთ, რომ 4 ივნისს ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომ “ივანიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დააპატიმრა, რადგან მან ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის თხოვნა გაითვალისწინა”.
ივანიშვილის თქმით, ეს იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების თხოვნა.
“მე მართლაც გავითვალისწინე, ვუთხარი, რომ ის, რაც პირადია და პირადი იყო ქართუ ბანკი. ქართუ ბანკზე იცოდნენ მათაც, რომ კანონი დაარღვია და ის დასასჯელია. ის კი არ მითქვამს მე, რომ ის დასაჭერია, ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, იქნებ ვაპატიოთ. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, მე შემიძლია ეს გავაკეთო”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, ამ საკითხში ჩაერია იმის გამო, რომ საქმე ეხებოდა მის პირად ქონებას – ქართუ ბანკს.
“ამ შემთხვევაში მე მოვახერხე ამის გაკეთება და ვაკეთებ კიდეც განცხადებას და არა სახელმწიფო და საერთო ქონებაზე, ეს განმარტება მათაც მივეცი, რომ საერთო ქონებაზე რეაგირებას ვერ გავაკეთებდი”, – განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახური ”ქართუ ბანკში” 2011 წლის 18 ოქტომბერს შევიდა. ”ქართუს” შემოწმების ოფიციალურ მიზეზად ეროვნულმა ბანკმა მაშინ ტოპმენეჯმენტში მომხდარი ცვლილებები და საინკასაციო მანქანის დაპატიმრება დაასახელა.