ეკონომიკა

IMF-ის პასუხი ივანიშვილს: სებ-ის დამოუკიდებლობა რისკის ქვეშ არ უნდა დადგეს

5 ივნისი, 2015 •
IMF-ის პასუხი ივანიშვილს: სებ-ის დამოუკიდებლობა რისკის ქვეშ არ უნდა დადგეს

“საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვერ მიიღებს მხედველობაში მართლმსაჯულებასთან და ინდივიდუალური პირების კანონთან მიმართებაში დაკავშირებულ საკითხებს, რადგან ეს არ არის მისიის მანდატი” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აზიმ სადიკოვის სახელით, თბილისში ფონდის წარმომადგენლობა ავრცელებს.  


სადიკოვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისას, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არაერთხელ აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობა:


“საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შელახვა შეასუსტებს ამ ინსტიტუტს, ნდობას შეურყევს მის სავალუტო და ფინანსურ პოლიტიკას და საფრთხის ქვეშ აყენებს ინვესტორთა ნდობას”. 


სადიკოვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა  ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა, რის გამოც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მხარი დაუჭირა საქართველოს და 2014 წლის ივლისში ეკონომიკური დახმარების პროგრამა აამოქმედა. 


“საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეშფოთებულია იმის გამო, რომ ბოლო დროს გაკეთებული შეთავაზება ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას რისკის ქვეშ დააყენებს. ფონდი რეკომენდაციას უწევს საქართველოს მთავრობას გაიმართოს სწორი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და საერთაშორისო ექსპერტებთან. თუ ეს კონსულტაციები აჩვენებს, რომ საჭიროა ცვლილებები შევიდეს ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში, მაშინ ნებისმიერმა ცვლილებებმა კანონმდებლობაში უნდა უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკის დაკმოუკიდებლობა. ასევე ის, რომ მისი მმართველობა და ოპერაციები უნდა შეესაბამებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არის გაუწიოს დახმარება ამ სფეროში”- ნათქვამია სადიკოვის განცადებაში. 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი