ეკონომიკა

ბანკები სებ-იდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გასვლას არ ეთანხმებიან

4 ივნისი, 2015 •
ბანკები სებ-იდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გასვლას არ ეთანხმებიან

თამაზ მეჭიაურს ეკუთვნის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის სამსახური უნდა გამოეყოს. 

 

საბანკო სექტორს მიაჩნია, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივას არგუმენტები და დასაბუთება აკლია: 

 

“კარგად უნდა დასაბუთდეს, რატომ ხორციელდება ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა ახლა, და გრძელვადიან პერსპექტივაში რა შედეგს მოიტანს დაგეგმილი ცვლილებები. დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ შინაარსიანი იყო. არის ქვეყნები, სადაც აღნიშნული სამსახური ეროვნულ ბანკთან ერთად არსებობს. არის ისეთი ქვეყნებიც, სადაც არის ერთმანეთისგან განცალკევებით. ამასთან დაკავშირებით მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მოყვანილი იყო საქართველოს მაგალითიც, რომ არსებობდა პრეცედენტი, როცა იყო განცალკევებით და ახლა არის ერთად. ჩვენი მხრიდან ითქვა, რომ კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, თუ რატომ ხორციელდება ცვლილებები დღეს, როგორი სტრუქტურით გაკეთდება, ლოგიკა რა არის და გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი მოთხოვნა. საკითხის განხილვის პროცესში აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა საბანკო სექტორმა და საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა”, – განუცხადა ჟურნალისტებს “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

 

საბანკო ასოციაციამ ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა. 

 

ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის შეფასებით, საბანკო ზედამხედველობის სფეროს ეროვნული ბანკიდან გამოყოფა სწორი იქნება:

 

“ამასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პოზიცია მაქვს. მსჯელობისა და განხილვის პროცესი გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ მხარეები კონსენსუსამდე მივლენ”.

 

“მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს საბანკო ზედამხედველობის აბსოლუტური დამოუკიდებლობა. ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. საბანკო სექტორი ითხოვს პროცესი უფრო საჯარო გახდეს. მათ მოიყვანეს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები. მაგალითად, დასახელდა საფრანგეთი, სადაც აღნიშნული სამსახური დამოუკიდებელია”- განაცხადა ფინანასთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. 

 

კანონში დაგეგმილი ცვლილებების საკომიტეტო განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება, რის შემდეგაც პროექტი პლენარულ სხდომაზე გავა.

 

“დღევანდელი შეხვედრისას გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები. ეს პროცესი მეორე მოსმენით განხილვების დროსაც გაგრძელდება. ჩვენ მივიღებთ კანონის ისეთ ვარიანტს, რომელიც, ერთი მხრივ, აამაღლებს ეროვნული ბანკის სანდოობას და, მეორე მხრივ, აბსოლუტურად დაიცავს ბიზნესის ინტერესებს”, – განაცხადა დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ კანონპროექტის ავტორმა თამაზ მეჭიაურმა.

 

ამ საკითხზე დღეს კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. ექსპრემიერი ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ეთანხმება:

 

 “პირიქით, უფრო მეტი დამოუკიდებლობა მიეცემათ კომერციულ ბანკებს. ისინი ვეღარ გახდებიან, თუ ასეთი არსებობს, მე არ ვამტკიცებ, პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი ეროვნული ბანკის მხრიდან”, – განაცხადა ივანიშვილმა

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი