ნაბეჭდი პროდუქციის მწარმობლებმა და გაზეთების გამომცემლებმა “საქართველოს ფოსტისგან” აღნიშნული ცვლილების შესახებ შემდეგი შინაარსის შეტყობინება მიიღეს:
“ვინაიდან 2015 წლის 01 ივნისიდან შპს “საქართველოს ფოსტა“ წყვეტს ნაბეჭდი პროდუქციის რეალიზაციის მომსახურებას, გთხოვთ, ა/წლის 3 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით მობრძანდეთ საქართველოს ფოსტის ადმინისტრაციულ შენობაში (ვაგზლის მოედანი N2) და მოახდინოთ თქვენი ნაბეჭდი პროდუქციის დაბრუნება და საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით გააფორმოთ შედარების აქტი.”
რატომ თქვა “საქართველოს ფოსტამ” უარი ნაბეჭდი პროდუქციის რეალიზაციაზე და რას შესთავაზებს “ელვა სერვისი” გამომცემლებს? – “ნეტგაზეთმა” ამ საკითხების გარკვევა “საქართველოს ფოსტასთან” სცადა, თუმცა პრესსამსახურმა ამ დრომდე ვერ მოგვაწოდა ამ საკითხზე ოფიციალური განმარტება.
“ნეტგაზეთმა” მოახერხა “საქართველოს ფოსტის” ბუღალტერთან, მეგი ქათამაძესთან დაკავშირება, რომელმაც გვითხრა, რომ ფოსტამ თავის მფლობელობაში არსებულ ჯიხურებში გაზეთების კუთხე “ელვა სერვისს” გადასცა:
“გაზეთების კუთხე “ელვა სერვისს” გადავეცით. გამომცემლებს ისინი მოემსახურებიან. კომპანია იმავე პირობებით მოემსახურება გამომცემლებს. სხვა დეტალებზე იქნებ კომპანიის იურისტს დაელაპარაკოთ”.
“საქართველოს ფოსტის” იურისტმა ოფიციალურ კომენტარზე უარი განაცხადა, თუმცა პირად საუბარში გვითხრა, რომ “ელვა სერვისთან” მოლაპარალებებში არ მონაწილეობდა და გადაწყვეტილება კომპანიის გაყიდვების სამსახურმა მიიღო:
“არანაირ მოლაპარაკებაზე არ ვყოფილვარ და არც გადაწყვეტილება მიმიღია. გაყიდვების სამსასახურის უფროსს, თენგიზ რიჟამაძეს დაუკავშირდით.”
“საქართველოს ფოსტის” გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა მალხაზ რიჟამაძემ “ნეტგაზეთთან” უარყო ფაქტი, რომ ფოსტა წყვეტს ნაბეჭდი პროდუქციის რეალიზაციის მომსახურებას: “საიდან მოიტანეთ, რომ წყვეტს. ახლავე გადით ფოსტის ქსელში და შეგიძლიათ ნახოთ, თუ რომელიმე ფოსტის ჯუხურში გაზეთი არ არის. მიმართეთ ფოსტის პრესცენტრს და ისინი გიპასუხებენ.”
რა ხელშეკრულება გააფორმა “საქართველოს ფოსტამ” კომპანია “ელვა სერვისთან”? – ამ საკითხზე ზოგადი ინფორმაცია კომპანიის ხელმძღვანელისგან გურამ სანაიასგან მივიღეთ:
“ფოსტასთან ამ სერვისზე 3-წლიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ. ეს არ არის იჯარა. უბრალოდ, ფასდათმობით შევდივართ და ვემსახურებით გამომცემლებს და ვახდენთ ნაბეჭდი პროდუქციის დისტრიბუციას. რა მნიშვნელობა აქვს, ამას ვინ გააკეთებს, მთავარია, პროცესი არ შეჩერდეს. ტირაჟი იგივე დაჩა. გაზეთები იგივე ჯიხურებში გაიყიდება. რაც იყიდებოდა ფოსტის ჯიხურებში, იგივე რაოდენობა იგივე ფასად გაიყიდება.”
გურამ სანაია ამბობს, რომ “საქართველოს ფოსტის” ჯიხურებში ნაბეჭდი პროდუქციის განთავსების შეთავაზება ფოსტისგან მიიღო:”არ გამოცხადებულა ტენდერი. ალბათ იმიტომ შეგვარჩიეს, რომ ყვლაზე დიდი კომპანია ვართ ბაზარზე. მხოლოდ თბილისში ნაბეჭდი პროდუქციის გავრცელების 300 წერტილი გვაქვს.”
“ელვა სერვისს” იმ გამომცემლებთან, რომლებიც “საქართვლოს ფოსტის” სერვისით სარგებლობდნენ, ოფიციალური ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია.
„ინფორმაციას, რომ “ელვა” მოახდენს ფოსტის ჯიხურებში ნაბეჭდი პროდუქციის დისტრიბუციას, ვფლობთ პირადი საუბრიდან. „ელვა ექსპრესთან“ ახალი ხელშეკრულება უნდა გავაფორმოთ. თუ ეს არ იმოქმედებს გაზეთის ტირაჟზე და რაოდენობაზე, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვექნება,” – გვითხრა “რეზონანსის” ფინანსურმა დირექტორმა მაია მორგოშიამ.
ნაბეჭდი პროდუქციის დისტრიბუციას ადგილობრივ ბაზარზე “ელვა სერვისი”, “პლანეტა ფორტე,” “მაცნე”, “საქპრესა” ახდენს. აქედან ყველაზე მსხვილი მოთამაშე “ელვა სერვისია.”
კომპანია “პლანეტა ფორტეს” ხელმძღვანელი მერაბ ჩანჩალაშვილი მიიჩნევს, რომ “საქართველოს ფოსტამ” უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, როცა ნაბეჭდი პროდუქციის დისტრიბუციის უფლება კუთვნილ ჯიხურებში “ელვა სერვისს” გადასცა. ჩანჩალაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ბაზარზე კონკურენცია კიდევ უფრო არაჯანსაღი გახდება:
“ეს ჯიხურები რომ ჩაიდგა, მაშინ აყარეს პრესის გამავრცელებელი ორგანიზაციები. იყო ჩვენი და “მაცნეს” ჯიხურები. წაგვართვეს ადგილები და მისცეს “ლატარიის კომპანიას” და მერე გადასცეს “საქართველოს ფოსტას. იყო დაპირება 2012 წლის არჩევნებამდე, რომ ამ ადგილებს დაუბრუნებდნენ ჩვენს ორგანიზაციებს, მაგრამ ეს არ შესრულდა. ვგეგმავთ ამ თემაზე ქალაქის მერთან შეხვედრას, რადგან მაშინ 82 ჩვენი ჯიხური აიღეს, 115 “მაცნესი” და მაგ ადგილებში არის ახლა ფოსტის ჯიხურები.”
“პლანეტა ფორტეს” ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფოსტის ჯიხურებში პრესის გავრცელება ფორმალური მხარე იყო: “პრესას კი არ ავრცელებდნენ, ალბათ უფრო ბლოკავდნენ. ჩვენ, როგორც გამომცემლებს ბევრი დასახელების პრესა შეგვიტანია, მაგრამ შედეგი არ გვიგრძვნია გავრცელების. თითქმის არ ყიდდნენ.”
2011 წელს ამ ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოყვანა ექსპრემირმა ბიძინა ივანიშვილმა სცადა.
“თავისუფალი პრესის მხარდაჭერ ორგანიზაციას” ბიძინა ივანიშვილმა გრანტი გადასცა. ორგანიზაციამ შეიძინა ურიკები და სტენდები და ქუჩაში ნაბეჭდი პროდუქციის გავრცელება დაიწყო. “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ დღეს ამ ორგანიზაციას ეს სერვისი აღარ აქვს და ინვენტარი სხვადასხვა კომპანიებში გადანაწილდა.
რაც შეეხება “საქართველოს ფოსტის” მიერ “ელვა სერვისისთვის” ნაბეჭდი პროდუქციის დისტრიბუციის გადაცემის საკითხს, ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ ბაზარზე კერძო სტრუქტურა უფრო მოქნილი იქნება და უკეთესად იმუშავებს:
“ელვა სერვისი” წარმატებულია და კარგად მუშაობს. არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ პრეტენზია გვქონდდეს“.








