„დანამდვილებით შემიძლია ვთქვა და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ალბათ ყველაზე უარესი უკან მოვიტოვეთ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ კვლავ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. მიუხედავად არსებული გარემოებებისა, ჩვენ გვაქვს უკვე პოზიტიური შედეგები – ექსპორტის სტატისტიკა ნამდვილად უმჯობესდება, ასევე, სავალუტო შემოსავლები ტურისტების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, თანდათანობით იზრდება ასევე ფულადი გადარიცხვების ოდენობა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენინი მოქალაქეებისგან“ -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, არის უკვე გარკვეული ნიშნები, რომ ტურისტების რაოდენობა კიდევ გაიზრდება:
„ჩვენ დავაჩქარეთ პრივატიზაციის პროცესები, აქედან მიღებული შემოსავლებით გასული წლის მაჩვენებლებს უკვე გადავაჭარბეთ კიდეც. დამატებით ვამზადებთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ დიდ კომპანიებს და უძრავ ქონებას პრივატიზაციისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ არასაბიუჯეტო ინფრასტრუქტურის პორტფელებზე და ვიმედოვნებთ, რომ ამას ექნება საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პოზიტიური შედეგები“.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად შეიქმნა სპეციალური ინსტიტუტი – ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო, რომელიც იმუშავებს საქართველოს საპარტნიორო ფონდის ფარგლებში.
„სააგენტოს დაკომპლექტება ხდება ძალიან გამოცდილი ადამიანებით, ვთანამშრომლობთ იტალიის ექსპორტის მხარდაჭერის სააგენტოსთან და ვიმედოვნებთ, რომ წარმატებული შედეგები გვექნება“ – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
15 მაისისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1აშშ დოლარი 2.3632 ლარი ღირს.
ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, როცა 1 აშშ დოლარი 1.73 ლარი ღირდა. ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ფასი 0.61 ლარით აღემატება გასული წლის ნოემბრის კურსს. საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ ლარის გაუფასურება გარე ფაქტორებით (უკრაინის კრიზისი და სანქციები რუსეთისთვის) არის განპირობებული. ოპონენტების თქმით კი, ამას განაპირობებს მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა.
ლარის კურსის გასამყარებლად 240 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა სავალუტო რეზერვებიდან, რამაც კურსის ვარდნის შეჩერება ვერ მოახერხა.
