ეკონომიკა

რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში

8 მაისი, 2015 • • 4700
რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში

ენერგეტიკა


კვლევამ აჩვენა, რომ 2015 წლის მდგომარეობით, კომპანია “ინტერ რაო”, რომლის აქციონერები რუსული სახელმწიფო კომპანიები არიან, ფლობენ საქართველოს ენერგოსადისტრობუციო კომპანია “თელასს”, თბოსადგურ “მტკვარი ენერგეტიკას”, ჰესებს- “ხრამჰესი 1”, “ხრამჰესი 2”. „ინტერრაოს“ მართვაში აქვს გადაცემული ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”.

 

„ინტერ რაოს“ სამეთვალყურეო საბჭოში შედიან რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ კრავჩენკო, “გაზპრომის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი დენის ფედოროვი, გაზის კომპანია “როსნეფტის” პრეზიდენტი იგორ სეჩინი, რუსული ტექნოლოგიების სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი შუგაევი, რუსული სახელმწიფო კორპორაციის, “ვნეშეკონობენქის” ხელმძღვანელი ვლადიმერ დმიტრიევი. მმართველ საბჭოს ბორის კოვალჩუკი ხელმძღვანელობს, რომელიც 2006-2009 წლებში რუსეთის მთავრობის პრიორიტეტული პროექტების დეპარტამენტის უფროსი იყო.

 

რუსეთის მოქალაქე ფლობს შპს “ენერგიასაც”, რომელსაც ეკუთვნის დარიალი ჰესი, ლარსი ჰესი, შილდა ჰესი. რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ავანიჰესი, ალგეთი ჰესი, სკურდიდი ჰესი. ქართული და რუსული მხარე ერთობლივად ფლობენ “საქრუსენერგოსაც”, რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის გადამცემ სისტემას განკარგავს.


კომპანია „ენერგია“, რომელიც 2010 წელს საქართველოში დაფუძნდა, მისი 70 პროცენტი რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძეს

ეკუთვნის, 30 პროცენტი კი შპს „ფერის“ მფლობელობაშია. შპს „ენერგია“ სს “დარიალი ენერჯის” აქციონერია.

 

მევლუდ ბლიაძე საქართველოში დაიბადა. მოგვიანებით რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. 1992 წელს კი
რუსული სააქციო საზოგადოება „პილონის“ ხელმძღვანელობა დაიწყო. დღეს ის კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. „პილონი“ სანკტ პეტერბურგში ხიდების, გზების რეკონსტრუქციასა და შეკეთებას უზრუნველყოფს და ერთ-ერთი ლიდერი
კომპანიაა ამ მიმართულებით. 2012 წელს ამ კომპანიის მიერ განხორციელებული მორიგი პროექტის გახსნას თავად პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ესწრებოდა. მევლუდ ბლიაძეს მინიჭებული აქვს „რუსეთის დამსახურებული მშენებლის“ წოდება


წყალმომარაგება


რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ჟინვალჰესი, აგრეთვე, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს”.

 

თბილისის მოსახლეობას სასმელი წყლით „ჯორჯიან უოთერ ფაუერი“ ამარაგებს. მისი ოფიციალური მფლობელი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული შპს „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზია“. კომპანიას სამი დირექტორი ჰყავს გოჩა მეგრელიძე, მიხაილ ტუზოვი და
ვლადიმირ კოზინი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით , მიხაილ ტუზოვი სხვადასხვა დროს რუსული “ინეტრ რაოს” შვილობილ კომპანიებში მუშაობდა. რუსეთის მოქალაქეა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წარმოების დირექტორი ალექსეი ფროლოვი, რომელიც მანამდე მუშაობდა ტექნიკური დირექტორის მოადგილედ შპს „როსვოდოკანალში“. 

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელს, შპს „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზს“ეკუთვნის რუსთავის წყალიც, რომელიც წყალმომარაგების მომსახურებას უწევს 49 932 აბონენტს ქ. რუსთავში, 4 713 აბონენტს- გარდაბანში, 62 აბონენტს- მარნეულში, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და კომერციულ ობიექტებს.

ამავე საინვესტიციო ჯგუფის წევრია შპს „მცხეთის წყალიც“, რომელიც სასმელი წყლით ამარაგებს ქ. მცხეთაში მცხოვრებ 2 520 აბონენტს (მოსახლეობა) და 90 საბიუჯეტო ორგანიზაციასა და კომერციულ ობიექტს. “მცხეთის წყალი”, ყოველთვიურად 490 992 მ
3 სასმელ წყალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან” იღებს და თავის მომხმარებლებში ანაწილებს.

შპს “რუსთავწყალკანალი”, შპს “მცხეთაწყალკანალი”, შპს “საქწყალკანალი” და შპს “თბილისის წყლი” შპს „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზს“ (ყოფილი შპს “მალტიპლექს ენერჯილიმითედს”) საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მაისს გამოცემული №325
განკარგულებით გადაეცა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ “მწვანე ალტერნატივა” ამ კომპანიებთან მთავრობის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები ვერ მოიპოვა ვერც სასამართლოს გზით. ხელშეკრულების სრული ტექსტი ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლითვე მიჩნეული იყო მყიდველის კომერციულ საიდუმლოდ.

შპს „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზი“ ასევე ფლობს კანალიზაციის ქსელების ექსპლუატაციის საწარმოს, გარდაბნის გამწმენდ ნაგებობას და შპს „საგურამო ენერჯის“. ამ უკანასკნელის გენერალური დირექტორი რუსეთის მოქალაქე მელსიკ აკობიანია.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ელექტროენერგიასაც აწარმოებს. მას ეკუთვნის ჟილნვალჰესი, რომლის სიმძლავრე 134 000 კვტ.სთ-ია და თეთრიხევჰესი. მისი დადგმული სიმძლავრე 12 მვ, საშუალო წლიური გამომუშავება – 20-25 მლნ კვტ.სთ-ია.

 

ნავთობი


კომპანია „ლუკოილ ჯორჯია“ საქართველოში ამ სახელით 2002 წლიდან ფუნქციონირებს. „ლუკოილ ჯორჯიას“ საწვავი საქართველოში ბულგარეთიდან შემოაქვს და ის ერთ-ერთი მსხვილი ნავთობიმპორტიორი კომპანიაა – საქართველოში ფლობს 62 ბენზინგასამართ სადგურს.

 

“ლუკოილ ჯორჯია” რუსული სააქციო საზოგადოება “ლუკოილის” შვილობილი კომპანიაა.“ლუკოილი” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, ნავთობისა და გაზის კომპანიაა, რომელიც დადასტურებული ნავთობის მარაგების მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ხოლო ნავთობპროდუქტების წარმოების მიხედვით მე-6 ადგილს იკავებს. “ლუკოილის” ნავთობმომპოვებელი ჭაბურღილები, გადამამუშავებელი ქარხნები და ბენზინგასამართი სადგურები განთავსებულია რუსეთში, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის, ამერიკის, აზიისა დადასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

 

“ლუკოილ ჯორჯიას” 100%-იანი წილის მფლობელია ნიდერლანდებში 1998 წელს რეგისტრირებული კომპანია “ლუკოილ ევროპა ჰოლდინგს ბი.ვი”. კომპანიის დირექტორია საქართველოს მოქალაქე ზაზა ქათამაძე. “ლუკოილ ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები 2005 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით არიან რუსეთის მოქალაქეები- სერგეი ფედორცოვი და ვალერი გოლოვუშკინი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი ასევე რუსეთის მოქალაქე ფიკრეტ ალდაჯან ოგლია. 2005 წლის შემდეგ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში აღნიშნული მონაცემები არ შეცვლილა.


“საერთაშრისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ტენდერების მონიტორის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიხედვით, “ლუკოილ ჯორჯიას” 2011-2013 წლებში მონაწილეობა მიღებული აქვს 33 სახელმწიფო
ტენდერში, რომელიც საწვავის შესყიდვის მიზნით იყო გამოცხადებული, აქედან 30 ტენდერში გაიმარჯვა . მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულება 99 624 777 ლარია.

 

„პეტროკას ენერჯი ლიმიტედი“ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა, რომელიც ახორციელებს საწვავის ექსპორტს ევროპიდან და აწვდის საქართველოში მოქმედ ბენზინგასამართი სადგურების სხვა ქსელს. კომპანიის წარმომადგენლთა თქმით, “პეტროკას ენერჯი ლიმიტედი” საქართველოში ფლობს ფოთის ნავთობტერმინალებს, ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, თუმცა, აღნიშნული მფლობელობა საქართველოს საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული. გარიგებები
ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების საშუალებით ხორციელდება.

 

მადნეული

 

RMG Gold და RMG Copper ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიები არიან, რომელთა ერთადერთი მფლობელი ოფშორულ ზონაში, ნიდერლანდებში რეგისტრირებული Rich Metals Group-ია. მისი მფლობელები კი რუსი მილიარდერები, დმიტრი ტროიცკი და დმიტრი კორჟიევები არიან.

 

დმიტრი ტროიცკი „ფორბსის” 2015 წლის მონაცემებით , რუსეთის ყველაზე მდიდარ ბიზნესმენებს შორის 135-ე ადგილს იკავებს, ის მეგობარ დმიტრი კორჟევთან ერთად რუსეთში ბიზნესს 1993 წლიდან აწარმოებს. ისინი არიან სადილერო კომპანია “მეგა ავტოს”
მფლობელები. აღნიშნული კომპანია რუსეთში BMW-ს, “ფოლკსვაგენის”, “აუდის”, “ჰიუნდაისა” და სხვა ბრენდების ავტომობილებს ყიდის. გარდა ამისა, კორჟევი და ტროიცკი რუსეთში ჰიპერმაკეტების ქსელ “ო’ქეის” ფლობენ. მათ მიერ დაარსებული წვენების
მწარმოებელი კომპანია “მულტონი” “კოკა-კოლამ” 2005 წელს 500 მილიონ აშშ დოლარად იყიდა.


 კომუნიკაცია


კავშირგაბმულობის კომპანია “მობიტელი” საქართველოში 2007 წელს “ბილაინის” ბრენდით შემოვიდა. კომპანია რუსული „ვიმპელკომის“ ჯგუფის წევრია.

რუსეთის მოქალაქეების ხელშია სს “ელმავალმშენებელი” – მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების მწარმოებელი. 

ელმავალმშენებლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში რუსეთის მოქალაქეები 2005 წლიდან ჩნდებიან, როდესაც რუსულმა Dema Compiuters-მა აქციათა 51% შეიძინა. 36% ზურაბ ცინცაძეს, 12,76% კი საწარმოთა მართვის სააგენტოს დარჩა. სამეწარმეო რეესტრში დაცული დაკომუნეტებიდან არ ჩანს, რა თანხად იყიდა საკონტროლო პაკეტი Dema Computers-მა.

 

ბანკები

 

“ვითიბი ბანკი ჯორჯია” ყოფილი გაერთიანებული ქართული ბანკია. ეროვნული ბანკისთვის 2014 წელს წარდგენილი მონაცემებით, “ვითიბი ბანკი ჯორჯიას” აქციათა 96.81%-ს რუსული ღსს “ვითიბი ბანკი” ფლობს. ამ უკანასკნელის აქციების 58.99%-ის მფლობელი რუსეთის სახელმწიფოა. რუსული “ვითიბი ბანკი” რამდენიმე ათეულ საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციას ფლობს ევროპისა და აზიის ქვეყნებში. საქართველოში არსებული „ვითიბი ბანკიც“ მათ შორისაა.

„გაერთიანებული ქართული ბანკის“ აქციები რუსულმა “ვითიბიმ” 2005 წელს შეიძინა. კომპანიის რებრენდინგი 2006 წლის დეკემბერში განხორციელდა, შეიცვალა სახელწოდება და “ვითიბი ბანკი” ეწოდა.


ყველაზე მსხვილი ინვესტიციები რუსეთიდან 


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს რუსეთიდან ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა შემდეგ კომპანიებში: შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“, შპს „მობიტელი54“, შპს „ენერგია55“, შპს „ჯლს“, შპს „კარლსბერგ საქართველო“, შპს „ელექტრონი“, შპს Club-2100, შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ“, შპს ELITE DEVELOPMENT, შპს „ემბავუდ ჯორჯია“. 2013 წელს ამ სიაში შედიოდა „ტიფლისკი ვინნიპოგრებ“, „სტრომოსი“ და „ტრიდე“.


კვლევა “რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში” www.damoukidebloba.com -ზე სრულად გამოქვეყნდება.


კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მთავრობამ უნდა იმუშაოს, რათა რუსული კაპიტალის წილი ქართულ ბიზნესში აღარ გაიზარდოს.  


მასალების გადაბეჭდვის წესი