სომხეთის საინფორმაციო სააგენტო news.am-ის ცნობით, კომპანია “კარფურში” განმარტეს, რომ ისინი არ ახდენენ შაქრის საქართველოდან სომხეთში იმპორტს:
“ჩვენმა გათვლებმა აჩვენა, რომ იმპორტის შემთხვევაში შაქრის თვითღირებულება იმაზე მაღალი იქნებოდა, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ მას ადგილზე შევიძენდით. ამიტომაც კომპანიისთვის უფრო მომგებიანია განახორციელოს შაქრის საბითუმო შესყიდვები სომხეთში და შემდეგ გადაყიდოს ის. ჩვენი კომპანია თავისუფალია ფასთა წარმოების პოლიტიკის საკითხში,” – განმარტეს კომპანიაში.
რაც შეეხება უფრო დაბალ ფასს შაქარზე “კარფურის” სუპერმარკეტში საქართველოში, ამ საკითხზე კომპანიის ხელმძღვანელობამ სომხეთში აღნიშნა, რომ საქმე ეხება პროდუქციის ხარისხში სხვაობას: “შაქარი, რომელიც იყიდება სომხეთში, უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე შაქარი, რომელიც იყიდება საქართველოში”.
Arminfo-ს ცნობით, სომხეთის ეკონომიკური კონკურენციის დაცვის სახელმწიფო კომისიამ მიიღო ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურიდან, რომლის მიხედვითაც 2015 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 1 კგ შაქრის საშუალო საცალო გასაყიდი ფასი იყო 1.54 – 1.58 ლარი, რაც სომხეთის ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენს 350 – 360 დრამს. ამავე პერიოდში, სომხეთის მედიის ცნობით, სომხეთში შაქრის ფასი იყო 350-369 დრამი. ამასთან შედარებით იაფად შაქარი საქართველოში მხოლოდ “კარფურის” ქსელში იყიდებოდა.
სომხეთის მედიაში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით “ნეტგაზეთმა” “კარფურის” საქართველოს ოფისს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიმართა შესაბამისი შეკითხვებით, რაზეც პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ იგი არის Carrefour-ის ერთ-ერთი აქციონერი, ხოლო 2013 წლის დეკლარაციაში აღარ ფიგურირებს ეს ინფორმაცია.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |





