სადაკათ ალიევა უკვე 20 წელია ფერმერულ მეურნეობას ეწევა. ადრე ბამბა მოყავდა და, როგორც იხსენებს, მოსავალიც კარგი ჰქონდა და რეალიზაციაც. თუმცა მოგვიანებით ბამბის ფასი ძალიან დაეცა და იძულებული გახდა, რომ მისი წარმოება შეეწყვიტა.
“დილიდან საღამომდე ვმუშაობდით პლანტაციაში, მაგრამ ბოლოს ერთ კილოგრამ ბამბაში მხოლოდ 10 კაპიკი (დაახლოებით 10 ცენტი) გადაგვიხადეს, რაც ძალიან დაბალი ფასი იყო და ამიტომაც შევეშვით ბამბის მოყვანას,” – იხსენებს სადაკათ ალიევა.
ახლა მას ბოსტნეულის სათბურები აქვს, ძირითადად, წიწაკა, კომბოსტო და კიტრი მოჰყავს. ამბობს, რომ მოსავალი კარგი აქვს, მაგრამ შრომის პირობები მძიმეა.
“საჭიროა დიდი მოთმინება და უნდა შეგეძლოს მაღალ ტემპერატურას გაუძლო. თუმცა, ყველა სირთულის მიუხედავად, კარგია ფერმერულ მეურნეობაში საქმიანობა, თუკი მოსავალს მისაღებ ფასად გაყიდი”, – ამბობს სადაკათ ალიევა.
არიფ მეჰდიევი ბარდას რაიონში ცხოვრობს. ის მცირე ფერმერია. აქვს 5 ჰა მიწის ნაკვეთი და 22 სული მსხვილფეხა საქონელი. მიწის ნახევარზე სამყურა აქვს დათესილი, რომელსაც ცხოველთა საკვებად იყენებს. მეორე ნახევარზე კი – ხახვი. ბარდაში სეზონზე ბევრი ფერმერი თესავს ხახვს, რადგან მოსავალიც კარგი მოდის და მასზე მყიდველის მოთხოვნაც მაღალია. ამის მიუხედავად, მეჰდიევი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლით ოჯახის რჩენა უჭირს:
“სამი შვილი მყავს, სამივე სტუდენტია და ამიტომ ჩვენს ოჯახს ძალიან უჭირს ფინანსურად”, – ამბობს ის. ამ პრობლემების მიუხედავად, არიფ მეჰდიევი საკუთარი მეურნეობის გაფართოებას აპირებს შეღავათიანი კრედიტით, რომლის მისაღებადაც განაცხადი უკვე წარადგინა.
აზერბაიჯანში ფერმერებისთვის სხვადასხვა სახის შეღავათია დაწესებული: მათთვის გამოყოფილია სუბსიდიები, გათავისუფლებული არიან ყველა სახის გადასახადისგან, გარდა მიწის გადასახადისა, სარგებლობენ შეღავათიანი კრედიტებით. ამის მიუხედავად, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 5.7%-ია.
მიმდინარე წლის 12 იანვარს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც 2015 წელი “სოფლის მეურნეობის წლად” გამოაცხადა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარება აზერბაიჯანის მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია:
“ჩვენ 100%-ით უნდა უზრუნველვყოთ საკუთარი თავი საკვები პროდუქტებით და უნდა ვეწეოდეთ ამ პროდუქტების ექსპორტს. არანავთობზე დამოკიდებული პროდუქტების ექსპორტის გარეშე აზერბაიჯანის ეკონომიკა ვერ გაიზრდება,” – განაცხადა 27 იანვარს ილჰამ ალიევმა სიტყვით გამოსვლისას კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნებოდა 2014-2018 წლების აზერბაიჯანის რაიონების სოციალ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პირველი წლის შედეგების განხილვას.
აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრი ჰეიდარ ასადოვი მსოფლიო ბანკის მონაცემებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში სოფლის მეურნეობა 31.8%-ით გაიზარდა, ხოლო აზერბაიჯანში – 48.9%-ით:
“ამავე პერიოდში საკვები პროდუქტების წარმოების ზრდამ მსოფლიოში შეადგინა 18%, ხოლო ჩვენს ქვეყანაში- 39%. გასულ წელს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების საერთო ღირებულებამ 5.2 მილიარდი მანათი შეადგინა,” – აცხადებს ასადოვი.
მინისტრის თქმით, აუცილებელია გაიზარდოს საკვები პროდუქტების წარმოება და შეიქმნას მარცვლეულის ფონდი, ასევე, მოგვარდეს აუთვისებელი მიწების პრობლემა და გაიზარდოს სოფლებში საჭირო ტექნიკის ხელმისაწვდომობა.
სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტი ვაჰიდ მაჰარამოვი ამბობს, რომ ქვეყნის აგრარული პოლიტიკა ფრაგმენტულია. მისი თქმით, ამ სფეროში სპეციალისტების კუთხით პრობლემებია, რადგან შემოსავლების სიმცირის გამო ამ სფეროს გამოცდილი კადრები ტოვებენ.
მაჰარამოვის თქმით, იმპორტირებული პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე გაცილებით იაფად იყიდება, ვიდრე ადგილზე წარმოებული, ამასთან, როგორც ექსპერტი ამბობს, სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი მონოპოლიზებულია:
“ფერმერები ვერ პოულობენ თავისუფალ ბაზარს. მონოპოლისტები ყველა პროდუქტის იმპორტირებას ახდნენ უფრო იაფად. ჩვენ გვაქვს ბამბის წარმოების განვითარების პოტენციალი, მაგრამ არ გამოგვდის. ჩვენ ვახდენთ ჩაის 95%-ის იმპორტს, იმის მიუხედავად, რომ გვაქვს პოტენციალი 100%-ით უზრუნველვყოთ საკუთარი ბაზარი. ჩვენ ვახდენთ შაქრის 97%-ის და მარცვლეულის 100%-ის იმპორტს”.
მაჰარამოვის თქმით, მებოსტნეობა ვითარდება, მაგრამ ამ სფეროშიც პრობლემებია, რადგან ქვეყანა ვერ აწარმოებს კონკურენტუნარიან პროდუქციას. მისივე განცხადებით, ამ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია ფერმერული კოოპერატივების ჩამოყალიბება.
“ჩინოვნიკები არ უნდა ისხდნენ დედაქალაქში. ისინი უნდა მუშაობდნენ ფერმერებთან ერთად, უნდა იცნობდნენ ახლოს მათ პრობლემებს. უნდა შეიქმნას ფერმერების ასოციაციები ბაზრისა და კრედიტის მიღების საკითხებთან დაკავშირებით”, – ამბობს ვაჰიდ მაჰარამოვი.
მისივე თქმით, ფერმერების საჭირო რაოდენობა, გამჭვირვალობა სუბსიდიების გაცემის საკითხში, თანამედროვე ტექნიკის ხელმისაწვდომობა, ფერმერთა კოოპერატივების შექმნა, ხარისხიანი პესტიციდებით უზრუნველყოფა და სხვა მსგავსი საკითხების გადაწყვეტა იქნება იმის მანიშნებელი, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი რეალურად ვითარდება.
| სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |
