ბრუნო ბალვანერას შეფასებით, ეს არის Fitch–ის მიერ რეიტინგის პერსპექტივის შემცირება და არა რანგირების:
” Fitch-მა რეალურად ასახა ის პროცესები, რაც ხდება. მაგრამ კარგი ამბავია, რომ შემცირდა რეიტინგის პერსპეტივა და არა თავად რეიტინგი. რეალობა არის ის, რომ საქართველო არის გარემოში, სადაც ხდება მნიშვნელოვანი ზეწოლა, რამაც განაპირობა დოლარის გამყარება მსოფლიოს სხვადასხვა ვალუტებთან და მოხდა ნავთობის ფასის შემცირება. ნავთობის ფასი შემცირდა რუსეთში და აზერბაიჯანში.”
ბრუნო ბალვანერას შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების მიმართ სწორი პოლიტიკა გაატარა:
“რაც შეეხება ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას, იყო სწორი სვლა რეზერვების ხარჯვის საკითხებზე. საქართველოსი იქნება რთული პერიოდი იმ ბიზნესებისთვის და მოქალაქეებისთვის, ვისაც სესხი აღებული აქვთ უცხოურ ვალუტაში.”
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურიდან სტაბილურზე დააბრუნა, ხოლო საკრედიტო რეიტინგი ‘BB-‘ შეუნარჩუნა.
Fitch-ის გადაწყვეტილება უპირველეს ყოვლისა იმ საგარეო შოკებმა განაპირობა, რომლებიც საქართველომ ნავთობის გაიაფებისა და სანქციების გამო რუსეთში ეკონომიკური ვარდნის შედეგად მიიღო.
„ვინაიდან ეს ეფექტი დსთ-ს სივრცის ყველა ქვეყანაზე გავრცელდა და, შესაბამისად, საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტა გაუფასურდა, ამან გავლენა იქონია საქართველოს ვაჭრობასა და ქვეყანაში ფულადი გზავნილების შემოდინებაზე: ექსპორტი მკვეთრად დაეცა, ხოლო ფულადი გზავნილები 25%-ით შემცირდა“ – ნათქვამია სარეიტინგო სააგენტოს ანალიზში.
Fitch-ის შეფასებით, საგარეო ფაქტორი საქართველოს მთავარ სისუსტედ რჩება, თუმცა სააგენტო დადებითად აფასებს ლარის მცურავ გაცვლით კურსს, რამდენადაც 30%-ით გაუფასურებული ვალუტა შოკების მიმართ მოქნილია.
მიუხედავად ამისა, სააგენტოს პროგნოზით, ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები, რომელთა მოცულობა მარტში 2.45 მილიარდი დოლარი იყო, 2015-2016 წლებში 2.5 თვის იმპორტის მაჩვენებელს ჩამოსცდება.
გარდა ამისა, Fitch-ი ვარაუდობს, რომ ექსპორტი წელს 20%-ით შემცირდება და მიუხედავად იმისა, რომ იმპორტი მცირდება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 14%-ს მიაღწევს, განსხვავებით შარშანდელი 9%-იანი მაჩვენებლისგან. გარდა ამისა, ვალუტის გაუფასურება გაზრდის საგარეო ვალის მოცულობასაც და ის მთლიან შიდა პროდუქტთან 58%-იანი პროპორციის ნაცვლად 80% იქნება მიმდინარე წელს, რაც ქვეყნის სამიზნე მაჩვენებლის ‘BB’ რეიტინგის ფარგლებში დადგენილ 15%-იან პროპორციას მნიშნვლოვნად აჭარბებს.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ის Fitch-ის პროგნოზითაც 2% იქნება მიმდინარე წელს. რაც შეეხება მთავრობის პოლიტიკურ კურსს, Fitch-ის შეფასებით, შრომით მიგრაციასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა ბიზნესს, რომელიც ისედაც განიცდის პროფესიონალი სამუშაო ძალის ნაკლებობას, პრობლემები შეუქმნა, თუმცა სააგენტო მოელის, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილი შესწორებები ამ სირთულეებს მოხსნის. ძირითადი ფაქტორები, რომელთა არსებობის შემთხვევაში Fitch-ი სიტუაციის გაუმჯობესებას ვარაუდობს, მთლიანი შიდა პროდუქტის მკვეთრი და მდგრადი ზრდაა ფისკალურ დისციპლინასთან კომბინაციაში, ასევე, საგარეო ვალის პროპორციის სტაბილიზაცია ექსპორტისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდასთან ერთად და დოლარიზაციის მნიშნვნელოვნად შემცირება.








