პროექტს Quadrum Property Group-ი ახორციელებს, რომელიც საქართველოში ოპერირებს მისი შვილობილი კომპანიის შპს: “CBD Development”- ის სახელით.
საინფორმაციო სააგენტო bizzone.info -ს ცნობით, CBD Development -ს ფლობს კომპანია Quadrum Global-ი, რომლის თანამფლობელებიც რუსი ოლიგარქები, მიხაილ ხოდორკოვსკი და პლატონ ლებედევი არიან.
CBD Development-ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გასართობ ცენტრ EastPoint Tbilis-ს აშენებს CBD Development-ი, ხოლო პროექტის ინვესტორია Quadrum Property Group-ი:
“შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სავაჭრო ცენტრი გაიხსნება სავარაუდოდ სექტემბერში. არანაირი შეხება არ გვაქვს რუს ოლიგარქებთან. პროექტის ინვესტორია Quadrum Property Group-ი, რომელიც არის ლონდონში დაფუძნებული და არის უამრავი კერძო ადამიანის ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტში ჩაიდო. ის, რომ პროქტს ხადარკოვსკი და ლებესდევი ახორციელებენ, სიმართლესთან არ არის ახლოს” – ამბობს პროექტის გაყიდვების მენეჯერი ნინი გორგოძე.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, CBD Development-ის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჰიდრანგეა ბ.ვ, ფლობს, რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული.
რეესტრის მონაცემებით, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ალექსანდერ კავკინი, (რუსეთის ფედერაცია); ოლეგ პავლოვი (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (თავმჯდომარის მოადგილე) და ტომას გიჟასი (ლიტვა).
სავაჭრო ცენტრში განთავსებული იქნება ჰიპერმარკეტი, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები, ყველაფერი რემონტისა და სახლისათვის (DO IT YOURSELF), ბავშვთა გასართობი ცენტრი (FEC- Family Entertainment Center), მულტიპლექსი 10 სტანდარტული და ერთი IMAX ტექნოლოგიით აღჭურვილი დარბაზით, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების 150-ზე მეტი მაღაზია და კვების ობიექტები.
პროექტ EastPoint Tbilisi-ის საინვესტიციო ღირებულება 90 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. დღევანდელი დღის მდგომარეობით, გაქირავებულია სავაჭრო და გასართობი ცენტრის 75%. პროექტის ფარგლებში იგეგმება 3,000-მდე ადამიანის დასაქმება
უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდი Quadrum Propery Group-ი მართავს 1.3 მილიარდი დოლარის კაპიტალს, რომელიც გადანაწილებულია სხვადასხვა უძრავ ქონებასა და საინვესტიციო ფონდებში. სათაო ოფისი მდებარეობს ლონდონში, ასევე ოფისები გახსნილი აქვს ჰონკონგში, შანხაიში, პეკინში, მოსკოვში, კიევსა და თბილისში.
Quadrum Property Group-ი საქართველოში მეორე საინვესტიციო პროექტსაც ახორციელებს, Tbilisi Gardens – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, ასათიანის ქ. #10-ში (შპს BD Property).
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, BD Property -ის 100%-ს კომპანია “ნენტალ ჰოლდინგ ბ.ვ.” ფლობს, რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორია ტომას გიჟასი, რომელიც ამავდროულად CBD Development-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
კომპანია Quadrum Global-ის ვებგვერდზე იძებნება ინფორმაცია პროექტ Tbilisi Gardens-ის შესახებ, რომელსაც აღნიშნული კომპანია ახორციელებს.
“ეს პროექტი არ არის კავშირში CBD Development-თან, ამ პროექტს სხვა კომპანია ახორციელებს. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის პირველი თაუერის მშენებლობა 18 თვეში დასრულდება და საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარია” – განუცხადა “ნეტგაზეთს” EastPoint Tbilisi -ის გაყიდვების მენეჯერმა ნინი გორგოძემ.
